2 0 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ტექნოლოგიები

როგორ უნდა გავიგოთ მართვის მოწმობაზე დარიცხული ქულების შესახებ

მობილური აპლიკაცია „SAGENSY”-ისა და მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდის მეშვეობით, მოქალაქეები მართვის მოწმობაზე დარიცხული ქულების შესახებ ინფორმაციას მიიღებენ.

შსს-ს მომსახურების სააგენტომ, მართვის მოწმობის ქულათა სისტემის შესახებ მოქალაქეთა მაქსიმალურად ინფორმირების მიზნით, ახალი ტექნოლოგიური და სოციალური პროექტები დანერგა.

პრეზენტაცია ინოვაციური სერვისებისა და ახალი პროექტების შესახებ დამსწრე საზოგადოებას შსს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორმა, ნიკა გელაშვილმა წარუდგინა.

ახალი მობილური აპლიკაცია „SAGENSY”-ის მეშვეობით, მოქალაქეები მიიღებენ ინფორმაციას მართვის მოწმობაზე დარიცხული ქულების შესახებ. ამავე აპლიკაციის დახმარებით, მათ საშუალება ექნებათ, სახლიდან გაუსვლელად, უმოკლეს დროში ისარგებლონ სააგენტოს სერვისებით, სხვადასხვა ცნობის ასაღებად შეავსონ განაცხადი, მართვის მოწმობის თეორიული გამოცდისთვის მოემზადონ, ასევე, მოიძიონ და დაჯავშნონ ავტომობილის მათთვის სასურველი სახელმწიფო სანომრე ნიშანი.ინფორმაცია მართვის მოწმობაზე დარიცხული ქულების შესახებ მძღოლებს ასევე შეუძლიათ მიიღონ შსს-ს მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდის „SA.GOV.GE”-ს მეშვეობით. განახლებული ვებ-გვერდით უახლოეს მომავალში ყრუ და სმენადაქვეითებული პირებიც ისარგებლებენ. ინოვაციური სერვისი ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საჭიროებებზე. დაგეგმილი სიახლის მიხედვით, ყრუ და სმენადაქვეითებული პირები, სახლიდან გაუსვლელად, ვიდეოზარის საშუალებით შეძლებენ, დაუკავშირდნენ მომსახურების სააგენტოს ჟესტური ენის მცოდნე თანამშრომელს, რომელიც მათ სააგენტოს სერვისების შესახებ კონსულტაციას გაუწევს.


პრეზენტაციას შს მინისტრის მოადგილე დავით ვარდიაშვილი, „სოლიდარობის ფონდის“ ბენეფიციარები, საქართველოს ყრუთა კავშირის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

საქართველოს ყრუთა კავშირის წარმომადგენლებმა მომსახურების სააგენტოს ჟესტური ენის მცოდნე თანამშრომლებს შესაბამისი სერთიფიკატები გადასცეს.

ღონისძიებაზე შსს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორმა, ნიკა გელაშვილმა „სოლიდარობის ფონდთან“ თანამშრომლობის ორი წლის ანგარიშიც წარადგინა. მომსახურების სააგენტოს პროექტის - „გავერთიანდეთ, სიკეთე გადამდებია“ - მეშვეობით, ფონდში 100000-ზე მეტი ლარის ოდენობის თანხა გადაირიცხა. ნიკა გელაშვილს „სოლიდარობის ფონდმა“ მხარდაჭერისთვის მადლობის სიგელი გადასცა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები