0 1 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

4 შვილის დედა, ხატმწერი თეა გორდელაძე გარდაიცვალა: „ბოლო 40 დღე იშიმშილა და სრულიად განწმენდილი წარდგა უფლის წინაშე...“

საქართველოს ეროვნული აკადემიის საპატიო აკადემიკოსი ოთარ ნიკოლაიშვილი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს – მძიმე ავადმყოფობის შედეგად, გარდაიცვალა 4 შვილის დედა თეა გორდელაძე, რომელიც ხატმწერი და საგალობლების ავტორი გახლდათ.

„მძიმე ავადმყოფობის შემდეგ (შობის მარხვის პირველ დღეს), გარდაიცვალა წინამდებარე ხატის – "თანალმობის” შექმნის ავტორი: თეოლინა (თეა) გორდელაძე. მას ბევრი საგალობელიც აქვს შექმნილი. სამწუხაროდ, არ დასცალდა ამ ხატის პარაკლისის შექმნა. სურდა, ეს საკმაოდ დიდი ზომის ხატი, დაბრძანებულიყო ეკლესიაში, სადაც კვირაში ერთხელ ჩატარდებოდა ამ ხატის პარაკლისი (ხმოვან ჩანაწერში აღნიშნული მითითებით).

სიწმინდის და ყველა წმინდანის მოყვარულს, გამორჩევით უყვარდა წმინდა მამა გაბრიელი და ეს ამ ხატიდანაც იგრძნობა.

თეოლინა (ოთხი საუკეთესო შვილის დედა), იყო უსაზღვროდ მოწყალე, არა მხოლოდ მისი მეგობრებისა და ახლობლების მიმართ, არამედ უცხო გაჭირვებულ ადამიანთა მიმართაც. პირადად ჩემს ოჯახს მუდამ შეეწეოდა, განსაკუთრებით პატარა მარიამ-მარგალიტს. მისი დიდი ბუნების, ნამდვილი ქრისტიანობისა და საოცრად მოწყალე გულის შესახებ, მხოლოდ ერთ მაგალითს მოვიყვან: თეოლინა მეოთხე სტადიის სიმსივნეს ებრძოდა, როგორც ფიზიკურად, ასევე სულიერად. ის (შესაბამისი ყურადღებით) შეუთანხმდა მცხეთის სამთავროს მონასტერში მოღვაწე მამა მირიანს, ჯანმრთელობისთვის ჩატარებულიყო მის სახელზე შეკვეთილი წირვა. წირვის ჩატარებამდე ორი დღით ადრე გაიგო, რომ ჩემი მეუღლის მდგომარეობა დამძიმდა და გადაიყვანეს რეანიმაციაში. მან, თვითონ მძიმე მდგომარეობაში მყოფმა, ჩემთან შეთანხმების გარეშე, სთხოვა მამა მირიანს, რომ შეკვეთილი წირვა მის ნაცვლად ჩატარებულიყო ნანას სახელზე. ამის შესახებ, მე მხოლოდ მამა მირიანისგან გავიგე. ალბათ, ყველა დამეთანხმება, რომ ეს ურთიერთტვირთვის, უდიდესი სულიერობის და თანალმობის მწვერვალია.

ულამაზესი და წმინდა სულის ადამიანი, ჭვრეტდა რა მოახლოებულ, გარდაუვალ აღსასრულს, არ ინება ქიმიის გაკეთება. ბოლო 40 დღე იშიმშილა და სრულიად განწმენდილი წარდგა უფლის წინაშე.

ჩემი თავისებური მიდგომით ვიტყვი: მიუხედავად იმისა, რომ ნანა უკვე სამი თვეა, რაც იმ ქვეყნად წაბრძანდა და თითქოს მას ეკუთვნის თეოლინას მასპინძლობა, ვფიქრობ, თეოლინა თავისი შეუდარებელი მლოცველობით, ამ ქვეყნად მრავალი ტანჯვის გადატანით, აურაცხელი მოწყალებითა და განწმენდილი სულით, იქაც ყველას შემწე იქნება და აქ მყოფებსაც უფრო მეტად დაგვეხმარება.

ქრისტე ღმერთო, შენ აცხონე და ნათელში ამყოფე სული ახლად შესვენებულისა მხევლისა ღვთისა თეოლინასი(თეასი), ამინ“.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები