1 1 : 5 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

პრემიერი - არის ვერსიები, რომ ხანძრების გაჩენა შესაძლოა, იყოს გარკვეული დივერსიაც - არაფერია გამორიცხული, ვინაიდან ვიცით ქვეყნის შიგნით მოქმედი დესტრუქციული ძალების ბუნება

ძალიან ბევრ ადამიანს გაუჩნდა განცდა, რომ ხანძრები შესაძლოა, ზოგიერთი ადამიანის დაუდევრობით იყო გამოწვეული, ან შეიძლება ძალიან დიდი სიცხის გამო. არის ვერსიები, რომ შესაძლოა, იყოს გარკვეული დივერსიაც. არაფერი არ არის გამორიცხული, ვინაიდან ვიცით ქვეყნის შიგნით მოქმედი დესტრუქციული ძალების ბუნება და მათი ეს დივერსიული მიდრეკილებები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.

მისივე თქმით, გამოძიებამ ყველა მიმართულებით უნდა იმუშაოს და ყველაფერს შესაბამისი პასუხი უნდა გაეცეს.

„არაფერი არ არის გამორიცხული, ამიტომ გამოძიებამ ყველა მიმართულებით უნდა იმუშაოს. ყველა ვერსიაზე ამომწურავი პასუხი უნდა გასცეს და ვიცი, რომ ასეც იქნება,“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერმა ბოლო 10 დღეში ქვეყანაში გაჩენილ ხანძრებთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ საეჭვოა, ხანძარი ერთდროულად რამდენიმე რეგიონში გაჩნდა.

 

„ჩვენ ყველა ძალიან შეწუხებული ვართ. ბოლო 10 დღეა ხანძარს აქტიურად ვებრძვით. პრაქტიკულად ყველა რეგიონში იყო ხანძარი. მინდა აღვნიშნო, რომ საეჭვოც კი არის, რომ რამდენიმე რაიონში, რეგიონში ხანძარი ერთდროულად ჩნდებოდა, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ გომელაურის უწყებამ ეს კრიზისი ძალიან ეფექტიანად მართა. მოგეხსენებათ, ჩემი გადაწყვეტილებით, ჩართული იყო თავდაცვის ძალები. ყველას მინდა მადლობა გადავუხადო, ვინც ამ ძალიან მძიმე გამოწვევის პროცესში იყო ჩართული.

რა თქმა უნდა, ჩვენმა მოქალაქეებმა კარგად იციან, რომ ხანძარი თავიდან ბორჯომში გავრცელდა, შემდეგ უკვე სხვადასხვა სოფელს, რაიონს გადაედო, მაგრამ თითქოს ყველგან პრაქტიკულად ლოკალიზებული-ლიკვიდირებულია. აქვე მინდა ჩვენ მეგობარ თურქეთის სახელმწიფოს და პირადად პრეზიდენტ ერდოღანს მადლობა გადავუხადო. როგორც კი მას დახმარების თაობაზე ჩვენი თხოვნა გადასცეს, მან იმავე წამს დავალება გასცა და სულ რაღაც 1 საათში ჰაერში იყო უკვე გამოშვებული სამი თვითმფრინავი. რა თქმა უნდა, ამას ძალიან ვაფასებთ და ამ დახმარებას ქართველები არ დავივიწყებთ,“ – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა მოქალაქეებს მეტი სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდა.

„აქვე მინდა მოვუწოდო ჩვენს მოქალაქეებს, უფრო მეტი სიფრთხილით მოვეკიდოთ ასეთ ვითარებაში. პრაქტიკულად, რამდენიმე კვირაა არც წვიმა მოსულა ქვეყანაში და ძალიან რთული ვითარებაა. თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ხანძრები მთელს ევროპაში არის მოდებული, ამერიკაშიც, ყველგან და ასეთ საკითხებს მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ,“ – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები