1 1 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"სახელმძღვანელოს აკლია მითითება, რომ სააკაშვილი არის კრიმინალი პრეზიდენტი, ასეთი ჩანაწერები აუცილებლად უნდა დაემატოს"- ირაკლი კობახიძე ისტორიის სახელმძღვანელოზე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მე-9 კლასის სიტორიის სახელმძღვანელოში ბიძინა ივანიშვილის მეცენატად და ქველმოქმედად მოხსენიება "უმარტივესი ფაქტის კონსტანტაციაა". 

"ბიძინა ივანიშვილი არის მეცენატი, ქველმოქმედი, ესეც არის უმარტივესი ფაქტის კონსტატაცია. ბიძინა ივანიშვილს 3 მილიარდი აქვს მარტო ქველმოქმედების სახით დახარჯული საქართველოში. იმ ადამიანებს, რომლებიც ჩადიოდნენ უამრავ დანაშაულს მათ შორის სწორედ კორუფციის და ყაჩაღობის კუთხით, ვფიქრობ სამ მილიარდ დოლარზე მეტიც აქვთ მთლიანობაში მიტაცებული, როგორც სახელმწიფოსგან, ასევე კონკრეტული ადამიანებისგან. ეს ადამიანები და მათი კუთვნილი ტელევიზიები დღეს აგებენ პროპაგანდას იმ ადამიანის წინააღმდეგ, რომელსაც 3 მილიარდი დოლარი თავისი ფული აქვს დახარჯული მარტო ქველმოქმედებაში. ესეც არის მორიგი მცდელობა, რომ სიმართლე თავდაყირა დააყენონ, თუმცა საზოგადოება ბუნებრივია, დაინახავს ყველაფერს", - თქვა კობახიძემ.

"ქართული ოცნების" თავჯდომარის აზრით, მე-9 კლასის სახელმძღვანელოს აკლია მითითება, რომ "მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის პირობებში 9 წლის განმავლობაში საქართველოში ავტორიტარული რეჟიმი იყო ჩამოყალიბებული".

"ერთი რამ ნამდვილად აკლია ამ სახელმძღვანელოს, აკლია მითითება, რომ სააკაშვილის რეჟიმის პირობებში, ცხრა წლის განმავლობაში, საქართველოში იყო ჩამოყალიბებული უმძიმესი ავტორიტარული რეჟიმი, რომლის შედეგები იყო ადამიანის უფლებების სისტემური ხელყოფა, ადამიანების მიმართ არაადამიანური მოპყრობა, ბიზნესის რეკეტი, ადამიანებზე ზეწოლა და ა.შ. ეს ყველაფერი ნამდვილად აკლია ამ სახელმძღვანელოს. ვფიქრობ, მომავალში ეს ყველაფერი სახელმძღვანელოში არის შესატანი. ასევე, აკლია მითითება, რომ მიხეილ სააკაშვილი არის კრიმინალი პრეზიდენტი, რომლის დანაშაული აღიარებული იქნა ქართული მართლმსაჯულების მიერ. ვფიქრობ, ასეთი ჩანაწერები ამ სახელმძღვანელოს აუცილებლად უნდა დაემატოს, ეს იქნება მარტივი ფაქტების კონსტატაცია", - თქვა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები