1 3 : 4 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

ბასიანი მოსკოვში დაგეგმილ ღონისძიებას აუქმებს

საზოგადოების ნაწილის პროტესტის შემდეგ კლუბი ბასიანი რუსეთში დაგეგმილ ღონისძიებას აუქმებს. კლუბმა ღონისძიების გაუქმების შესახებ განცხადება გაავრცელა.
"საკლუბო სცენას და რეივ-კულტურას ყოველთვის ჰქონდა უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური დატვირთვა უსამართლო და რეპრესიული სისტემის წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩვენ ამის არაერთი მაგალითი გვახსოვს არამხოლოდ მსოფლიოს, არამედ საქართველოს უახლოესი წარსულიდან.

12-13 მაისის მოვლენებმა ნათლად გვანახა, რომ სახელმწიფო სისტემაც კი უძლურია საერთო იდეებისა და ღირებულებების გარშემო გაერთიანებული თავისუფალი ადამიანების წინაშე. ჩვენი ერთობლივი ცეკვა და ბრძოლა სამაგალითოდ იქცა მსოფლიოს არაერთი ქვეყნისთვის, არაერთ ახალ საპროტესტო ტალღას დაუდო საფუძველი და ამ სცენას პოლიტიკური მნიშვნელობა დაუბრუნა. ამაში უდიდესი წვლილი პირველ რიგში სწორედ ჩვენს მოცეკვავეებს მიგიძღვით და იმ ნდობასა და სოლიდარობას, რაც ერთმანეთს გამოვუცხადეთ.

სწორედ 12 მაისის მოვლენები გახდა მთავარი მიზეზი იმისა, რომ მსოფლიოს მასშტაბით უამრავმა ქალაქმა გამოგვიცხადა სოლიდარობა. პეკინი, ამსტერდამი, პულა, ბერლინი.. - ეს ის ქალაქებია სადაც უახლოეს მომავალში გაიამრთება BASSIANI-ის შოუქეისები. საკლუბო ღამეების მთავარი მესიჯები კი უცვლელია - ცეკვა თავისუფლებისთვის.

15 სექტემბერს, მოსკოვში, REDBULL MUSIC ACADEMY-ის ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი ღამე RESISTANCE IN MUSIC WITH BASSIANI RESIDENTS - სწორედ ამ შინაარსის მატარებელი იყო. ის მოსკოვის ანდერგრაუნდ კლუბში, GASGOLDER-ში დაიგეგმა და ორგანიზატორების გულწრფელი სურვილი გახლდათ, რომ წინააღმდეგობრივი შინაარსის მქონე ღამის ჰედლაინერად სწორედ BASSIANI / HOROOM-ის რეზიდენტები მიეწვიათ, როგორც სისტემასთან ბრძოლისა და გამარჯვების სიმბოლო.

“თქვენ მოიგეთ ის ბრძოლა, რომელიც ჩვენ წავაგეთ. ამიტომ გვსურს თქვენი მოწვევა აქ” - მოგვწერეს ორგანიზატორებმა, რომლებიც არაერთხელ ყოფილან რუსეთისა და პუტინის რეპრესიული რეჟიმის მსხვერპლი. შეგახსენებთ, მოსკოვში არაერთი კლუბი დახურეს ზუსტად იმ მეთოდებით, რა მეთოდებითაც სცადა BASSIANI-ის დახურვა ჩვენმა ხელისუფლებამ.

სწორედ ამიტომ, ჩვენთვის სრულიად გასაგებია ფესტივალის წარმომადგელების სურვილი, შეძლებისდაგვარად დაუბრუნონ წინააღმდეგობრივი მნიშვნელობა ადგილობრივ საკლუბო სცენას. სოლიდარულები ვართ მათი ამ სურვილის მიმართ და ვგულშემატკივრობთ ყველას, ვინც თავის მხრივ ცდილობს უსამართლო სისტემის გარდაქმნას. ფესტივალის პრომოუტერები ჩვენთან ერთად იდგნენ 12-13 მაისის მოვლენების დროს და იზიარებენ ყველა იდეასა და ღირებულებას, რის გარშემოც ვართ გაერთიანებულნი.

ჩვენს გულწრფელ სურვილს მონაწილეობა მიგვეღო წინააღმდეგობრივი შინაარსის ღამეში, არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა ერთგული მხარდამჭერების, მეგობრებისა და საზოგადოების მხრიდან. ჩვენ სრულად ვიაზრებთ იმ გულისტკივილს, რაც თანამოქალაქეებმა გამოხატეს კლუბის მიმართ. ვიაზრებთ იმასაც, რომ ეს ღამე საქართველოს ისტორიისთვის უმძიმეს დროს, აგვისტოს ომის 10 წლისთავის დღეებში დაანონსდა, რამაც ცხადია გაამძაფრა მოქალაქეთა გულისტკენა. გულწრფელი საზოგადოებრივი პროტესტის გათვალისწინებით ჩვენმა გუნდმა მიიღო ღონისძიების გაუქმების გადაწყვეტილება, იმ ღონისძიების, რომელიც უნდობლობის გამო ანგარიშსწორებისა და დაპირისპირების იარაღად იქცა.

ხაზს ვუსვამთ, რომ ეს ღამე არ იყო ჩაფიქრებული რიგით მუსიკალურ გასართობ ღამედ. ამიტომ მიგვაჩნია, რომ მისი გაუქმების გადაწყვეტილება არის არა უკან დახევა ან ეჭვის შეტანა საკუთარი ქმედების ლეგიტიმურობაში, არამედ საპროტესტო ფორმის ცვლილება. ჩვენი მთავარი ამოცანა ამ ფესტივალში მონაწილეობითაც და მისი გაუქმებითაც იყო, არის და იქნება საერთაშორისო სცენაზე ჩვენი პროტესტისა და სათქმელის გატანა.

BASSIANI / HOROOM პოლიტიკური შინაარსის მატარებელი მოძრაობაა. დაფუძნების დღიდან ჩვენი მიზანი სწორედ დაჭაობებული პოსტ-საბჭოთა მემკვიდრეობის წინააღმდეგ გალაშქრება იყო, რომელსაც უწყვეტად აგრძელებს დღევანდელი რუსეთი და პუტინის რეჟიმი. საზოგადოებაში უთანასწორობის, ზიზღის, სიძულვილისა და აგრესიის გაღვივება მათი ბრძოლის მთავარი მეთოდია. ამიტომ არ გაგვკვირვებია, რომ 12 მაისის დარბევამდე BASSIANI-ის წინააღმდეგ მიზანმიმართულ კამპანიას სწორედ პრორუსული რეგრესული ძალები ახორციელებდნენ. ჩვენ მომავალშიც უკომპრომისო ბრძოლას ვაპირებთ მათთან ერად, ვინც ამ ღირებულებებს იზიარებს. ტექნო მუსიკა ჩვენი საერთო პროტესტის ენაა და ჩვენი სათქმელიც - საერთოა.

სოლიდარობას ვუცხადებთ ყველა იმ მოცეკვავეს, რომლებსაც გულწრფელად სურთ წინააღმდეგობრივი შინაარსი შესძინონ ადგილობრივ სცენას და წარმატებებს ვუსურვებთ მათ ამ ბრძოლაში.

რაც მთავარია, მადლობას ვუხდით ჩვენსმხარდამჭერებს, თითოეულ ადამიანს, ვისაც ყოველთვის სჯეროდა და სჯერა ჩვენი საერთო ხედვების, არასდროს შეგვპარვია ეჭვი, რომ ჩაგვრისა და უსამართლობის წინააღმდეგ ერთობლივ, სოლიდარულ ბრძოლას ყოველთვის აქვს შედეგი.

...საქართველოს ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რის გამო საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი მოწყვეტილია საკუთარ სახლებს. ჩვენი ხმა მსოფლიომ უნდა გაიგოს - არა ოკუპაციას."

კომენტარები

მსგავსი სიახლეები