1 8 : 5 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„პოლიციის ქალაქში“ ბინას ათასამდე პოლიციელი მიიღებს, თუმცა ის კრიტერიუმები, რომლითაც პოლიციელები შეირჩევიან, დადგენილი არაა. - " აი, ფაქტი"

ავტორი: ეთო მიდელაშვილი

“მყუდრო არის და რაღაც განსხვავებული, გზა აღარ გადის, ჩაკეტილი უბანი იქნება…ნამდვილად მაგარი გამოვა,” – ასე აღწერდა მომავალ “ქალაქს” შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური 5 მაისს, პრემიერთან საუბრისას, როცა ერთად ჩადეს კაფსულა ბინების საძირკველში და პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე (ჯიქიაზე) “პოლიციის ქალაქის” მშენებლობის დაწყება გვაუწყეს.

ეს ამბავი ირაკლი ღარიბაშვილმა შარშან გაზაფხულზე დააანონსა, ჩვენი ხალხისთვის თავგანწირული პოლიციელები ყველაფერს იმსახურებენო. წელს კი მინისტრმა გომელაურმა თქვა, ბინას 1000-მდე პოლიციელი მიიღებს, წახალისების მიზნითო.

აი, ფაქტის გამომძიებელი ჟურნალისტები დაინტერესდნენ, თუ როგორ წყდება, ვის წაახალისებენ ან რა დამსახურებისთვის, რატომ აშენებენ პოლიციელთა საცხოვრებლებს განცალკავებულ სივრცეებში და საზიანო ხომ არ იქნება ეს იზოლირება? რამდენს ვხარჯავთ ბიუჯეტიდან და როგორ ვარჩევთ მშენებელ კომპანიას? ეს ამბები მოვიკვლიეთ, მიგნებებს კი ამ სტატიით გიყვებით.

როგორი იქნება და სად შენდება “პოლიციის ქალაქი ” თბილისში?

“პოლიციის ქალაქის” პროექტისთვის 125 მილიონი ლარი და პოლიტკოვსკაიას ქუჩის #69-ში მდებარე 15 ჰექტარი ტერიტორია გამოიყო. ეს სატყეო და ნაწილობრივ საზოგადოებრივ-საქმიანი ზონაა. შსს-მ აიღო ვალდებულება, რომ მას საცხოვრებლის სტატუსს მიანიჭებს. ჯერჯერობით, ეს არ გაუკეთებიათ.

ტერიტორიაზე შვიდი კორპუსი აშენდება, მათგან ხუთი 12-სართულიანი, ორი კი 13-სართულიანი იქნება. ჯამში, პოლიციელებს 65-75 კვ.მ ფართობის 1,100 ბინას გადასცემენ. საცხოვრებელ კორპუსებთან ერთად, მოეწყობა გასართობი და სპორტული სივრცეებიც. მშენებლობის დასრულება კი 2025 წლისთვის იგეგმება.

პოლიციელებს ბინები შეღავათიან ფასად გადაეცემათ, 1 კვ.მ 300 ლარად, დანარჩენ ხარჯს კი მთლიანად სახელმწიფო დაფარავს. ბუნებრივია, რთულია გათვლა რა ეღირება ბინები პოლიტკოვსკაიაზე 2025 წლისთვის, ამიტომ ზოგადი წარმოდგენისთვის ახლანდელ მაჩვენებელს გთავაზობთ. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიხედვით, საბურთალოზე, 1 კვ.მ ახალაშენებული ბინა, 2023 წლის პირველ კვარტალში 3344 ლარი ღირდა.

პოლიციელებს ბინებს ჩააბარებენ მოწყობილი აივნებით, შესასვლელი ლითონის კარით, ამოყვანილი კედლებითა და ტიხრებით, მხოლოდ ლესვისა და მოპირკეთების გარეშე; ბინებამდე იქნება მიყვანილი ელ.ენერგიისა და წყალ-კანალიზაციის დგარები.

საქართველოს მთავრობა შსს-ს თანამშრომლებს ბინებს არც პირველად უშენებს და როგორც ჩანს, არც უკანასკნელად. ორი წლის წინ თბილისსა და რუსთავში “თეთრი კარკასის” ბინები გადასცეს 139 პოლიციელს. წელს კი პრემიერმა შსს-ს თანამშრომლები დააიმედა, ეს სიკეთე ერთჯერადი არ იქნება, “ქალაქს” მომავალშიც გავაშენებთო.

“ჩვენი სურვილი არის, რომ ეს თვითონ საკანონმდებლო დონეზეც იქნას გარანტირებული…ჩვენი ხელისუფლების ვალდებულებაა, ყველაფერი საუკეთესო გავუკეთოთ ჩვენს გმირ პოლიციელებს,”- თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა 5 მაისს.

შსს-ს და მთავრობას არც ადრე და არც ახლა განუმარტავთ, რა პრინციპით არჩევენ, რომელი პოლიციელი დასაჩუქრდეს. ამაზე პასუხის გაცემა შსს-სგან გვჭირდებოდა. საჯარო ინფორმაცია 14 ივნისს გამოვითხოვეთ, მაგრამ პასუხები ამ დრომდე არ მიგვიღია. კანონმდებლობით განსაზღვრული ვადის ამოწურვის შემდეგ, უწყება გვეუბნება, რომ ინფორმაციას სხვადასხვა დანაყოფიდან აგროვებენ.

შსს-მ გასული წლის ნოემბერში დაიწყო იმ კომპანიის შერჩევა, რომელსაც დაევალებოდა პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე, მომავალი “პოლიციის ქალაქის” ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟი, განაშენიანების გეგმის და არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის მომზადება, შემდეგ კი უშუალოდ მშენებლობა.

ტენდერს მხოლოდ ერთი მონაწილე ჰყავდა – შპს “ანაგი” და ბუნებრივია, მანვე მოიგო. გამარჯვებულ კომპანიას 125 მილიონი ლარის კონტრაქტი 21 დეკემბერს გაუფორმეს.

ამ კომპანიამ უნდა მოაწყოს ბინების აივნები, დამხმარე/სათავსო სივრცეები, ლიფტები და შშმ პირებზე მორგებული გარე ტერიტორიაც.

“ანაგი” “ქართული ოცნების” რჩეულ პროექტებში აქამდეც მონაწილეობდა. მაგალითად, ეს კომპანია იყო ჩართული“პანორამა თბილისის”, კერძოდ, თაბორის მთაზე სასტუმრო და გოლფ კლუბის მშენებლობაში. “ანაგს” კომერციული ხელშეკრულება აქვს გაფორმებული შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკთან, სადაც გიგანტური ხეები გადაიტანა, მათ შორის, სახელმწიფოსგან აუქციონზე ნაყიდი.

კომპანია 1989 წელს დარეგისტრირდა, სახელმწიფო შესყიდვებში კი 2011 წლიდან მონაწილეობს. “ანაგს” მხოლოდ გამარტივებული შესყიდვებით 2011-2023 წლებში მიღებული აქვს 237 მილიონი ლარის ხელშეკრულებები. ელექტრონული ტენდერით კი ერთი მილიარდი ლარის ღირებულების. შესყიდვების ნახევარზე მეტში “ანაგს” კონკურენტი არ ჰყავდა.

“ანაგის” ძირითადი დამკვეთია ბათუმის მერია, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, თბილისის განვითარების ფონდი და აეროპორტების გაერთიანება. კომპანიასთან ეროვნულ ბიბლიოთეკას თანამშრომლობის მემორანდუმიც აქვს გაფორმებული. მათ სწორედ “ანაგს” დაუკვეთეს ისტორიული პირველი კორპუსის რეაბილიტაციის სამუშაოები, კერძოდ მაჩაბლის დარბაზის აღდგენა.

კომპანიის დირექტორია ირაკლი გოგოლიშვილი, ასპროცენტიანი წილის მფლობელი კი ნანა აროშიძე. ამჟამად წილებს ნანას მეუღლე, ზაზა გოგოტიშვილი მართავს.

პოლიციის ქალაქი ჯიქიას ქუჩაზე

“ანაგის” ბიზნესის განვითარების დირექტორმა დავით ანდღულაძემ 2021 წელს “ქართულ ოცნებას” 50,000 ლარი შესწირა. მმართველ პარტიას თანხებს ურიცხავენ “ანაგის” მფლობელებისა და დირექტორების ბიზნესპარტნიორები და თანამშრომლებიც. გიორგი ჩიტაშვილმა, ბექა კიკალეიშვილმა და ლევან აროშიძემ “ოცნებას” 2016 – 2021 წლებში 43,000 ლარი ჩაურიცხეს.

“ანაგში” საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის დეპარტამენტის დირექტორია “ოცნების” დეპუტატ ბექა ოდიშარიას მეუღლე მარიამ გამცემლიძე.

“აი, ფაქტი” წარსულში იმის შესახებაც გიყვებოდათ, თუ როგორ დაგეგმა “ანაგმა” ორანჟერიის, საგამოფენო და საკონცერტო სივრცის მშენებლობა დიღმის ტყე-პარკში და როგორ შეუწყო ამაში ხელი მერიამ. ეს ყველაფერი აღნიშნული კომპანიის პრივილეგირებულობაზე აჩენს ეჭვებს.

“პოლიციის ქალაქი,” როგორც ჩაკეტილი უბანი

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის სიტყვებით აშკარაა, რომ იწონებენ პოლიციელთა საცხოვრებლის იზოლირებას და ჩაკეტილობას. მშენებელი კომპანია “ანაგი” ამბობს, პომპეზური მოსასვლელი ექნებაო, პრემიერი კი “საუკეთესო უბანს” უწოდებს.

გაგვიჩნდა კითხვა, რამდენად მართებულია, რომ პოლიციელები ერთ სივრცეში, დასახლებული პუნქტისგან განცალკავებით ცხოვრობდნენ. ვესაუბრეთ იურისტს და სოციოლოგს, რომ აეხსნათ, რა შეიძლება იყოს ამ ამბავში საფრთხილო და საზიანო.

ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” იურისტი ანანო ცინცაბაძე ფიქრობს, რომ არასწორია სოციალური პოლიტიკის ისე წარმართვა, რომ საცხოვრებელი სერვისი ცალკეულ ჯგუფზე იყოს მორგებული. მით უმეტეს, რომ საქართველოში საცხოვრებლის პრობლემაა და სახელმწიფოს არ აქვს მისი მოგვარებისთვის რაიმე სტრატეგია ან ხედვა. ზუსტად არც ის ვიცით, რამდენი უსახლკარო გვყავს და არც ის, ვის ვუწოდებთ უსახლკაროს.

მისი თქმით, არასწორია ისიც, რომ არ არსებობს მკაფიო კრიტერიუმები, თუ როგორ უნდა გადანაწილდეს სახელმწიფო დოვლათი და შესაძლოა “პოლიციის ქალაქის” იდეით, მთავრობა ერთი ჯგუფის ლოიალობის მოპოვებას ცდილობს.

“გეტოიზებული ან კონკრეტული ნიშნით გამორჩეული ჯგუფისთვის ცალკეული საცხოვრისები დაგმო საუკეთესო პრაქტიკის მქონე ევროპულმა ქვეყნებმა, მაგალითად, შვედეთმა, ჰოლანდიამ და პოლონეთმა. მიიჩნევა, რომ ეს არის გარიყვა, ან კონკრეტული ჯგუფისთვის პრივილეგიების მინიჭება… აქედან გამომდინარე, პოლიციისთვის უბნები არ არის სასურველი არც ქალაქგანვითარების, არც საცხოვრისის უზრუნველყოფის და არც პოლიციელების რეპუტაციის კუთხით, რომელიც საზოგადოებაში ისედაც შელახული აქვთ,”- აცხადებს სოციალური სამართლიანობის პროგრამის მენეჯერი ანანო ცინცაბაძე.

ირაკლი ღარიბაშვილი და ვახტანგ გომელაური უბნის დათვალიერებისას

“პოლიციის ქალაქის” იდეას არ იწონებს არც სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი. მისი თქმით, ერთი ჯგუფის მეორესგან გამოყოფა გაუცხოებას გამოიწვევს. გარდა ამისა, ეს მოდელი ეწინააღმდეგება ურბანულ პოლიტიკასაც, რომლის პრინციპიც სოლიდარობა და კომუნიკაციაა. მისი აზრით, ეს ჰგავს საბჭოურ პრაქტიკას, როცა ცალ-ცალკე შენდებოდა უბნები მხატვრებისთვის, ხელოვანებისთვის, მწერლებისთვის თუ არქიტექტორებისთვის.

მისი ვარაუდით, პრემიერის ეს ინიციატივა შესაძლოა წინასაარჩევნო გათვლა იყოს და რადგან პოლიცია ადმინისტრაციული რესურსის მნიშვნელოვანი ნაწილია, ხელისუფლება მის განმტკიცებაზე ზრუნავს.

“პოლიციელების ცალკე დასახლება წამგებიანია. პოლიციის მოვალეობაა, ჰქონდეს ურთიერთობა ფართო საზოგადოებასთან და სჯობს, ეს ურთიერთობა მათი სამეზობლოდან დაიწყოს. თუ სამეზობლოში მხოლოდ თავისნაირს ხედავს, მისი თვალსაწიერი, სოციალური კომუნიკაციის ჰორიზონტი ვიწროვდება… ჩვენ შევეჩვიეთ იმას, რომ ხელისუფლება პოლიციას იყენებს არა უბრალოდ სოციალური წესრიგის დასამყარებლად, არამედ თავისი მიზნების რეალიზაციისთვის… მე შენ თუ ბინას გიშენებ და გაძლევ, რაღაცნაირად ვალდებული ხარ ჩემ წინაშე, რომ იყო ჩემი ინტერესების დამცველი,” – ამბობს სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები