0 7 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

კულტურის სამინისტრომ ლაშა ბაქრაძე თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ ლაშა ბაქრაძე ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლა.

ამის შესახებ განცხადებას სამინისტრო ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ბაქრაძის, მიმართ ჩაატარა დისციპლინური წარმოება, რომელიც შეეხებოდა მიმდინარე წლის 3 სექტემბერს მის განცხადებას. საუბარია ბაქრაძის განცხადებაზე, როდესაც მან მმართველი პარტიის წევრთა მისამართით ფორმულირება „ნახმარი სახეები“ გამოიყენა.

„ფაქტებისა და გარემოებების შესწავლითა და ინფორმაციის ანალიზით დასტურდება, რომ ლაშა ბაქრაძემ ჩაიდინა დისციპლინური გადაცდომა, რაც გულისხმობს ზნეობრივ-ეთიკური ნორმების, ქცევის ზოგადი წესების უგულებელყოფას ან დარღვევას, არაეთიკურ საქციელს ან სხვა ქმედებას, რომელსაც შედეგად მოჰყვა დაწესებულების დისკრედიტაცია, მიუხედავად იმისა სამსახურშია იგი ჩადენილი თუ მის გარეთ“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

სამინისტროს განცხადებით, ლაშა ბაქრაძის 3 სექტემბრის განცხადება „ზიანს აყენებს მისი, როგორც ქართული ლიტერატურის მუზეუმის დირექტორის რეპუტაციას და ლახავს იმ მუზეუმის ავტორიტეტს, რომელიც გიორგი ლეონიძის სახელს ატარებს და მისიად ქართული კულტურის ინტერესების დაცვა აქვს განსაზღვრული“.

„ლაშა ბაქრაძის განცხადება ლახავს როგორც ამ განცხადების ადრესატთა, ასევე ქალთა სქესის ნებისმიერი წარმომადგენლის ღირსებას, რითაც სცილდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს; არის დისკრიმინაციული და ლაშა ბაქრაძის მხრიდან ეს პირველი შემთხვევა არ არის. პროფესიული დისკუსიების დროსაც კი ის გამოირჩევა მისთვის სხვა მხრივ მიუღებელი ქალების მიმართ სექსისტური განცხადებებით და ინტელექტუალიზმით შეფუთული უდიერი დამოკიდებულებით“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

სამინისტროს განცხადებით, ლაშა ბაქრაძე 5 სექტემბერს კულტურისა და სპორტის სამინისტროში იმყოფებოდა, სადაც მან ახსნა-განმარტებით ბარათში აღნიშნა, რომ „არასწორი სიტყვა“ გამოიყენა.

„ახსნა-განმარტების მიცემისას გამოირკვა, რომ ლაშა ბაქრაძემ წინა დღით, 4 სექტემბერს, განცხადებით მიმართა მუზეუმის დირექტორს (საკუთარ თავს) და გამოსცა დირექტორის ბრძანება N50, რომლითაც საკუთარი თავი შვებულებაში გაუშვა 5 ოქტომბრის ჩათვლით. შესაბამისად, დღეს გამოცემული ბრძანების თანახმად, ლაშა ბაქრაძე დირექტორის თანამდებობას აღარ დაიკავებს 6 ოქტომბრიდან“,- ნათქვამია განცხადებაში.

ლაშა ბაქრაძე ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორის თანამდებობაზე 2010 წლის 16 მარტს დაინიშნა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები