0 9 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დღეიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი, მათ შორის მეტროც ამუშავდა

დღეიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი, მათ შორის მეტროც ამუშავდა. მგზავრობისას აუცილებელი იქნება კონკრეტული წესების დაცვა, მათ შორის პირბადის ტარება.

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, გაკონტროლდება მეტროში, ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში მგზავრი პირბადის გარეშე რომ არ მოხვდეს. კალაძის თქმით, საპატრულო პოლიცია მეტროში პირბადის გარეშე მოქალაქეებს არ შეუშვებს.

მიკროავტობუსებში ფეხზე დგომა იკრძალება. ასევე, როგორც კახა კალაძე ამბობს, საზოგადოებრივ ტრანსპორტში არ იმუშავებს კონდიციონერი, რადგან ის ვირუსის გავრცელების ერთ-ერთი საფრთხეა.

დილიდან მეტროსადგურების შესასვლელთან გაკრულია სტიკერები, სადაც მითითებულია, რომ მოქალაქეები, რომლებსაც მეტროთი მგზავრობის სურვილი აქვთ, პირბადის გარეშე არ დაიშვებიან. მეტროს თანამშრომლები კი მოქალაქეებს დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებენ. ასევე პოლიციის მიერ ტერიტორია გაყოფილია ყვითელი ლენტით, სადაც გამიჯნულია შესასვლელ-გასასვლელი.

როგორც მეტროსადგურ „ტექნიკური უნივერსიტეტის“ უფროსი ზურაბ ტყეშელაშვილი საქართველოს პირველ არხთან აცხადებს, თანამშრომლებს სამუშაოს დაწყებამდე უტარდებათ თერმოსკრინინგი, აღჭურვილები არიან პირბადეებითა და სადეზინფექციო ხსნარებით. ტერიტორიაზე მობილიზებულები არიან საპატრულოს თანამშრომლები, რომლებიც მოქალაქეებს გააკონტროლებენ.

კორონავირუსის საწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, საზოგადოებრივი ტრანსპორტით – მეტროთი და ავტობუსებით გადაადგილება 30 მარტს აიკრძალა, ხოლო მიკროავტობუსების მომსახურება საქართველოს მასშტაბით 18 მარტიდან შეჩერდა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები