2 0 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

განზრახ მკვლელობის მომზადების ბრალდებით ირანის მოქალაქე დააკავეს

სოლოლაკში, ლორთქიფანიძის ქუჩაზე, სასტუმრო "იოტასთან" სპეცოპერაცია ჩატარდა. დაკავებულია ერთი პირი, რომელიც ირანის მოქალაქეა. ის დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ამოიღეს ხმალი და რამდენიმე აბი. ასევე, ამოღებულია დოკუმენტაცია.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის და მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ირანის რესპუბლიკის მოქალაქე 1964 წელს დაბადებული ა.პ., მოსამართლის განჩინების საფუძველზე, განზრახ მკვლელობის მომზადების ბრალდებით, თბილისში, ლერმონტოვის ქუჩაზე დააკავეს.

მის მიერ ჩადენილი დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა 5500 აშშ დოლარის სანაცვლოდ მოამზადა თბილისში მყოფი ირანის რესპუბლიკის მოქალაქის 1981 წელს დაბადებული ვ.ა.-ს მკვლელობა. ასევე დადგინდა, რომ თბილისში, ა.პ.-მ კონკრეტულ პირს, იარაღის შესაძენად თავდაპირველად თანხის ნაწილი გადაუხადა, ხოლო მას შემდეგ, რაც სისრულეში მოიყვანდა მიღებულ დავალებას, დანარჩენ თანხასაც მიიღებდა.


გამოძიება ანგარებით, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 18-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით,"-ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები