0 5 : 5 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

JCB-ს ახალი სადილერო ცენტრი რეგიონში – „თეგეტამ“ სომხეთში წარმომადგენლობა გააფართოვა

 

სომხეთის დედაქალაქში „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ, Tegeta Construcion Equipment- მა კავკასიის რეგიონში JCB-ს მასშტაბური სადილერო ცენტრი გახსნა. ბრიტანულ ბრენდს სომხეთის ბაზარზე Tegeta Construcion Equipment 2019 წლიდან წარმოადგენს და სამშენებლო და სპეციალური დანიშნულების ტექნიკით ამარაგებს. განვითარების მეორე ეტაპზე გადასვლამ კი განახლებისა და ცენტრის გაფართოების აუცილებლობა განაპირობა.

Tegeta Construcion Equipment-მა ერევანში ახალი კომპლექსის მშენებლობა ერთი წლის წინ დაიწყო. ახალი მასშტაბური სადილერო „თეგეტას“ და JCB-ს სტანდარტების სრული დაცვით აშენდა და მასში ერთ მილიონზე მეტი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. ის 1000 კვადრატულ მეტრს მოიცავს და შოურუმს, სერვისცენტრს, სასაწყობე ფართსა და საოფისე სივრცეს აერთიანებს.   

ახალი სადილერო ცენტრი ერევანში Tegeta Construcion Equipment-ის დირექტორმა „თეგეტას“ მენეჯმენტთან და JCB-ს რეგიონულ წარმომადგენელთან ერთად გახსნა.

გიორგი ბერიძე, Tegeta Construcion Equipment-ის დირექტორი: „მოხარულები ვართ, რომ მოგვეცა საშუალება და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან JCB-სთან ერთად გავხსენით ახალი, უმაღლესი კლასის მომსახურების კომპლექსი რეგიონში, რომელიც საშუალებას მოგვცემს, სომხეთის ბაზარზე ჩვენს მომხმარებელს კიდევ უფრო მაღალი დონის მომსახურება შევთავაზოთ. ღონისძიებაზე ახალი კომპლექსის, სერვისებისა და ტექნიკის პრეზენტაციის გარდა, საშუალება მოგვეცა, ჩვენი ძირითადი მომხმარებლებისთვის, რომელთა რაოდენობაც 500-ზე მეტია, კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიგვეწოდებინა, მადლიერება გამოგვეხატა და ახალი თანამშრომლობის გეგმებიც დაგვესახა.

2019 წლიდან სომხურ ბაზარზე ერთ-ერთი ძლიერი მოთამაშეები ვართ და შედეგს ყოველწლიურად ვაორმაგებთ. მაშინ, როცა 2021-ში ჩვენი შედეგი იყო 70 ერთეული ტექნიკის რეალიზება, 2022-ში შევძელით და გაყიდვების მაჩვენებელი 140 ერთეულს  მივუახლოვეთ. წელს ჩვენი ამბიციური და საკმაოდ რეალისტური გეგმაა, მივაღწიოთ 200 ერთეულამდე ტექნიკის რეალიზებას სომხეთში და ეს იქნება შედეგი, რომელიც ლიდერობის კიდევ უფრო გამყარების შესაძლებლობას მოგვცემს. მით უფრო, რომ სომხეთში ახლა სამშენებლო ბუმია და ჩვენი განახლებული კომპლექსი სრულად პასუხობს ბაზრის მოთხოვნებს“.

ერევანში, JCB-ს ახალი სადილერო ცენტრის გახსნის ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლებისა და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.  

სერგეი ხარიტონოვი, JCB-ს რეგიონული დირექტორი: „ჩვენთვის საამაყოა, რომ სომხეთში JCB-ს ახალი სადილერო სერვისცენტრი და შოურუმი გაიხსნა, სადაც შესაძლებლობა გვაქვს, ჩვენს მომხმარებლებს გაუმჯობესებული მომსახურება შევთავაზოთ. ამას „თეგეტას“ გარეშე ვერ მოვახერხებდით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სერვისცენტრი JCB-ს ყველანაირ სტანდარტს აკმაყოფილებს. მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, ადგილზე შეიძინონ JCB-ს სრული აღჭურვილობა, შოურუმში წარმოდგენილია ტექნიკის ფართო ასორტიმენტი, მათ შორის აგრარული ტექნიკაც, რომელიც ძალიან მოთხოვნადია სომხეთის ბაზარზე“.

JCB-ს ახალი მომსახურებისა და სადილერო ცენტრი, რომელიც სომხეთში გაიხსნა, მასშტაბური შოურუმით და გაზრდილი ასორტიმენტითაა წარმოდგენილი. უკვე არსებულს დაემატა სხვადასხვა ტიპის ტექნიკა, რომლებიც მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი იქნება ერთდღიანი მიწოდების პირობით, რაც ამ ეტაპზე ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია მომხმარებლებთან ურთიერთობაში.

JCB-ს 300-ზე მეტი ტიპის ტექნიკიდან, Tegeta Construcion Equipment კავკასიის რეგიონისთვის ადაპტირებულ ტექნიკაზე აკეთებს აქცენტს და მომხმარებელს გარემოზე მორგებულ ტექნიკას სთავაზობს. ასეთია კომპაქტური, ინდუსტრიული, სამშენებლო, საგზაო, საკარიერო და სასოფლო-სამეურნეო მანქანა-დანადგარები. ახალ შოურუმში კი ექსკავატორ დამტვირთველებს უკვე დაემატა ტელესკოპური დამტვირთველები, რომლითაც JCB ლიდერია მსოფლიო ბაზარზე.

ახალ მასშტაბურ კომპლექსში კიდევ უფრო მეტი ტექნიკის მიღება იქნება შესაძლებელი. სერვისს დაემატება მობილური ჯგუფები, რომლებიც მომხმარებელს მთელი სომხეთის მასშტაბით, ნებისმიერ ტერიტორიაზე, ადგილზე მოემსახურებიან.   

იმ პროდუქციის მიმართულებით, რომელსაც JCB აწარმოებს, Tegeta Construcion Equipment ლიდერია სომხურ ბაზარზე. ახალი სადილერო და სერვისცენტრი კი ამ პოზიციის გამყარების წინაპირობაა. კომპანია სომხეთთან თანამშრომლობის გაღრმავების პარალელურად, სამომავლოდ, კავკასიის რეგიონში კიდევ უფრო გაფართოებასაც გეგმავს.

--

„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია Tegeta Construction Equipment ბაზარზე 2007 წლიდან ოპერირებს. ის ბრიტანული უმსხვილესი სამშენებლო ტექნიკის ბრენდის, JCB-ს ოფიციალური დილერია კავკასიაში. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს სამშენებლო და საგზაო ტექნიკას სრული საგარანტიო მომსახურებით, ასევე ნებისმიერი სამშენებლო ტექნიკის სერვისსა და სათადარიგო ნაწილებს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები