0 7 : 4 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ომბუდსმენა კონსტიტუციური სარჩელი მოამზადა, რომელიც "ალტ ინფოს" პარტიის აკრძალვას ეხება

საქართველოს სახალხო დამცველი 2021 წლის 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ მოამზადა კონსტიტუციური სარჩელი, რომელიც შეეხება "კონსერვატიული მოძრაობის" აკრძალვას. 

"2021 წლის 5 ივლისს წინასწარ ორგანიზებულმა ჯგუფებმა თბილისში, სხვადასხვა ადგილზე, უამრავი მშვიდობიანი მოქალაქის მიმართ, ჯგუფურად იძალადეს.

ჟურნალისტებმა და მოქალაქეებმა სხვადასხვა ხარისხის ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღეს, ლგბტქ+ თემის წარმომადგენლებმა და მათმა მხარდამჭერებმა ვერ ისარგებლეს მშვიდობიანი შეკრება-მანიფესტაციის უფლებით, ჟურნალისტებსხელი შეეშალათ პროფესიულ საქმიანობაში, დაზიანდა და განადგურდა მოქალაქეების ქონებაც. მძიმე დანაშაულის ჩადენიდან ერთი წლის თავზე, დანაშაულის ორგანიზატორები არ დასჯილან და ახალ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში მონაწილეობენ.

სახალხო დამცველის სამართლებრივი შეფასებით, 2021 წლის 5 ივლისის ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის ამსახველი, საჯარო ვიდეომასალები თავისუფლად აღწევს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტს, რათა თუნდაც ზურაბ მახარაძის მიმართ დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით. თუმცა, 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენებიდან ერთი წლის გასვლის შემდგომაც კი, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისთვის სისხლისსამართლებრივი დევნა პროკურატურას არც ერთი პირის მიმართ არ დაუწყია. დევნა არ დაიწყო არც სპირიდონ ცქიფურიშვილის მიმართ, რომელიც ასობით ადამიანს ძალადობისკენ საჯაროდ მოუწოდებდა.

ამ დროისთვის, 5 ივლისის ჯგუფური ძალადობის ფაქტზე დაზარალებულად ცნობილია 53 პირი, სისხლისსამართლებრივი დევნა კი 27 პირის მიმართ დაიწყო. სახალხო დამცველის აპარატი ამჟამად სწავლობს ძალადობაში მონაწილე პირთა მიმართ გამოტანილ რამდენიმე გამამტყუნებელ განაჩენს. სახალხო დამცველმა არაერთხელ მოითხოვა საჯაროდ აღნიშნულ საქმის მასალებზე სრულად დაშვება და გაცნობა, თუმცა უშედეგოდ.

საზოგადოებას გვსურს შევახსენოთ, რომ ევროკომისიის მიერ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის ერთ-ერთ წინაპირობად სწორედ მოწყვლადი ჯგუფების დაცვა და მოძალადეებისა და ძალადობის ორგანიზატორებისადმი უფრო შედეგიანი მართლმსაჯულების განხორციელება არის.

5 ივლისის უკანონო ქმედებების და ფართომასშტაბიანი ძალადობის ორგანიზატორმა ჯგუფმა 2021 წელსვე შექმნა მოქალაქეთა პოლიტიკური პარტია. მათი მრავალი წინარე და შემდგომი განცხადება შეიცავს კონსტიტუციური წყობილების დამხობის ნიშნებს, აღვივებს სხვადასხვა ტიპის შუღლს, ახალისებს ძალადობას ან თავად შეიცავს ძალადობის ნიშნებს და წარმოადგენს ომის პროპაგანდას. სწორედ ამის გამო ჩვენს მიერ მომზადდა კონსტიტუციური სარჩელი, რომელიც შეეხება აღნიშნული პოლიტიკური პარტიის აკრძალვას.

ვინაიდან სახალხო დამცველს არ აქვს ამ საფუძვლით საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის უფლებამოსილება, სარჩელის პროექტი წარვუდგინეთ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის რამდენიმე უფლებამოსილ სუბიექტს და იმედს ვიტოვებთ რომ მათ მიერ მოხდება სამართალწარმოების ინიცირება სასამართლოში", - ნათქვამია განცხადებაში. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები