0 6 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"სახელმწიფო გადაწყვეტილებაა DRG, გამოსაცდელი პერიოდია და თუ რამე ხარვეზია, ყველაფერი გამოსწორდება" - ლევან რატიანი

“სახელმწიფო გადაწყვეტილებაა DRG, გამოსაცდელი პერიოდია და თუ რამე ხარვეზია, ყველაფერი გამოსწორდება”, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა “ფორტუნასთან” განაცხადა.

როგორც რატიანმა აღნიშნა, ის საქმის კურსში არ არის კლინიკის ტრავმატოლოგია-ორთოპედიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ლევან ჩიკვატიას განცხადებასთან დაკავშირებით, რომელმაც სოციალურ ქსელში დაწერა, რომ DRG სისტემის დანერგვის გამო, პრაქტიკულ საქმიანობას დროებით წყვეტს. 

“ის, რომ განცხადება შემოიტანა და ის კლინიკურ საქმიანობას წყვეტს, ჯერჯერობით არ ყოფილა”, – ამბობს ლევან რატიანი და აცხადებს, რომ ლევან ჩიკვატიას საქმიანობის შეჩერების შესახებ კლინიკისთვის ოფიციალურად არ მიუმართავს.

კლინიკის დირექტორი ამბობს, რომ DRG სისტემის დანერგვით, ოპერაციების ხარისხსა და შედეგს საფრთხე არ ემუქრება.

“ახალია DRG ჩვენი ქვეყნისთვის და დადგება პერიოდი, რომ იქნება წარმატებული პროექტი. ახალზე გადასვლას დრო სჭირდება. ჩემი კლინიკის მაგალითზე მინდა გითხრათ, რომ რაც შეუძლია ქვეყანას, ყველაფერს აკეთებს. ჩვენ სახელმწიფო კლინიკა ვართ და თანხა პირდაპირ მიდის პაციენტებთან. სახელმწიფო შესყიდვებზე ვართ და საერთაშორისო სერტიფიცირება თუ არ აქვს, სახელმწიფო არ დაუშვებს არც სამკურნალო წამლებს და არც იმპლანტებს. დანარჩენი, კარგზე კარგი არსებობს. ამ საკითხთან დაკავშირებით, ორთოპედ-ტრავმატოლოგებს ალბათ თავიანთი შეხედულება აქვთ.

დაველოდოთ, იქნებ წარმატებული პროექტი აღმოჩნდეს DRG. წინასწარ თქმა, რომ ცუდია და არ ვარგა, ამის თქმის უფლება არავის გვაქვს. სახელმწიფოს ინტერესებია, რომ დანერგოს, განავითაროს, ხარისხზე და ფასზე ორიენტირებული გახადოს. როგორც კლინიკის ხელმძღვანელი გეტყვით, რომ პერიოდი უნდა გავიდეს, რომ შეფასდეს. სახელმწიფოს უნდა, რომ უკეთესობისკენ წაიყვანოს ქვეყნის ჯანდაცვა და იმედია, რომ ასე წარიმართება ყველაფერი”, – აცხადებს ლევან რატიანი “ფორტუნასთან” საუბრისას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები