0 6 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საარჩევნო უბნები გაიხსნა, კენჭისყრა დაწყებულია

დღეს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები იმართება. საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის არჩევნების პროფესიულ, ყველასათვის ხელმისაწვდომ და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოში ჩასატარებლად.
საარჩევნო უბნები გაიხსნა 07:00 საათზე, უბნებზე სრულადაა დაცული სანიტარულ-ჰიგიენური წესები. ჩატარდა კენჭისყრის დაწყებამდე ჩასატარებელი პროცედურები 08:00 საათიდან საარჩევნო უბნებზე დაიწყო პირველი ამომრჩევლების მიღება და ამ წუთებში მიმდინარეობს კენჭისყრის პროცესი.
შეგახსენებთ, რომ ამომრჩეველმა საარჩევნო უბანზე მისვლისას, თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი. ამომრჩეველი არ გაივლის თერმოსკრინინგს, მაგრამ ვალდებული იქნება ეკეთოს პირბადე. იმ შემთხვევაში თუ მას არ ექნება პირბადე, საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს აღნიშნულით. ამომრჩეველს უბანზე მისვლისას ორჯერ, მცირე დროით, მოუწევს პირბადის მოხსნა იდენტიფიცირებისა და კანონით განსაზღვრული პროცედურების შესასრულებლად. თუ ამომრჩეველი არ მოიხსნის პირბადეს, მასზე არ გაიცემა საარჩევნო ბიულეტენი.
თერმოსკრინინგის პროცედურას გაივლიან უბანზე ხანგრძლივი პერიოდით მყოფი უფლებამოსილი პირები - კომისიის წევრები, დამკვირვებლები, სუბიექტის წარმომადგენლები, მედია, რათა კენჭისყრის დღეს, ჯანმრთელობის უსაფრთხოების საკითხები იყოს მაქსიმალურად დაცული.
საარჩევნო ადმინისტრაცია ყველა ამომრჩეველს ინდივიდუალურ კალამს შესთავაზებს. ამ კალამს ამომრჩევლები მიიღებენ ერთჯერადი გამოყენებისთვის. ამომრჩეველი ხმის მიცემის შემდეგ კალამს განათავსებს სპეციალურ კონტეინერში.
არჩევნების ჩასატარებლად საქართველოში სრულ მზადყოფნაშია 3 664 საარჩევნო უბანი, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 9 უბანი და სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი 70 სპეციალური უბანი.
ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 497 345-ს შეადგენს. მათ შორის სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების რაოდენობა 6045, გადასატანი ყუთით კი 74550 ამომრჩეველი ისარგებლებს.
ამომრჩევლები აირჩევენ 64 საკრებულოს 2068 წევრს (როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული წესით) და 64 მერს.
ამომრჩევლებს გადაეცემათ სამი სახის მერის, მაჟორიტარული და პროპორციული საარჩევნო ბიულეტენი.
თბილისში საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლებს განახლებული დიზაინის ხმის მიცემის კაბინები დახვდებათ. კაბინები წინა მხრიდან ამოჭრილი იქნება, ისე რომ უზრუნველყოფილი იყოს ხმის მიცემის პროცესის ფარულობა. გახსოვდეთ, რომ ხმის მიცემა ფარულია და კენჭისყრის ფარულობის უზრუნველსაყოფად აკრძალულია კენჭისყრის კაბინაში ფოტო და ვიდეოგადაღება.
შეგახსენებთ, რომ ერთსა და იმავე ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციას უფლება აქვს უბანზე ერთდროულად ჰყავდეს მხოლოდ 1 დამკვირვებელი, საერთაშორისო ორგანიზაციებს 2 დამკვირვებელი, რომლებსაც შესაძლოა ახლდეთ თარჯიმანი, მედია ორგანიზაციებს 2 წარმომადგენელი, ხოლო საარჩევნო სუბიექტებს - 1 წარმომადგენელი.
საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, დღეს, კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია. დაუშვებელია კენჭისყრის შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის მანძილზე სააგიტაციო მასალის განთავსება. დაუშვებელია აგრეთვე კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში ან კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება. ასევე დაუშვებელია კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრება ან ამომრჩეველთა აღრიცხვა.
ასევე, 20:00 საათამდე იკრძალება ტელევიზიისა და რადიოს ეთერში წინასაარჩევნო ფასიანი ან/და უფასო რეკლამის, საარჩევნო სუბიექტების პროგრამების განთავსება და გადაცემა, საარჩევნო მიზნებისათვის ავტომატიზებული სატელეფონო ზარების განხორციელება და მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა. ასევე, 20:00 საათამდე იკრძალება არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება.
დღეს, მთელი დღის მანძილზე, გაიმართება საინფორმაციო ბრიფინგები, ჩვენ მუდმივად მოგაწვდით ინფორმაციას, როგორც კენჭისყრის დღის მიმდინარეობის, ასევე ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ.
რაც შეეხება ორგანიზაცია სამოქალაქო საარჩევნო კომისიის გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოსდა ქუთაისის საოლქო კომისიას საარჩევნო უბნებისთვის რეგისტრატორის ბეჭდების გადაცემა დაავიწყდა და უბნებზე ვერ ხერხდებოდა ამომრჩევლის მიღება, ვაცხადებთ რომ აღნიშნული არის სიცრუე, ქუთაისში ყველა საარჩევნო უბანი გახსნილია და კენჭისყრის პროცესი დაწყებულია. ასევე ტყუილია ამავე ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაცია რომ ლაგოდეხში არ გაიხსნა მეცხრე საარჩევნო უბანი.
ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ არჩევნებში ჩართულ მხარეებს, თავი შეიკავონ დეზინფორმაციის გავრცელებისგან და დღესაც, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, იმოქმედონ კანონმდებლობის შესაბამისად, ნუ გაავრცელებენ არასწორ და გადაუმოწმებელ ინფორმაციას და ნუ შეუშლიან საარჩევნო ადმინისტრაციას ხელს, საარჩევნო პროცესი წარმართოს მშვიდ ვითარებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები