0 6 : 0 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

„ქართულ-ამერიკული სამშენებლო კომპანიის" დირექტორი მოტყუებით დაეუფლა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის კუთვნილ 8 886,18 ლარს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ თაღლითობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა, ხოლო სამეწარმეო გულგრილობის ფაქტზე ერთი პირი პასუხისგებაში მისცა.

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თაღლითობის ფაქტზე, შპს „ქართულ-ამერიკული სამშენებლო კომპანია“-ს დამფუძნებელი და დირექტორი - ნუგზარ ბ. დააკავეს, ხოლო სამეწარმეო გულგრილობის ფაქტზე შპს „არგი ჯგუფი“-ს დამფუძნებელი და დირექტორი - გიორგი ხ. პასუხისგებაში მისცეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ქალაქ საგარეჯოში, კოსტავას ქუჩაზე სკვერის მოწყობის სამუშაოების თაობაზე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გამოცხადებულ ელექტრონული ტენდერში გამარჯვებულმა შპს „არგი-ჯგუფის“ დირექტორმა და 100% წილის მფლობელმა გიორგი ხ-მ ქვეკონტრაქტორად დაიქირავა შპს „ქართულ-ამერიკული სამშენებლო კომპანია“, რომლის დირექტორი ნუგზარ ბ. დოკუმენტაციაში არასწორი მონაცემების შეტანის გზით მოტყუებით დაეუფლა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის კუთვნილ 8 886,18 ლარს.

თავის მხრივ შპს "არგი ჯგუფის“ დირექტორმა და დამფუძნებელმა გიორგი ხ-მ, რომელიც საგარეჯოს მუნიციპალიტეტთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე პასუხისმგებელი იყო გაწეული სამუშაოს ხარისხსა და ვარგისიანობაზე, არაჯეროვნად შეასრულა სამსახურებრივი მოვალეობა მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, სათანადოდ არ გამოიკვლია შესრულებული სამუშაოები და ნუგზარ ბ-ს დაუდასტურა წარმოდგენილი დოკუმენტაცია (ფორმა №2), რის საფუძველზეც, შპს "არგი ჯგუფის“ მიერ სამუშაოების მიღება-ჩაბარება განხორციელდა",- ნათქვამია  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს განცხადებაში.

გამოძიება თაღლითობისა და სამეწარმეო გულგრილობის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და 220-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით).

კომენტარები

მსგავსი სიახლეები