1 0 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

„საქართველოს რკინიგზის“ 184 მილიონ ლარიანი ტენდერი, სავარაუდოდ, რუსულ კომპანიებზეა მორგებული - „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“

„საქართველოს რკინიგზამ“ ელმავლების შესაძენად 184 მლნ ლარიანი, სავარაუდოდ, რუსულ კომპანიებზე მორგებული ტენდერი გამოაცხადა.

როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ტენდერში მხოლოდ იმ კომპანიებს შეუძლიათ მონაწილეობა, რომლებიც რუსეთის დაარსებულ ევრაზიულ კავშირში გაცემულ სერტიფიკატს ფლობენ.

„მიმდინარე წლის 4 ნოემბერს სს „საქართველოს რკინიგზამ" 10 ელმავლის შესასყიდად 184 მლნ ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. ტენდერში მიმწოდებლებს წინადადების წარდგენა 3 დეკემბრიდან 5 დეკემბრამდე შეეძლებათ, ხოლო გამარჯვებულმა ელმავლები 2024 წლის ბოლომდე უნდა მიაწოდოს. შესყიდვების ელექტრონულ საიტზე ატვირთულ დოკუმენტაციაში მითითებულია, რომ შესყიდვაში მონაწილეობის მსურველმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს: „შემოთავაზებულ საქონელზე გაცემული НБ ЖТ ЦТ 04-1998 ან ТР ТС 001/2011-ის მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი სერტიფიკატი („უსაფრთხოების ნორმები სარკინიგზო ტრანსპორტზე. ელმავლები. სერტიფიცირების მოთხოვნები“ ან „საბაჟო კავშირის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობა“), რომელიც გაცემული უნდა იყოს თანამეგობრობის ქვეყნების (დსთ) სარკინიგზო ტრანსპორტის საბჭოს რეესტრით გათვალისწინებული აკრედიტებული ორგანიზაციის მიერ“.

საბაჟო კავშირში იგულისხმება ევრაზიის საბაჟო კავშირი, რომელიც რუსეთის მიერ დაარსებული ევრაზიის ეკონომიკური კავშირის (ევრაზიული კავშირი) ნაწილია და მასში შედიან: რუსეთი, ყაზახეთი, ბელარუსი, სომხეთი და ყირგიზეთი. ამ ჩანაწერით, „საქართველოს რკინიგზამ“ ფაქტობრივად დაავიწროვა ელმავლის მწარმოებელი ქვეყნების წრე.

„საქართველოს რკინიგზამ“ აღნიშნული ტენდერი შესყიდვის ელექტრონული პროცედურის (GEO) გზით გამოაცხადა. ეს არის საქონლის ან მომსახურების შესყიდვა დადგენილი სპეციალური წესი, რომელსაც მთავრობა ადგენს კონკრეტული შემსყიდველისთვის. „საქართველოს რკინიგზისთვის“ საქართველო მთავრობამ შესყიდვების სპეციალური წესი 2022 წლის 8 თებერვალს დაადგინა და ის 2024 წლის 10 თებერვლამდე იმოქმედებს.

სპეციალური წესი „საქართველოს რკინიგზას“ ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვისგან და შესყიდვების განხორციელებისას შესყიდვების მონაწილეთა მიმართ სამართლიანი და არადისკრიმინაციული მიდგომის უზრუნველყოფისგან (მუხლის 1) არ ათავისუფლებს.

„საქართველოს რკინიგზის“ მიერ 4 ნოემბერს გამოცხადებული ტენდერი პირდაპირ არღვევს შესყიდვების მონაწილეთა მიმართ სამართლიან და არადისკრიმინაციულ მიდგომას (კანონი სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, მუხლი 2), რადგან ფაქტობრივად რუსულ სერტიფიკატს ითხოვს. შემსყიდველი ყურადღებას უნდა ამახვილებდეს მიმწოდებელი კომპანიის კვალიფიკაციაზე, შესასყიდი საქონლის ხარისხზე და არა მის წარმომავლობაზე.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ 2 წლის წინაც წერდა რკინიგზის მიერ დარღვევით გამოცხადებულ მსგავს ტენდერზე. ჩვენ დაგვიკავშირდა ავსტრიული კომპანია GSL Steel Trade GmbH-ი, რომელიც ფიქრობდა, რომ რკინიგზა ტენდერში ხელოვნურად ზღუდავდა კონკურენციას. ავსტრიული კომპანიის ძირითადი არგუმენტი ევრაზიული კავშირის სერტიფიკატების მოთხოვნა იყო. რომ არა ეს მოთხოვნა, ავსტრიული კომპანიაც შეძლებდა ტენდერში მონაწილეობის მიღებას. თუმცა, ის ტენდერი მაინც შედგა და „საქართველოს რკინიგზამ“ 17 მლნ დოლარის რუსული წარმოების რელსები შეისყიდა.

მოვუწოდებთ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს და კონკურენციის სააგენტოს შეისწავლონ აღნიშნულ ტენდერში არსებული კონკურენციის შემზღუდველი პირობები და მიიღონ კანონით განსაზღვრული ზომები”,- ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები