პოლიტიკა
"სააკაშვილისთვის სიცოცხლის შენარჩუნების ღონისძიებების საჭიროებამ სისტემური ფორმა მიიღო - სამედიცინო პერსონალი შიშობს, რომ შეიძლება მდგომარეობა ვეღარ დაიჭირონ" - სოფო ჯაფარიძე
2023-07-28 12:26:27
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ რთულია და სიცოცხლის შენარჩუნების ღონისძიებების საჭიროებამ სისტემური ფორმა მიიღო - სამედიცინო პერსონალი შიშობს, რომ შეიძლება მდგომარეობა ვეღარ დაიჭირონ, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო დოკუმენტებში არაერთი ურთიერთგამომრიცხავი ჩანაწერია და მან სახალხო დამცველს და საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდა, რაც შეიძლება დაუყოვნებლივი რეაგირება მოახდინონ ამასთან დაკავშირებით.
გარდა ამისა, როგორც ჯაფარიძე აღნიშნავს, მიხეილ სააკაშვილის საბრძოლო განწყობა უცვლელია და ის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, "რუსულ რეჟიმთან" ბრძოლას აქტიურად აგრძელებს.
"მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ რთულია და სისტემური ფორმა მიიღო სიცოცხლის შენარჩუნების ღონისძიებების საჭიროებამ. მაისის შემდგომ განსაკუთრებით ხშირად საჭიროებს ის სისხლის გადასხმას და სამწუხაროდ, ამ ყველაფერს თან ახლავს ძალიან ხშირად რიგი გართულებები და მათ შორის, სულ რამდენიმე დღის წინ იყო მძიმე ალერგიული რეაქცია და არა მხოლოდ. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სამედიცინო პერსონალისგან მოდის სიგნალები შიშის შესახებ, რომ შეიძლება მდგომარეობა ვეღარ დაიჭირონ. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ არაერთი შეუსაბამობა და ურთიერთგამომრიცხავი ჩანაწერები არის მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო დოკუმენტაციაში. მივმართავ სახალხო დამცველს, ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს, რაც შეიძლება დაუყოვნებლივი რეაგირება მოხდეს ამ ყველაფერთან დაკავშირებით, იმიტომ რომ შეუძლებელია ამ ყველაფერს ვუყუროთ ასე მშვიდად," - განაცხადა ჯაფარიძემ.
ამასთან, როგორც ის აღნიშნავს, უახლოეს დღეებში მიხეილ სააკაშვილის "საზოგადოებრივი მისაღები" გაიხსნება.
"ის მზად არის თქვენთან დიალოგისთვის. მას ძალიან დიდი სურვილი აქვს ჩვენს მოქალაქეებთან იყოს უშუალო კომუნიკაციაში და გელოდებით ყველას, ვისაც სურვილი გაქვთ რომ მას მიაწვდინოთ ხმა, გაუზიაროთ თქვენი მოსაზრებები. ის აუცილებლად მიიღებს ყველას გზავნილს და ყველას გიპასუხებთ," - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.
კომენტარები