1 8 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

20 მილიონი ლარის ემისია - „თეგეტა ჰოლდინგმა“, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, ეროვნულ ვალუტაში ბაზარზე პირველი მწვანე ობლიგაციები გამოუშვა

 

საავტომობილო ინდუსტრიის ლიდერმა - „თეგეტა ჰოლდინგმა", თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, 20 მილიონი ლარის მწვანე ობლიგაციები წარმატებით გამოუშვა. აღნიშნული ტრანზაქცია ეროვნულ ვალუტაში და ასევე, რეგიონის საავტომობილო ინდუსტრიაში პირველი მწვანე ობლიგაციების განთავსებაა.

 

ობლიგაციების სტრატეგიული ინვესტორი აზიის განვითარების ბანკია. ობლიგაციების ემისიის შედეგად მობილიზებული თანხა - მსუბუქი, სამგზავრო და სხვა ტიპის ელექტრიფიცირებული ტრანსპორტის იმპორტსა და რეალიზაციას, ასევე, ქვეყნის მასშტაბით, ელექტრო მანქანების 70 დასატენი სადგურის მოწყობას მოხმარდება.

 

2.5-წლიანი ობლიგაციების ფასი TIBR6m+3.5%-ით განისაზღვრა, კუპონის საპროცენტო განაკვეთი კი ნახევარწლიურად დაიფარება.

 

განთავსების სტრატეგიული ინვესტორების იურიდიული მრჩეველია - Dentons. მწვანე ობლიგაციების ჩარჩოზე მეორე მხარის მოსაზრება კი, Sustainalytics-მა წარმოადგინა.

 

აღნიშნული ტრანზაქციის ფარგლებში, ლარის რესურსის მოსაზიდად, ბონდების სტრატეგიულმა ინვესტორმა - აზიის განვითარების ბანკმა (ADB), ასევე თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, ადგილობრივ კაპიტალის ბაზარზე ლარის ობლიგაციები გამოუშვა.

 

ვახტანგ კაჭარავა, „თეგეტა ჰოლდინგის“ აღმასრულებელი დირექტორი: „ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ავტოინდუსტრიაში თეგეტა პრეცედენტს ქმნის - ამ შემთხვევაშიც ჩვენი კომპანია პირველია, რომელმაც რეგიონის მასშტაბით, საავტომობილო ბიზნესში მწვანე ობლიგაციები გამოუშვა და ამასთანავე, პირველები ვართ ქართული კაპიტალის ბაზარზე, ვინც მწვანე ფასიანი ქაღალდების ემისია ეროვნულ ვალუტაში განახორციელა. მწვანე ბონდების გამოშვება ძალიან ახლოსაა ჩვენს კორპორაციულ სოციალურ კულტურასთან. არსებული ემისიის პროსპექტის ფარგლებში კი კომპანია იღებს ვალდებულებას, ეკოლოგიური ტრანსპორტის სეგმენტი კიდევ უფრო განავითაროს. ეს დივერსიფიცირებული ელექტრიფიცირებული სატრანსპორტო საშუალებების რეალიზაციასა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას ითვალისწინებს, რაც ფართო მოხმარებისთვის იქნება განკუთვნილი. აღსანიშნავია, რომ ჰოლდინგის მწვანე ობლიგაციები სრულად აზიის განვითარების ბანკმა შეიძინა, რაც მიუთითებს, რომ მსხვილი საფინანსო ინსტიტუტი თეგეტას სამომავლო პარტნიორად განიხილავს.“

 

მერი ჩაჩანიძე, თიბისი კაპიტალის მმართველი დირექტორი: „მოხარული ვართ, რომ როგორც რეგიონის საავტომობილო ინდუსტრიის ისტორიაში, ისე ეროვნულ ვალუტაში განხორციელებული პირველი მწვანე ბონდები სწორედ თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით განთავსდა. ეს ტრანზაქცია „თეგეტა ჰოლდინგისა“ და თიბისი კაპიტალისთვის - მე-3 ერთობლივი, თიბისი კაპიტალისთვის კი, მწვანე ობლიგაციების მე-5 განთავსებაა, რაც ხაზს უსვამს თიბისი კაპიტალის და ზოგადად, თიბისი ჯგუფის წვლილსა და ინტერესს მდგრადი განვითარების მიმართ. მსოფლიოში ESG და მწვანე ობლიგაციების გამოშვება სწრაფი ტემპით იზრდება. სულ უფრო მეტი ინვესტორი იღებს ვალდებულებას, რომ თავიანთ პორტფელში მწვანე ობლიგაციების წილს გაზრდიან. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო და ქართული კომპანიები ამ ტენდენციის მონაწილეები ვიყოთ იმისთვის, რომ მომავალში როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ინვესტორები კიდევ უფრო აქტიურად დავაინტერესოთ ქართული კაპიტალის ბაზრის ინსტრუმენტებით.“

 

სიუზან გაბური, ADB-ის კერძო სექტორის ოპერაციების დეპარტამენტის გენერალური დირექტორი: „აზიის განვითარების ბანკი (ADB) აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის კლიმატის ბანკია და ეს ინვესტიცია ADB-ის იმ მხარდაჭერის ნაწილია, რასაც საქართველოს კაპიტალის ბაზრების განვითარებისთვის კლიმატისა და გენდერული ობლიგაციების სახით ახორციელებს. ეს საქართველოში ადგილობრივ ვალუტაში დენომინირებული პირველი მწვანე ობლიგაციების გამოშვებაა და ველოდებით, რომ კიდევ უფრო შეუწყობს ხელს საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში მეტი მწვანე ობლიგაციის გამოშვებას.“

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები