ბიზნესი
თიბისის მდგრადი განვითარების ანგარიში
2023-06-28 14:30:07
თიბისიმ მდგრადი განვითარების 2022 წლის ანგარიში წარადგინა, რომელიც მდგრადობის საერთაშორისო სტანდარტებსა და პრინციპებს ეფუძნება. ღონისძიება, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში, 27 ივნისს გაიმართა.
თიბისისთვის მნიშვნელოვანია მდგრადი განვითარების ისეთი საკითხები, როგორებიცაა ბიზნეს სექტორის მხარდაჭერა, მომხმარებელთა და თანამშრომელთა უფლებების დაცვა, შრომითი პირობების გაუმჯობესება, სამუშაო ადგილების მრავალფეროვნება, ქალთა ეკონომიკური გაძლიერება, ციფრული ტექნოლოგიების განვითარება, მდგრადი დაფინანსება, გარემოსდაცვითი საკითხები, ფინანსური განათლება და სხვა.
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას თიბისის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ თიბისი მდგრადი განვითარების ძირითადი მიდგომები გააცნო და გასული წლის მიღწევები შეაჯამა. რისკების მართვის დირექტორმა ნინო მასურაშვილმა, კი სტუმრებს მდგრადი განვითარების ანგარიში წარუდგინა. ანგარიშის ფარგლებში, მან, ასევე, ისაუბრა თიბისის გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობის სტრატეგიისა და თიბისის პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ.
თიბისი კონცეპტში გამართულ ღონისძიებას ესწრებოდნენ საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების, სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლები, ასევე თიბისის სხვადასხვა პროგრამის ბენეფიციარები და თიბისის პარტნიორი - მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესების წარმომადგენლები.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პანელური განხილვა თემაზე - მდგრადი ბიზნეს მოდელები და პრაქტიკები საქართველოში, რომელშიც კომპანიების „თეგეტას“, აგრომაქსის“, „ბრიმ თბილისის“ და „გროსვატის“ წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
პანელურ დისკუსიაზე განხილული იყო სხვადასხვა სექტორებში, მათ შორის ვაჭრობის, სოფლის მეურნეობასა და ტურიზმში მდგრადი ბიზნეს პრაქტიკები, განახლებადი ენერგიის მნიშვნელობა, ფინანსური სერვისების ხელმისაწვდომობა, მრავალფეროვნების მნიშვნელობა და ქალთა გაძლიერება. აგრეთვე, ყურადღება გამახვილდა მდგრადი განვითარების ირგვლივ ცნობიერების ამაღლებასა და მხარდამჭერ ინიციატივებზე.
„მდგრადი ბიზნესებისა და პროექტების მხარდაჭერა თიბისისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ მხრივ, საქართველოში უკვე ბევრი საინტერესო კომპანია ოპერირებს, რომელთა მხარდამჭერი თიბისია. ჩვენ, როგორც ქვეყნის წამყვან ფინანსურ და ტექნოლოგიურ კომპანიას, კარგად გვაქვს გაცნობიერებული, თუ რამდენად პოზიტიური გავლენის მოხდენა შეგვიძლია მომხმარებლებზე, გარემოსა და საზოგადოებაზე. ადამიანების ცხოვრების გასამარტივებლად, თიბისი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს მდგრადი განვითარების საქმიანობის ხელშეწყობას.“- ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.
თიბისი 2019 წლიდან წარადგენს წლიურ ანგარიშს, რომელიც ასახავს თიბისის წვლილსა და გავლენას ეკონომიკაზე, გარემოსა და საზოგადოებაზე. 2022 წლის მდგრადი განვითარების ანგარიშში, რომლის სრულ ვერსიას www.tbcbankgroup.com - ზე გაეცნობით, სამომავლო გეგმებთან ერთად, წარმოდგენილია ის შედეგები, რომლებსაც თიბისიმ გასულ წელს მიაღწია.
კომენტარები