პოლიტიკა
რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი ვლადიმერ პაპავა თანამდებობიდან გადადგა
2023-03-28 12:39:58
რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი ვლადიმერ პაპავა თანამდებობიდან გადადგა. როგორც ცნობილია, მან თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.
თანამდებობა დატოვა შორენა კიწმარიშვილმაც, რომელიც კლინიკის ხარისხის მართვის დირექტორია. ცოტა ხნის წინ განცხადება გააკეთეს ექიმებმა.
"მოთხოვნები არის უცვლელი, რომ მოხდეს შენობის რეაბილიტაცია სამკურნალო პროცესის უწყვეტობის შენარჩუნებით, ეს არის უმთავრესი მოთხოვნა. მეორე მოთხოვნად კვლავ რჩება ის, რომ შეიცვალოს დირექცია, აქ ლაპარაკია დირექტორის მოვალეობის შემსრულებელზე და ფინანსურ დირექტორზე. ამასთან, ამ წუთში არის დიდი დაფრთხე, რომ მოხდეს კლინიკის მუშაობის პარალიზება და ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად, პაციენტების ინტერესების გათვალისწინებით ვითხოვთ, დირექტორატის პასუხისმგებელი პიროვნება მოვიდეს", - განაცხადა რეანიმაციული განყოფილების ხელმძღვანელმა გიორგი დუნდუამ.
ნეფროლოგიის და ჰემოდიალიზის განყოფილების უფროსის მერაბ სუთიძის განცხადებით, ისინი შენობის რეაბილიტაციისა და პროგრესის წინააღმდეგი არ არიან, მაგრამ სამუშაო პროცესი არ უნდა შეწყდეს.
"ამდენი ავადმყოფი, ამდენი ექიმის ასე დატოვება არ ვიცი, 7 ჰექტარი აქვს რესპუბლიკურ საავადმყოფოს და აეშენებინათ და მერე წამოწყებულიყო ეს. ჩვენ რემონტის და პროგრესის წინააღმდეგი არ ვართ. ახლა კიდე დირექტორატი არ მოდის კლინიკაში. გუშინდელი მუშაობა ჩაიშალა, მედიკამენტები შემოსატანია", - განაცხადა ნეფროლოგიის და ჰემოდიალიზის განყოფილების უფროსმა მერაბ სუთიძემ
კომენტარები