ბიზნესი
„საქართველოს ბანკის“, „ჯეოქეისისა“ და „კომერსანტის“ ერთობლივი პროექტის - „ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში პირველი დისკუსია გაიმართა
2022-10-11 11:18:04
„საქართველოს ბანკის“, ანალიტიკური ცენტრ „ჯეოქეისისა“ და მედია პლატფორმა „კომერსანტის“ ერთობლივი პროექტის - „ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში პირველი დისკუსია გაიმართა.
დისკუსიის მთავარი თემა - „ეკონომიკური დიპლომატია“ იყო. დისკუსიაში მონაწილეობა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, ანალიტიკური ცენტრის „ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა და „თბილისის დრაი პორტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ ინაიშვილმა მიიღეს.
დისკუსიას მოდერაცია „ჯეოქეისის“ ეკონომიკური მიმართულების დირექტორმა, კომერსანტის მმართველმა პარტნიორმა, გიორგი აბაშიშვილმა გაუწია.
დისკუსიაზე ყურადღება გამახვილდა ეკონომიკურ დიპლომატიაზე, როგორც ეკონომიკური უსაფრთხოების მნიშვნელოვან კომპონენტზე. ასევე, საუბარი შეეხო ბაზრების დივერსიფიკაციის აუცილებლობას, ხაზი გაესვა სატრანსპორტო დერეფნების მნიშვნელობას, რეგიონულ სატრანსპორტო დერეფნების კონფიგურაციასა და ახალ პერსპექტივებს. განხილული იყო აშშ-თან ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების საკითხი და თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობები.
„მსურს ხაზი გავუსვა ჩვენს სტრატეგიულ პრიორიტეტებში, ევროკავშირის ერთიან ბაზართან ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობას, რომელიც ევრო-ატლანტიკურ სივრცესთან დაახლოების პოლიტიკური პროცესის განუყოფელი ნაწილია. ამავე დროს, აუცილებლად უნდა აღვნიშნო ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან თანამშრომლობა, სადაც ინვესტიციებთან და ვაჭრობის ხელშეწყობასთან ერთად, წარმატებით ვთანამშრომლობთ საქართველოში სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების კუთხით. დასავლურ ბაზრებთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ აზიისა და ყურის ქვეყნების ბაზრებთან რადგან ვთლით, რომ ამ კუთხით, როგორც ახლო აღმოსავლეთის, ისე იაპონიის, ჩინეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის მიმართულებით უდიდესი პოტენციალი არსებობს“,- განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა,
“ვფიქრობ, დისკუსიის მთავარი მიზანი სრულად მიღწეულია, ვინაიდან სპიკერებმა ეკონომიკური დიპლომატიის გარშემო არსებულ ყველა აქტუალურ საკითხზე გაამახვილეს ყურადღება. მნიშვნელოვანია, რომ დისკუსიის დროს იყო წინადადებები, კონკრეტული მოსაზრებები და რეკომენდაციები ანალიტიკური და ბიზნეს სექტორის სპიკერებისგან. შევთანხდით დისკუსიის დროს განხილული თემების შემდგომ განვრცობაზე და თანამშრომლობაზე ამ მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ მხარდაჭერილი იქნა ფორმატი და გამოითქვა მზაობა დისკუსიების გაგრძელებასა და შემდგომ ფორუმის ჩატარებასთან დაკავშირებით“,- განაცხადა „ჯეოქეისის“ ეკონომიკური მიმართულების დირექტორმა, კომერსანტის მმართველმა პარტნიორმა, გიორგი აბაშიშვილმა.
კომენტარები