ბიზნესი
გაიცანით ნებულა — Social Impact Award-ის ფინალისტი გუნდი
2022-08-25 15:20:37
“ნებულა კოსმოსური ღრუბელია, რომელშიც იბადება ვარსკვლავი. ეს, ერთი მხრივ, სამეცნიერო ფაქტია და, მეორე მხრივ, გამოხატავს ჩვენს ფილოსოფიას, რომ ყველა ადამიანშია ვარსკვლავური პოტენციალი, რომლის გამოსავლენად შესაფერისი სივრცე სჭირდება. სწორედ ასეთი ადგილია ნებულა — ტექნოლოგიური სოციალური საწარმო, რომელიც ცოდნას ავრცელებს”, — გვიამბობს გიორგი ჭილაია, ნებულას თანადამფუძნებელი.
ნებულას მისიაა, ქართველი ახალგაზრდებისთვის დასავლური ხარისხის ცოდნა ხელმისაწვდომი გახდეს. ამისთვის ავითარებენ პლატფორმას, სადაც ონლაინ გაკვეთილები, სავარჯიშოები, ჩატბოტი და სხვა საგანმანათლებლო ტექნოლოგიური ხელსაწყოები იყრის თავს. ნებულა ახლა Social Impact Award-ის ფინალისტია და პროექტში გამარჯვებისთვის იბრძვის.
ნებულა — პლატფორმა მაღალი ხარისხის განათლებისთვის
ნებულა განათლების სფეროს გაძლიერებას ისახავს მიზნად, სფეროს, რომელშიც პრობლემა ნამდვილად ბევრია და ამას მრავალი კვლევა მოწმობს, მათ შორის საერთაშორისო PISA-ს რეიტინგი, სადაც საქართველო წლებია, ბოლო ადგილებს იკავებს. ამიტომაც ნებულას დამფუძნებლებს სურთ, ქვეყანაში მაღალი ხარისხის განათლება გაავრცელონ.
“ვცდილობთ, შევქმნათ ზოგადსაგანმანათლებლო გზაგამტარი და ცოდნა მივიტანოთ ნებისმიერი ადამიანის ეკრანამდე”, — ამბობენ გუნდში.
ნებულას თანადამფუძნებელი, გიორგი ჭანტურია აღნიშნავს, რომ სოციალური საწარმო აქამდე რამდენიმე ონლაინ კურსს აერთიანებდა. კურსები ვიდეოგაკვეთილებს და სავარჯიშოებს მოიცავდა, სამიზნე აუდიტორია კი აბიტურიენტები იყო. თუმცა, ახლა ნებულას გეგმები უფრო მასშტაბურია.
“გვსურს, ჩვენი მომხმარებელი იყოს არა მხოლოდ მოსწავლე, არამედ მასწავლებელიც და ყველა, ვისაც ცოდნის მიღება სურს”.
ნებულა მალე კურსებს გააახლებს და მოსწავლეებს ცოდნის მიღების და გადამოწმების, ხოლო მასწავლებლებს — გაკვეთილების უფრო ეფექტიანად ჩატარების საშუალებას მისცემს.
“ჩვენი მთავარი პროდუქტი ონლაინ გაკვეთილებია, რომლებიც ვიდეო ფორმატში ვრცელდება; მეორე პროდუქტი, რომელიც ცოდნის განმტკიცების საუკეთესო გზაა — სავარჯიშოებია; მესამე კი ცოდნის დიაგნოსტიკური ალგორითმია, რომელიც იკვლევს მოსწავლის სუსტ და ძლიერ მხარეებს, აღმოაჩენს იმ საკვანძო საკითხებს, რომლებიც მოსწავლეს უჭირს და ეხმარება მის გაძლიერებაში”, — ამბობს გიორგი ჭილაია და აღნიშნავს, რომ გუნდი ერთ წელიწადში ათი საგნის ონლაინ კურსის შექმნას გეგმავს.
აღსანიშნავია, რომ ნებულას მიზანი, ერთი მხრივ, ღია მასობრივი ონლაინ კურსების (MOOC) განვითარება, მეორე მხრივ კი ციფრული ტექნოლოგიების დახვეწაა. ამგვარად, გუნდის წევრი, გიორგი ჭანტურია, რომელიც ფიზიკის დოქტორანტია, ფიზიკის სახელმძღვანელოს გაციფრულებაზე და ამოცანების ონლაინ გენერატორის შექმნაზე მუშაობს, ისტორიის სპეციალისტი, ლაშა ჩანტლაძე კი ქმნის პროგრამას, რომელიც წარსულის მოვლენებს ინტერაქციული რუკებისა და ვიზუალური მასალების დახმარებით ახსნის. ეს ყველაფერი, როგორც ნებულაში ამბობენ, მხოლოდ დასაწყისია.
საინტერესოა ნებულას ბიზნესგეგმაც — ისინი მონეტიზაციის რამდენიმე მეთოდზე მუშაობენ, მათ შორის განიხილავენ კურსების გამოწერის მოდელს (B2C) და უნივერსიტეტებთან თანამშრომლობას (B2B). ეს უკანასკნელი კი პროფესიული ორიენტაციის მიმართულებასაც დაფარავს. “დღეს მრავალი ახალი სპეციალობა ჩნდება, რომელიც თანამედროვე გამოწვევებს ერგება, თუმცა ჩვენთან დაგვიანებით შემოდის, ამიტომ გვინდა, ამ პროფესიების შესახებ ჩვენგან გაიგონ ახალგაზრდებმა, ამასთან, მოვამზადოთ ისინი ადგილობრივი თუ საერთაშორისო გამოცდებისთვის, პარალელურად კი ვითანამშრომლოთ უნივერსიტეტებთან, სადაც ეს ახალგაზრდები მომავალში ისწავლიან”, — აღნიშნავს გიორგი ჭილაია.
ნებულა Social Impact Award-ზე
“ჩვენ გვიყვარს ჯანსაღი კონკურენცია, გვაქვს ბევრი იდეა, ბევრსაც ვსაუბრობთ, ვეძებთ პრობლემებიდან გამოსავალს, თუმცა ამ პროექტის დახმარებით, მენტორთან ურთიერთობით, ვიღებთ ისეთ ცოდნას, რომელიც აქამდე არ გვქონია, შედეგად კი გუნდი ძლიერდება”, — აღნიშნავს გიორგი ჭილაია და ამატებს, რომ ამ ყველაფერს საპრიზო მოტივაციაც ემატება, განსაკუთრებით საინტერესო კი ნებულასთვის საერთაშორისო Social Impact Award-ზე წასვლის პერსპექტივაა, სადაც სხვა გუნდებს შეხვდებიან და მათ მიერ განვლილ გზას გაიცნობენ.
გიორგი ჭანტურია კი აღნიშნავს, რომ პროექტმა გუნდს უკვე ასწავლა ბევრი რამ, მათ შორის MVP-ზე მუშაობა და მისცა შანსი, უფრო მეტმა ადამიანმა გაიგოს მათ შესახებ.
“ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებიც ქმნიან “Social Impact-ს” ამიტომაც ვფიქრობ, ამ პროექტში ნამდვილადაა ჩვენი ადგილი. დიდი მოლოდინი გვაქვს, რომ მისი დახმარებით საერთაშორისო მასშტაბებზეც გავალთ”, — ამბობს გიორგი ჭანტურია.
გუნდი ახლა ინკუბაციის ეტაპზეა და მათ მენტორობას გიორგი ხაჩიძე, სტარტაპ EduPay-ის დამფუძნებელი უწევს. იგი აღნიშნავს, რომ ნებულა ქართულ ციფრულ სივრცეში უკვე წლებია, პოპულარული წამოწყებაა, განსაკუთრებით კი ათასობით სკოლის მოსწავლისთვის, რომელთაც ყოველთვის აქტიურად ეხმარებოდა გამოცდებისთვის მომზადებაში.
“პროდუქტს, რომელსაც ნებულას გუნდი წლებია, ავითარებს და მომხმარებლის უკუკავშირზე დაყრდნობით ხვეწს, ვფიქრობ, ძალიან დიდი გლობალური პოტენციალი აქვს. აღსანიშნავია, რომ გუნდიც იმავეს ფიქრობს და მომავალში თავიანთ დიად გეგმებში პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებში მცხოვრები მოსწავლეების ადგილობრივი და უცხოური უნივერსიტეტებისთვის მომზადებაც შედის, რაც დარწმუნებული ვარ, რომ გამოუვათ. ვფიქრობ, ნებულას გუნდი ყველა იმ კომპეტენციის მქონე ადამიანებისაგან შედგება, რაც პროდუქტის წარმატებისთვისაა საჭირო. მიმაჩნია, რომ ამ ადამიანებმა შეძლეს და შექმნეს ეგრეთ წოდებული “Community”, რომლის წევრებს ბრენდი ძალიან უყვართ და ენდობიან”, — ამბობს გიორგი ხაჩიძე და ამატებს, რომ გუნდი ახლა დიდი ტრამპლინისთვის ემზადება, რაც მათ საშუალებას მისცემს, გლობალური ბაზრისთვისაც გაიმეორონ ის, რაც საქართველოში მოახერხეს.
მენტორი აღნიშნავს, რომ ინკუბაციის ეტაპი თანმიმდევრულია და ახლა გუნდთან ერთად მომხმარებლების პრობლემებს იკვლევს.
ნებულას გუნდის წევრები კი გაჩერებას ნამდვილად არ აპირებენ. სურთ, პირველ რიგში, საქართველოს ბაზარი დაფარონ, შექმნან დასავლური სტანდარტების კურსები, თანამშრომლობა დაიწყონ სკოლებთან, სასწავლო ცენტრებთან და უნივერსიტეტებთან, სტუდენტებს მსოფლიოს ტოპ უნივერსიტეტებამდე გზა გაუკვალონ და ერთ საზოგადოებად აქციონ ის ადამიანები, რომლებისთვისაც ცოდნის მიღება პრიორიტეტულია.
“ციფრული განათლება მომავალში არის ნებულა”, — ამბობენ ისინი.
—
Social Impact Award ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო პროგრამაა სოციალური მეწარმეობის პოპულარიზაციისთვის. იგი ერთდროულად 20-ზე მეტ ქვეყანაში ხორციელდება, საქართველოში კი 2017 წლიდან Impact Hub-ის ორგანიზებით და თიბისის პროგრამა სტარტაპერის მხარდაჭერით იმართება.
კომენტარები