ბიზნესი
რას აღნიშნავს „თეგეტა ჰოლდინგის“ კამპანიის ალტერნატიული საგზაო ნიშნები?
2022-08-19 17:25:46
„სიცოცხლეზე მნიშვნელოვანი არაფერია“, „ქუჩა სანაგვე ყუთი არ არის“, „კატალიზატორის გარეშე მანქანა მომწამვლელ გამონაბოლქვს გამოყოფს“ – თბილისის ქუჩებში, ალბათ, უკვე შეამჩნიეთ საგზაო ნიშნები ამ და სხვა წარწერებით.
ეს ნიშნები თან ჰგავს რეალურ სიმბოლოებს და თან სრულიად განსხვავებულ აკრძალვებსა და საინფორმაციო მაჩვენებლებზე მიგვითითებს, იმაზე,რაც საგზაო მოძრაობის წესებში არ წერია, თუმცა მათი გათვალისწინება აუცილებელია ჩვენი თუ სხვისი უსაფრთხოებისა და სიცოცხლისათვის.
საგზაო მოძრაობის ახალი ნიშნები „თეგეტა ჰოლდინგის“ კამპანიის ფარგლებში შეიქმნა, რომლის მიზანია, ქვეყანაში საგზაო მოძრაობის კულტურა გაუმჯობესდეს. ასეთი 20-მდე სიმბოლოა და თითოეული მძღოლებისა თუ ქვეითების მანკიერ ქმედებებს წარმოაჩენს და მეგობრულად შეგვახსენებს, როგორ მოვიქცეთ, რომ საერთო სიკეთისთვის ქვეყანაში საგზაო კულტურა გავაუმჯობესოთ.
კამპანიაზე, „თეგეტასთან“ ერთად, საკმაოდ დიდი გუნდი მუშაობდა. პროექტის კრეატიული დირექტორი პავლე გაბრიჭიძეა, კრეატივ სტრატეგი და კოპირაიტერი - ელენე დანელია, ახალ საგზაო ნიშნებზე კი სააგენტო „ჰოლი მოტორსმა“ იმუშავა.
ახალი საგზაო ნიშნები მიგვითითებს, ვიაროთ ფრთხილად, ისე რომ საფრთხე არც საკუთარ თავს შევუქმნათ და არც სხვას.
ამ კამპანიის რამდენიმე სიმბოლო გვეუბნება, რომ აუცილებელია, ვიზრუნოთ გარემოზე.
სპეციალურად შექმნილი ეს საგზაო ნიშნები გვაფრთხილებს, რომ სიცოცხლეზე მნიშვნელოვანი არაფერია, ამიტომ საჭესთან უნდა ვიყოთ ყურადღებით, ფხიზლად და დავიცვათ გადაადგილების წესები უფროსებისა და ბავშვებისთვის.
დაბოლოს, კამპანია „იზრუნე საგზაო მოძრაობის კულტურაზე“ გვახსენებს იმ ჭეშმარიტებებს, რაზედაც ყველა ვთანხმდებით, ან უნდა ვთანხმდებოდეთ.
რა თემებზე უნდა ყოფილიყო ახალი საგზაო ნიშნები - კამპანიის დაგეგმვამდე გამოკითხვა ჩაატარეს სოციალურ ქსელში, ქუჩაში, თავშეყრის ადგილებში. ეს საკითხი ადამიანებისთვის განსაკუთრებულად საინტერესო და მწვავე აღმოჩნდა. შედეგად, ძალიან მოკლე დროში 10 000-მდე ადამიანის პასუხი მიიღეს, რომელზე დაყრდნობითაც საგზაო ნიშნები სწორედ მათი წუხილების გათვალისწინებით შეარჩიეს.
„ჰოლი მოტორსმა“ ბრიფის მიღებისას უკვე იცოდა, რა პრობლემებს ხედავდნენ ადამიანები საგზაო მოძრაობის კულტურაში. პროექტზე იმუშავეს დიზაინერებმა: ნიკოლოზ კუმბარმა, ანუკი კონიაშვილმა, გიორგი ხარძიანმა, თათა გუშარაშვილმა, დევიდ დრონმა და ნინო ყაველაშვილმა.
სააგენტოს ერთ-ერთი დამფუძნებელი და შემოქმედებითი ხელმძღვანელი გიორგი ავალიანი გვიყვება, რომ ეს პროექტი მათი გუნდისთვის ერთგვარი გამოწვევა იყო.
გიორგი ავალიანი, „ჰოლი მოტორსის“თანადამფუძნებელი და შემოქმედებითი ხელმძღვანელი: „დიზაინით პრობლემის გადაჭრა და ხალხის ალაპარაკება არ არის მარტივი. შესაბამისად, ამ ამბავში ჩვენი ჩართვა ნამდვილად ერთგვარი გამოწვევა იყო, თუმცა ამავე დროს ძალიან კარგი შესაძლებლობაც აღმოჩნდაჩვენთვის“.
ამბობს, რომ თავად მუშაობის პროცესი მარტივი არ იყო. მათ უნდა შეექმნათ ნიშან-სიმბოლოები უკვე იდენტიფიცირებულ პრობლემებზე, მიეცათ რჩევები, როგორ შეეცვალათ ის მანკიერი ქცევები, რომლებიც აუცილებელია უსაფრთხო საგზაო კულტურისათვის.
„ჩვენთვის ეს არ ყოფილა მარტივი, წრეში ჩახატული ნიშნები და მათი განმარტებები. თითოეულ სიმბოლოზე ზუსტად ისე ვიმუშავეთ, როგორც ლოგოზე ვმუშაობთ ხოლმე.
თავიდანვე ვიცოდით, რომ ნიშნები აუცილებლად ადვილად აღქმადი უნდა ყოფილიყო, წარწერები - კარგად კითხვადი. აუცილებლად უნდა მიგვემსგავსებინა რეალური სიმბოლოებისთვის, თუმცა განსხვავებული ელემენტები უნდა შეგვეტანა, რათა დაბნეულობა არ გამოგვეწვია. თანაც, არ გვინდოდა, კარიკატურული გამოსულიყო, დახვეწილი სიმბოლოები გვჭირდებოდა.
ძალიან მოკლე დროში უდიდესი შრომა ჩავდეთ ამ პროექტში. სიმბოლოების ნაწილი უკვე შევქმენით, ნაწილზე განახლებულ ვებგვერდზე შემოსული უკუკავშირის შემდეგ ვიმუშავებთ და იმის მიხედვით შევქმნით ვიზუალებსა და გზავნილებს“, - ამბობს გიორგი ავალიანი.
„იზრუნე საგზაო მოძრაობის კულტურაზე“ კამპანიის ფარგლებში ალტერნატიული საგზაო ნიშნების ბანერები საქართველოს ყველა დიდ ქალაქში განთავსდა.
მარიამ კარკალაია,„თეგეტა ჰოლდინგის“ მარკეტინგის დირექტორი: „ახალი საგზაო ნიშნებისთვის ალტერნატიულ მედიად გამოვიყენეთ ქუჩის გარე ბანერები, შესაბამისად, მძღოლებსა და ქვეითებს ჩვენი გზავნილები თავს უშუალოდ ქალაქში მოძრაობისას შეახსენებს. აღსანიშნავია ისიც, რომ უშუალოდ ნიშნების შინაარსიც ლოკაციებს მოვარგეთ და კონკრეტული სიმბოლოები სწორედ იმ წერტილებში განვათავსეთ, სადაც მსგავსი ქმედებები ყველაზე ხშირად გვხვდება. გვჯერა, რომ ამ თემაზე საუბრით შევძლებთ, ერთობლივი ძალისხმევით უკეთესობისკენ შევცვალოთ საგზაო მოძრაობის კულტურა“.
„თეგეტა ჰოლდინგი“ საგზაო მოძრაობის კულტურის ამაღლებაზე ზრუნვას სამომავლოდაც გეგმავს და დამატებით 10 საგზაო ნიშნის შექმნას აპირებს.
კომენტარები