პოლიტიკა
თუ გვინდა, ქალაქი მოწესრიგებული იყოს, ყველამ უნდა ავიტანოთ დისკომფორტი – კალაძე
2022-05-25 12:42:57
თბილისის მთავრობის სხდომაზე, ქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ მელიქიშვილის ქუჩა სარეაბილიტაციო სამუშაოები 15 ივნისიდან დაიწყება, ხოლო მერია ქუჩას სრულად გადაკეტავს. ქალაქის მერმა მოქალაქეებს მიმართა და აღნიშნა, რომ მელიქიშვილის გამზირის ჩაკეტვით გამოწვეული დისკომფორტის ატანა მოუწევთ, რადგან სხვაგვარად ინფრასტრუქტურული პროექტები ვერ ხორციელდება.
„დედაქალაქში მიწისქვეშა კომუნიკაციების კუთხით მძიმე მდგომაროება გვაქვს და ამიტომ დედაქალაქის მერიას, იმ ნაწილში, სადაც სამუშაოებს ახორციელებს, სურს ეს ყველაფერი გამოსწორდეს, აღდგეს და მოწესრიგდეს. ამას თან მოჰყვება გარკვეული დისკომფორტი. ამისთვის პირადად მე თბილისელებს ვუხდი ბოდიშს, რადგან გარკვეული შეზღუდვები იქნება.
მეგობრებო, სხვანაირად განახლებაზე, წარმატებაზე ფიქრი შეუძლებელია. ევროპულ ქალაქებში ჩასვლისას ყველას მოგვწონს როგორი მოწესრიგებულია ინფრასტრუქტურა და თუ გვინდა ჩვენი ქალაქიც მოწესრიგებული იყოს, რა თქმა უნდა, ყველამ უნდა ავიტანოთ ის დისკომფორტი და შეზღუდვები, რომელიც იქნება, რადგან ეს ქალაქი მხოლოდ ჩემი არ არის, ყველას ქალაქია და რაც კეთდება ჩვენი ქალაქისთვის და შვილებისთვის კეთდება. თუ მასწავლით, როგორ შეიძლება სამუშაოების ისე განხორციელება, რომ შეზღუდვები და დისკომფორტი არ იყოს, მივიღებთ რჩევებს, ყოველთვის გახსნილები ვართ“, – მიმართა თბილისის მერმა მოსახლეობას.
კომენტარები