1 6 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ცესკოს თავმჯდომარე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს მიმართავს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარემ დღეს ბრიფინგი გამართა და საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს მიმართა. გთავაზობთ უცვლელად ბრიფინგის ტექსტს:

„მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებამდე 26 დღე რჩება, საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნების მაღალ დონეზე და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩასატარებლად სრული დატვირთვით მუშაობს. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობისა და საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა ეთიკის კოდექსის დაცვას, რომელსაც ყველა დონის საარჩევნო კომისიების წევრებმა მოაწერეს ხელი.

როგორც საოლქო, ისე საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა უნდა დაიცვან საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა ეთიკის კოდექსი, იყვნენ სამართლიანი და მიუკერძოებელი, თავი აარიდონ ისეთ ქმედებას, რომელიც მიმართული იქნება მოხელის და საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციისკენ. აქვე კიდევ ერთხელ შევახსენებ მათ, რომ საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, კომისიის წევრს ეკრძალება წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მინდა რეკომენდაციით მივმართო საოლქო საარჩევნო კომისიებს, თავი შეიკავონ ისეთი ქმედებისაგან, რომელიც შესაძლებელია განხილულ იქნას რომელიმე საარჩევნო სუბიექტის მხარდამჭერ ან საწინააღმდეგო ქმედებად, მათ შორის, სოციალურ ქსელებში პირადი გვერდის პოლიტიკური მოწოდებებისა და აგიტაციის მიზნებისთვის გამოყენებისგან, პარტიის/კანდიდატის წინასაარჩევნო შეხვედრებში მონაწილეობისგან და მაქსიმალურად გამიჯნონ საკუთარი პროფესიული საქმიანობა პოლიტიკური პროცესებისგან. ამასთანავე, საოლქო საარჩევნო კომისიებს მივმართავ თხოვნით, ზემოაღნიშნული შესაძლო ფაქტების პრევენციის მიზნით, მოახდინონ ხსენებული რეკომენდაციების თაობაზე საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების დროული ინფორმირება.

აქვე მინდა გავამახვილო ყურადღება იმ ტრენინგების მნიშვნელობაზე, რომელსაც ცესკო და სწავლების ცენტრი ატარებენ საუბნო საარჩევნო კომისიებისთვის. თქვენი ამ სწავლებაში აქტიური ჩართულობა კენჭისყრის პროცესში გამორიცხავს ყველაზე მცირე ხარვეზსაც კი და ხმის მიცემისას ამომრჩევლების მაღალ დონეზე მომსახურებას უზრუნველყოფს.

ვისარგებლებ შემთხვევით და კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ ყველა დონის საარჩევნო კომისიის წევრებს, ჯანმრთელობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული დადგენილი პროტოკოლის დაცვისა და ვაქცინაციისკენ.

ამომრჩევლების არჩევანი გადამწყვეტია - ჩვენ ერთად ვატარებთ არჩევნებს და საზოგადოების წინაშე საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, ჩვენ უნდა განვსაზღვროთ ქცევის მაღალი ეთიკური სტანდარტები და ხელი შევუწყოთ საზოგადოებაში საარჩევნო ადმინისტრაციის რეპუტაციის ამაღლებას.

აქვე შეგახსენებთ, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადა იწყება საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი შეკრების დღეს და წყდება შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენისთანავე.“

კომენტარები

მსგავსი სიახლეები