1 0 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

პროკურატურა მიხეილ კალანდიას მიმართ დანაშაულის შეუტყობინებლობის ეპიზოდში სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას ითხოვს

პროკურატურა მიხეილ კალანდიას მიმართ დანაშაულის შეუტყობინებლობის ეპიზოდში სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას ითხოვს. აღნიშნული შუამდგომლობა საქმის პროკურორმა გიორგი ქობულაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე დააყენა.

ბრალდების მხარემ სასამართლოში კალანდიას მიმართ 3 სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი დამატებით მტკიცებულებად წარმოადგინა, რომლის საფუძველზეც დანაშაულის შეუტყობინებლობის ეპიზოდში კალანდიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა უნდა შემწყდარიყო.

თოდუამ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ის პროკურატურის შუამდგომლობას არ ეთანხმება, მისი დასაბუთება არარელევანტური და სპექტაკლში მონაწილეობას არ მიიღებდა. ადვოკატის თქმით, საქმე პოლიტიკური დაკვეთით მიმდინარეობს და რომ პროკურატურას აღნიშნული შუამდგომლობის დაყენება 3 წლის განმავლობაში შეეძლო. თოდუამ პროკურატურას საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობით მიმართა.

პროკურორ გიორგი ქობულაძის განცხადებით, საქმეზე პოლიტიკური ზეგავლენა გამორიცხულია. მისივე განმარტებით, ამ დრომდე საქმის შეწყვეტის შუამდგომლობას ვერ დააყენებდნენ, ვინაიდან კალანდიას მიმართ სამივე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება იყო საჭირო.

რაც შეეხება საპროცეო შეთანხმებას, როგორც პროკურორმა განმარტა, ამ პირობებში საპროცესო შეთანხმებაზე თანხმობას ვერ დააფიქსირებს, რადგან ბრალდების მხარე ამბობს, რომ კალანდიას ეს დანაშაული არ ჩაუდენია.

ადვოკატმა ზურაბ თოდუამ პოზიციის დასაფიქსირებლად დრო ითხოვა, რის გამოც, სხდომა გადაიდო. სხდომა 24 ივნისს, 11:30 საათზე გაიმართება.

ცნობისთვის, დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა მიხეილ კალანდია 2019 წლის 4 ივნისს დააკავეს. ის თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, სასჯელი ერთი მესამედით შეუმცირდა და საბოლოოდ, სასჯელის სახით 11 წელი და 3 თვე შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლომ. უზენაესმა სასამართლომ კი, საკასაჩიო საჩივარი საერთოდ დაუშვევბლად მიიჩნია. აღნიშნულ საქმეზე საჩივარი სტრასბურგის სასამართლოშია გაგზავნილი.

რაც შეეხება დღევანდელ პროცესს, მას აღნიშნული დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები