საზოგადოება
თურქეთში ირმა ამირაშვილი გარდაიცვალა, მისი ცხედარი 16 დღე უპატრონოდ იყო – ,,ოჯახმა ეს ამბავი გუშინწინ გაიგო”
2021-06-04 11:47:45
მუხრანში მცხოვრები 52 წლის ირმა ამირაშვილი 15 დღის წინ თურქეთში გარდაიცვალა. მისი ოჯახი დახმარებას ითხოვს. ადვოკატი მამუკა ნოზაძე „მედიაცენტრ მთავრთან“ ყვება, რომ საქართველოს საგარეო უწყებამ გარდაცვლილის ოჯახის თხოვნა უყურადღებოდ დატოვა:
„ის მუშაობდა ქალაქ კონიაში, ოჯახის წევრებმა, შვილმა და მეუღლემ, რომლებიც საფრანგეთში არიან, მომხდარის შესახებ გუშინწინ გაიგეს. ქალი 16 დღე გარდაცვლილია. ის მთლად უპატრონოდაა მიტოვებული უცხო ქვეყანაში. როგორც მითხრეს, ოჯახს ჰქონდა თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენელთან კომუნიკაცია, რომელმაც უთხრა, რომ საქართველოს საელჩო და საკონსულო კონტაქტზე არ გამოდის და ინტერესს არ იჩენს საქართველოს მოქალაქის მიმართ.
თურქული მხარე გარდაცვლილის დასაფლავებას აპირებს, ოჯახი დახმარებას ითხოვს, – ამბობს ადვოკატი მამუკა ნოზაძე.
ამ ინფორმაციის მედიაში გავრცელების შემდეგ საქართველოს საელჩომ თურქეთში განაცხადა:
-საკონსულოს დღეს დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ გარდაცვლილი იყო საქართველოს მოქალაქე და ოჯახს დახმარება სჭირდებოდა. ოფიციალური შეტყობინება დღეს შევიდა და საკონსულო მყისიერად ჩაერთო ამ ამბავში – დაუკავშირდა ოჯახის წევრებს საფრანგეთში, შემდეგ თურქეთში ჩვენი საკონსულო – საფრანგეთში ჩვენს საკონსულოს, იქ მივლენ ოჯახის წევრები, დაწერენ განცხადებას და რა თქმა უნდა, დაეხმარებიან მათ და დაიწყება გადმოსვენების შესაბამისი პროცედურები.
კომენტარები