მსოფლიო
კორონავირუსით თბილისის მეტროპოლიტენის 20-მდე მემანქანეა ინფიცირებული
2020-11-25 15:03:47
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, თბილისის მეტროპოლიტენს 250 მემანქანე ჰყავს, რომელთაგან დღეის მდგომარეობით, დაახლოებით 20-მდეა ინფიცირებული. ყველა მათგანი შესაბამის მკურნალობას გადის.
როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სამსახურის უფროსმა ლელა სეთურიძემ განუცხადა, მათ ყველა საჭირო რესურსი გააჩნიათ იმისთვის, რომ თბილისის მეტრომ იმუშაოს სრული დატვირთვით და მგზავრებს გადაადგილებისას დისკომფორტი არ შეექმნათ.
„მათ მიერ შემოთავაზებული ვარიანტი, რომ შემცირებულიყო თბილისის მეტროს მუშაობის საათები და ასევე, გაზრდილიყო ინტერვალი, ამ ეტაპზე ვერანაირად ვერ იქნებოდა მისაღები, რადგან მსგავსი ტიპის რეკომენდაცებს დარგის სპეციალისტები გასცემენ, ხოლო ჩვენ სრულად ვმოქმედებთ მათ მიერ გაცემული რეკომენდაციების მიხედვით. ეს ყველაფერი გამოიწვევდა მეტი მგზავრის თავმოყრას, როგორც სადგურებში, ასევე მეტროს ვაგონებში, მუნიციპალურ ავტობუსში, რაც ჩვენს მოსახლეობას მძიმედ დააწვებოდა. ჩვენ ორიენტირებული ვართ იმაზე, რომ რაც შეიძლება მცირე ინტერვალით უზრუნველვყოთ მგზავრების სწრაფი გადაადგილება, რომ ხელი შევუშალოთ მგზავრების თავმოყრას სალონებში, როგორც ავტობუსში, ასევე მეტროში.
რაც შეეხება ჩვენს ინფიცირებულ თანამშრომლებს, სულ გვყავს 250 მემანქანე, აქედან დღეის მდგომარეობით, ინფიცირებულია დაახლოებით 20-მდე მემანქანე. ისინი შესაბამის მკურნალობას გადიან. შესაბამისად, სატრანსპორტო კომპანიას სრულად გააჩნია საჭირო ადამიანური რესურსი იმისთვის, რომ თბილისის მეტრომ იმუშავოს სრული დატვირთვით და ჩვენს მგზავრებს არ შევუქმნათ დისკომფორტი გადაადგილებისას.
გარდა ამისა, დაცულია უსაფრთხოების ზომები, მეტროსადგურის მატარებლების, ასევე მუნიციპალური ავტობუსების ყოველდღიური დეზინფექცია ტარდება. გარდა ამისა, სატრანსპორტო კომპანიას ჰყავს კონტრაქტორი ორგანიზაციები, რომლებიც უზრუნველყოფენ, რომ ისეთ საკვანძო პოზიციებზე მყოფ თანამშრომლებს, როგორიც არიან მემანქანეები, მძღოლები, კონტროლიორები, საჭიროების შემთხვევაში, ჩაუტარდეთ როგორც PCR კვლევა, ასევე სწრაფი ტესტირებაც. თბილისის მეტროს მობილიზებული ჰყავს ყველა ის თანამშრომელი, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ მგზავრებისთვის შეუფერხებელი გადაადგილების საშუალება“,-განაცხადეს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.
ცნობისთვის, თბილისის მეტროს მემანქანეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი „ერთობა 2013“-ის განცხადებით, მეტროს მემანქანეებისა და სხვა პოზიციებზე დასაქმებული თანამშრომლების დიდი ნაწილი ინფიცირებულია.
მათი განცხადებით, არსებულ რთულ ვითარებაზე სრული პასუხისმგებლობა სატრანსპორტო კომპანიის გენერალურ დირექტორსა და მენეჯმენტს ეკისრება, რადგან მათ არ გაითვალისწინეს მეტროს მემანქანეთა პროფკავშირის რეკომენდაციები, რაც გულისხმობდა, დილით 7:00 საათზე მეტროს გახსნას და საღამოს 21:00 ზე ჩაკეტვას.
„ერთობა 2013“ მკაცრი შეზღუდვების დაუყოვნებლივ მიღებას მოითხოვს. მათი თქმით, შესაძლებელია მეტრო გარკვეული პერიოდით გაჩერდეს, რათა არ მოხდეს ვირუსის უკონტროლო გავრცელება.
კომენტარები