მსოფლიო
"ექიმების ვალია, პაციენტებს ავუხსნათ, რომ მათ უმეტესობას არ სჭირდება სტაციონარიზაცია და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ სახლში მშვიდად იგრძნონ თავი" - ბიძინა კულუმბეგოვი
2020-11-17 16:09:36
იმუნოლოგ-ალერგოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი შეფასებით, ზოგადად ეპიდემიის მიმდინარეობის ტრაექტორია აღმავალია, შესაბამისად, შეხვედრისას ასევე საუბარი იყო ეპიდემიოლოგიურ მოდელირებებზე.
„ვთანხმდებით, რომ ქვეყანა პიკთან ახლოს არის. რა თქმა უნდა, თითოეული ადამიანის სიცოცხლე ჩვენთვის, თითოეული ექიმისა და სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი და ძვირფასია. სწორედ ამაზე იყო საუბარი, რომ შესაბამისობაში მოვიდეს ერთმანეთთან პაციენტების გაზრდილი რაოდენობა და სახელმწიფოს შესაძლებლობები. ვისაუბრეთ ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვაზე, რაც რეალური პრობლემაა, თუმცა ეს პრობლემაა სამედიცინო და არა სახელმწიფოს ნაწილში. თითოეული ჩვენგანის, ყველა ექიმის ვალია, პაციენტებს ავუხსნათ, რასაც ახლაც ვაკეთებთ, რომ მათ უმეტესობას არ სჭირდება სტაციონარიზაცია და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ადამიანებმა სახლში მშვიდად იგრძნონ თავი. ამისთვის საჭიროა რესურსებზე ხელმისაწვდომობა და აქ პირველ რიგში იგულისხმება პირველადი ჯანდაცვის სისტემა და მისი გაუმჯობესება. ასევე რა თქმა უნდა, საუბარი იყო მობილობის შემცირებაზე, რათა ჩვენ ვირუსის გავრცელების ბუნებრივ მაჩვენებლებს დავარტყათ. ეს თავისთავად აისახება ავადობის შემცირებაზე, რაც ავტომატურად ნიშნავს ჰოსპიტალიზაციის შემცირებას და მასზე შეწონილ სიკვდილობის ციფრს. ამ ყველაფერთან დაკავშირებით განმეორებითი შეხვედრები გაიმართება“, - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.
კომენტარები