საზოგადოება
“ამ პროდუქტებით კვებავს ჩვენი მერი თავის შვილებს?”- ბაღის დასარიგებელი პროდუქტებიდან ზეთი მას შემდეგ გაქრა, რაც ბაზარზე მისმა ფასმა მოიმატა
2020-11-16 16:45:21
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ ის პროდუქტები, რომელიც ბავშვებს სტანდარტულად სააღმზრდელო პროცესში უნდა მიეღოთ, ისევ ბავშვებისთვის დარიგება გადაწყვიტა და პროდუქტების დარიგების მეორე ეტაპი დაიწყო.
თუმცა, როგორც გაირკვა, ბავშვებისთვის განკუთვნილი რძე - რძისამემ შეცვალა, ხოლო ერთი ბოთლი ზეთი, რომელიც აქამდე ურიგდებოდათ, კალათიდან საერთოდ ამოღებულია..
საეჭვოდ ემთხვევა ზეთის დასარიგებელი პროდუქტების სიიდან ამოღებას მისი ფასის მატება, რადგან როგორც ცნობილია, სექტემბრიდან ყველაზე მოთხოვნად სასურსათო პროდუქტზე ფასმა, თითქმის 12%ით მოიმატა.
Itv.ge-ს უკვე რამდენიმე კვირაა უკმაყოფილო მშობლები უკავშირდებიან, ხან კი სოციალურ ქსელში ფოტოებს უგზავნიან იმის დასტურად, თუ რა საკვებით კვებავს ბაგა- ბაღების სააგენტო აღსაზრდელებს.
“ბავშვს ვცდილობ ყოველთვის საუკეთესო თუ არა, კარგი ხარისხის პროდუქტი მაინც ვაჭამო, მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილად არ ვცხოვრობთ დალხენილი და არც ბევრი ფული მაქვს, მე ვიკლებ და ბავშვს მაინც კარგს ვყიდულობ.
ის, რაც დაარიგეს, იყო ყველაზე დაბალი ხარისხის პროდუქტი, ბოლოს ზეთიც აღარ მოგვცეს..
ასაწონი უვარგისი გერკულესი, მაკარონი, ბარდა რაც არასდროს მიჭმევია ბავშვისთვის, გულწრფელად მაინტერესებს, აი ამ პროდუქტებით კვებავს ჩვენი მერი თავის შვილებს? მაშინ ჩვენსას რას ერჩის? მესმის, რომ გვეხმარებიან და ძალიან კარგია, მაგრამ ხომ შეიძლება ამასაც სხვანაირად გაეწიოს ორგანიზება და მხოლოდ პიარისთვის არ გაკეთდეს?!”- ამბობს ჩვენთან საუბარში ერთ-ერთი მშობელი.
Itv.ge-მ აღნიშნული ფაქტის გარკვევა ბაღების მართვის სააგენტოში გადაწყვიტა. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ნინო გულბათაშვილის თქმით, ბაღებში სხვადასხვა ეტაპზე იცვლება იმ პაკეტის შემადგენლობა, რომელსაც სოციალური პროექტის ფარგლებში არიგებენ და ამის მიზეზი არის ბაზარზე არსებული ვითარება.
რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ დევს ზეთი პაკეტში, მათი კომენტარი ასეთია:
“წინა ეტაპზეც არ ყოფილა ზეთი, რადგან მომწოდებელი კომპანიები ვერ ახერხებენ ერთდროულად იმ მოცულობით გარკვეული პროდუქტის შემოტანას, რა მოცულობაზეც არის მოთხოვნა”
საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორის, კახაბერ გვანცელაძის ინფორმაციით კი, პროდუქტები დროდადრო იცვლება, თუმცა რა მოხდა კონკრეტულ შემთხვევაში, ამაზე მხოლოდ ოფიციალურ წერილით მიმართვისას ექნება პასუხი
Itv.ge: რატომ ამოიღეთ პროდუქტების სიიდან ზეთი ?
კახაბერ გვანცელაძე: ბაღებში სოციალური პროექტის ფარგლებში დარიგებული პროდუქტების ჩამონათვალი დრო და დრო იცვლება, ეს შემთხვევაა ახლაც. პროდუქტი ბაღებში შეაქვს ორ კომპანიას და მომარაგება ხდება წინასწარ შეთანხმების საფუძველზე.
Itv.ge: რის მიხედვით ათანხმებთ პროდუქტების სახობებს?
კახაბერ გვანცელაძე: დანარჩენზე გთხოვთ მოგვართოთ ოფიციალური წერილით.
მიუხედავად ჩვენი მცდელობისა გაგვერკვია, თუ “ვინ შეჭამა (თუ დალია) ზეთი”, კონკრეტულ კითხვაზე კონკრეტული პასუხი სამწუხაროდ, ვერავისგან მივიღეთ..
კომენტარები