მთავარი თემა
მთავრობამ შეზღუდვები გაამკაცრა და ახალი დადგენილება მიიღო
2020-05-15 01:19:01
18 მაისიდან, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ზომები მკაცრდება და მოქალაქეებს შიდა გადაადგილებაც ეზღუდებათ.
შეზღუდვების შესახებ დადგენილება (https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/4870732?publication=0 ) მთავრობამ რამდენიმე წუთის წინ მიიღო და საგანგებო მდგომარეობის ბოლომდე, 22 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.
პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას ხელმოწერილ დადგენილებაში ნათქვამია:
მუნიციპალიტეტში იკრძალება ყველა სახის მიმოსვლა, რომელიც გულისხმობს:
- იკრძალება ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შესვლა. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება ბოლნისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ/ფაქტობრივად მცხოვრებ პირებზე;
- იკრძალება ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან გასვლა;
- იკრძალება ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადაადგილება.
შეზღუდვები არ ეხება:
- სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით გადაადგილებას;
- სურსათისა და ფარმაცევტული პროდუქტების შეძენის მიზნით გადაადგილებას;
- იკრძალება ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილებაც.
შეზღუდვები ეხება ეკონომიკურ საქმიანობასაც და ჩერდება ნებისმიერი საქონლის/პროდუქტის მიწოდება/რეალიზაცია, გარდა:
- სამედიცინო დაწესებულების საქმიანობისა;
- სამედიცინო დანიშნულების საქონლის, ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციისა;
- სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის, ვეტერინარული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სათესლე და სარგავი მასალების საცალო რეალიზაციისა;
- მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მეწარმე სუბიექტებისა, რომელთა ჩამონათვალსა და ფუნქციონირების წესს განსაზღვრავენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროები;
- სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარებასა და მეცხოველეობასთან/მეფრინველეობასთან დაკავშირებული საქმიანობისა;
- ელექტროკომუნიკაციის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის, ბენზინის, დიზელის, თხევადი აირის მიწოდებისა;
- ბანკომატების უწყვეტი ფუნქციონირებისათვის საჭირო საქმიანობისა.
შეგახსენებთ, რომ 14 მაისს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში - გეტასა და მუშევანში, კორონავირუსით ინფიცირების 17 შემთხვევა დადასტურდა.ბოლნისში ზომების გამკაცრება სწორედ ამ ფაქტს უკავშირდება.
კომენტარები