მსოფლიო
კახეთში 58 წლის კაცმა 6 წლის გოგონასთან სექსუალურად იძალადა - ბავშვს მძიმე ტრავმა აქვს
2020-05-11 13:21:47
რეგინფო.ჯი სკანდალური საქმის შესახებ წერს. ინტერნეტგამოცემის ინფორმაციით, 58 წლის მამაკაცი ბრალდებულია 6 წლის გოგოსთან სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში – სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, რაც 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
გამოცემის ინფორმაციით, მამაკაცი დაკავებული იყო, მაგრამ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა საქმის განხილვა ისე გააჭიანურა, რომ ბრალდებულს წინასწარი პატიმრობის მაქსიმალური, 9 თვიანი ვადის ამოწურვამდე რამდენიმე დღე დარჩა და ის გირაოთი გაათავისუფლეს. ახლა მსხვერპლი და ძალადობაში ბრალდებული ერთ ეზოში ცხოვრობენ. დაზარალებულის ოჯახი დახმარებას ითხოვს.
სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით, 2019 წლის ზაფხულში,
ლაგოდეხის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებმა 58 წლის კაცმა, იმავე ეზოში მცხოვრები 6 წლის გოგო, რომელიც თანატოლთან ერთად თამაშობდა, საძინებელში შეიყვანა, საწოლზე დააწვინა, ტანსაცმელი გახადა, თვითონაც გაიხადა და სექსუალური ხასიათის ქმედება ჩაიდინა.
ამ მომენტში ოთახში შევიდა მეორე ბავშვი, რომელიც გოგოსთან ერთად თამაშობდა და მას ეძებდა. კაცი ბავშვებს დაემუქრა, რომ არსად არაფერი ეთქვათ. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს არ ყოფილა ამ გოგოს მიმართ კაცის მხრიდან ძალადობის პირველი შემთხვევა. ბავშვმა დედას მომხდარის შესახებ მოუყვა.
2019 წლის 5 ივლისს კაცი დააკავეს. 8 ივლისს ლაგოდეხის მაგისტრმა მოსამართლემ მას პატიმრობა შეუფარდა და საქმე განსახილველად გურჯაანის რაიონულ სასამართლოს გადაეცა.
მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა საქმის განხილვა ისე გააჭიანურა, რომ ბრალდებულს 9 თვიანი საპატიმრო ვადა ეწურებოდა, ამიტომ მას აღკვეთის ღონისძიება გირაოთი შეუცვალა.
რეგინფო.ჯი წერს, პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, პროცესი 2020 წლის 8 აპრილს უნდა გამართულიყო, მაგრამ ბრალდებულმა განაცხადა, რომ ქვეყანში საგანგებო მდგომარეობის გამო საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მოძრაობს და ის სასამართლოში ვერ გამოცხადდებოდა. არადა ბრალდებულის ოჯახს ორი ავტომობილი ჰყავს. პროცესზე ამავე მიზეზით არ გამოცხადდნენ ადვოკატებიც, მაშინ, როცა ისინი წინა პროცესებზე თბილისიდან გურჯაანში საკუთარი მანქანით ჩადიოდნენ. პროცესზე არ გამოცხადდა ბრალდებულის მესამე ადვოკატიც, რომელიც ადგილობრივია.
ორი სასამართლო სხდომა გაიმართა დისტანციურად, მაგრამ ორივე შემთხვევაში ბრალდებულმა განაცხადა, რომ მას პროცესის მონაწილეების საუბარი არ ესმოდა და სხდომები გადაიდო.
საქმის განხილვის დასრულებამდე დარჩენილია ბრალდებულის დაკითხვა და დასკვნითი სიტყვის წარმოთქმა. ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს.
ფსიქოლოგის განმარტებით, რომელიც ძალადობის მსხვერპლ ბავშვთან მუშაობს, ბავშვს სერიოზული ფსიქოლოგიური ტრავმა აქვს და ხანგრძლივი მკურნალობა სჭირდება. ძალადობაში ბრალდებულის გათავისუფლების შემდეგ, ბავშვის მდგომარეობა გაუარესდა და ის ხშირად ამბობს, რომ კაცი მას მოკლავს და იმალება.
დაზარალებულის ოჯახის წევრები ვარაუდობენ, რომ ბრალდებული საქმის მოგვარებას ცდილობს და პროცესის გაჭიანურება ამას ემსახურება. მათივე თქმით, გათავისუფლების შემდეგ ის ეზოში გამომწვევად იქცევა და დანაშაულის პროვოცირებას ცდილობს.
მომდევნო სასამართლო პროცესი 13 მაისს არის ჩანიშნული.
რეგინფო.ჯი
კომენტარები