1 6 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

შსს-მ დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ატვირთვის და გავრცელების საქმეზე ორ პირს ბრალი წარუდგინა

შსს-მ პასუხისგებაში მისცა პირი, რომელმაც დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები საჯარო სივრცეში პირველმა ატვირთა და გაავრცელა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის - მამუკა ჭელიძის ბრიფინგი

გვსურს, საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმეზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, რამდენიმეთვიანი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გამოავლინა და პასუხისგებაში მისცა პირი, რომელმაც საჯარო სივრცეში პირველმა ატვირთა და გაავრცელა აღნიშნული კადრები. აღნიშნულმა პირმა კადრები პირველმა განათავსა ინტერნეტსივრცეში, რითაც ის ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა. ბრალდებულის კუთვნილ ტელეფონზე ჩატარდა კომპლექსური ფონო-ვიდეოსკოპური, ჰაბიტოსკოპური და საინფორმაციო ტექნოლოგიური ექსპერტიზები. აღნიშნულ პირს ბრალი უკვე წარედგინა.

ჩატარებული ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ვიდეო ჩანაწერი 2019 წლის იანვრის თვეში, მკვლელობისთვის ამჟამადაც პატიმრობაში მყოფმა საქართველოს მოქალაქემ დ.ა.-მ. ინტერნეტით გაავრცელა სომხეთის რესპუბლიკიდან. აღნიშნული კადრები დ.ა.-მ სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ მესენჯერის საშუალებით რუსეთის ფედერაციის მოქალაქე მ. დ.- სგან მიიღო.

გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ კადრები ფარულად უკანონოდ გადაღებულია 2012 წლის მაისის თვეში. რისთვისაც 2016 წელს გასამართლებულები არიან ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნები.

საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში, სომეხი სამართალდამცველების დახმარებით, სომხეთის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ამოღებულია დ.ა.-ს მობილური ტელეფონი. კომპლექსური ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ სწორედ ამ მოწყობილობიდან იქნა გავრცელებული ვიდეომასალა.

დ.ა.-ს და მ.დ.-ს დაუსწრებლად წარედგინათ ბრალი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების ფაქტზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით ორივე მათგანს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდათ პატიმრობა.

აღნიშნულ საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რათა დადგინდეს აღნიშნულ დანაშაულში შესაძლო მონაწილე სხვა პირების ვინაობა.

აღსანიშნავია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით დაკავებულია და სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაშია მიცემულია 19 პირი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები