მსოფლიო
“პალიტრა მედიაში” პროკურატურის წარმომადგენლები შევიდნენ
2018-09-25 18:17:08
„პალიტრა მედიაში“ პროკურატურის წარმომადგენლები შევიდნენ. საგამოძიებო სამსახური ფინანსურ დოკუმენტაციას სწავლობს.
ამის შესახებ განცხადებას თავად „პალიტრა მედია“ ავრცელებს.
„24 სექტემბერს, ჩვენთვის უცნობი, საქმე N 074210818803-ის გამოძიების მოტივით, “პალიტრამედიას” სტამბაში (შპს “კოლორპაკი”), შევიდნენ მთავარი პროკურატურის გამომძიებლები და მოითხოვეს 01.01.14-დან 11.09.18-ის ჩათვლით “სრული სამართლებრივი, საბუღალტრო, ფინანსური და ეკონომიკური დოკუმენტაცია და საწარმოს ამავე პერიოდის კორესპონდენცია.
“მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის გაუგებარია, რას ემსახურება და რა აუცილებლობით არის განპირობებული კომპანიიდან დოკუმენტაციის ძირფესვიანად ამოღება; მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს უფლება, ზ.ა. განჩინება გავასაჩივროთ სააპელაციო სასამართლოში, გადავწყვიტეთ, გასაჩივრების და გართულების გარეშე გადავცეთ პროკურატურას მოთხოვნილი მონაცემები, ვინაიდან, როგორც წლების წინ, წინა ხელისუფლების პერიოდში 2011 წელს, “პალიტრა მედიას” ტოტალური შემოწმებისას ვიყავით დარწმუნებული ჩვენი საქმიანობის გამჭვირვალობაში (რაც მაშინ, შემოწმების შედეგებმაც დაადასტურა), ახლაც ზუსტად ისევე ვართ საკუთარი ქმედებების კანონიერებასა და გამჭვირვალობაში დარწმუნებული.
“ამავე დროს, გვსურს განვაცხადოთ, რომ ყველა დოკუმენტის დედანი გადაეცემა პროკურატურას მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩვენს მიერ, უახლოეს დღეებში გაკეთდება მათი ასლები და მოხდება თითოეულის ნოტარიული დამოწმება,” – ნათქვამია „პალიტრა მედიას“ განცხადებაში.
კომენტარები