მსოფლიო
შაბათის განთიადი, ცხელი ყავა და ...
2018-04-28 00:44:14
ტაისია ბოტკოველი
"დედასგან ვიცი, რომ შაბათ დილას ვარ დაბადებული, იქნებ ამიტომაც მიყვარს განსაკუთრებულად ყოველი დღის დილა, განსაკუთრებულად კი შაბათის დილა..
ყველა საჭირო და საინტერესო იდეა რატომღაც ამ დღის დილას მოდის ხოლმე.
დაუსრულებელი ფილმები , სერიალები თუ წიგნები კი, შაბათ დილას სრულდება.. ყველაზე მშვიდი ამ დღის დილას ვარ და მგონი, ყველაზე ნამდვილი მეც ჩემში, ყოველი კვირის შაბათ დილას იღვიძებს ხოლმე..
როგორია შაბათი დილა? იმედით სავსე და ფოლადივით უტეხი..
შაბათ დილას არასდროს არ იქნებით მარტო და იცით რატომ? ამ დილას, მთლიანი კვირის ამბების დასკვნითი ნაწილი ილექება ჩვენს გონებაში .. ხან "ანას" ელაპარაკები და ცდილობ აუხსნა, რატომ უთხარი ის, რაც უთხარი, ხან "თამთას" მადლობას უხდი გაწეული სამსახურისთვის, "ბექას" საყვედურობ დაუმსახურებელი შენიშვნისთვის, "ნინოს" საქციელი მაგალითად მოგყავს იმისთვის, თუ როგორი არ უნდა იყო არასდროს.. ხან მშობლებს ურეკავ და ათას მადლობას უხდი იმისთვის, რომ შენს გვერდით არიან და უყვარხარ ნამდვილი, წრფელი და უანგარო სიყვარულით.. თუმცა არ შეცდეთ, ეს ის ხმები არ არის, ძილში რომ გესმის და გაღვიძებისას კი აღარ გახსოვს..
წვიმიანი შაბათი დილაც განსაკუთრებულად მიყვარს, ფარდებს გადავწევ, შიშველ ფეხებს იატაკზე დავაწყობ და ცხელი ყავის მოსამზადებლად სამზარეულოსკენ წავალ..ვერც შოკოლადს გადავეჩვიე..
შეჩვევა?! - ჩემი აზრით, შეჩვევა ყველაზე სასტიკი და გამაღიზიანებელი გრძნობაა..ზოგჯერ ისიც მიფიქრია, რომ ორნაირი შეჩვევა არსებობს: შეჩვევა, რომელიც ყველას ახასიათებს და შეჩვევა, როგორიც მე ვიცი..
ასე შევეჩვიე შაბათ დილას, ცხელ ყავას და შოკოლადს.."და როცა ვინმე ჩემზე უკეთ ადიდებს დილას, ასე მგონია: მე რო მიყვარს, იმას მართმევენ"
კომენტარები