მსოფლიო
სადაზღვევო თაღლითობის უპრეცედენტო ფაქტი - დაკავებულია თაღლითური დაჯგუფება
2017-08-16 11:26:11
ჩამოტვირთვა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ სადაზღვევო კომპანიების მიმართ ჩადენილი თაღლითობის უპრეცედენტო ფაქტი გახსნა.
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თაღლითური დაჯგუფების წევრები - 1978 წელს დაბადებული შ.თ., 1989 წელს დაბადებული ი.წ. და 1984 წელს დაბადებული გ.ს. ამხილეს, ხოლო 1980 წელს დაბადებული ი.ტ. დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები 2015 წლის 5 დეკემბრიდან 2016 წლის 17 ნოემბრამდე პერიოდში, წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი სქემის მიხედვით, საკუთარ სახელზე გაფორმებულ, სხვადასხვა მარკის ავტომანქანებს სადაზღვევო კომპანიებში აზღვევდნენ. შემდეგ, ამავე დაზღვეული ავტომანქანების გამოყენებით, ინსცენირებულ ავტოსაგზაო შემთხვევებს - განზრახ შეჯახებებს ახდენდნენ. ბრალდებულები მომხდარი ავტოავარიების შესახებ სადაზღვევო კომპანიებს ატყობინებდნენ და ზარალის ანაზღაურებას ითხოვდნენ. სადაზღვევო კომპანიები კი ზარალის ასანაზღაურებელ თანხას დამზღვევი პირების ანგარიშზე რიცხავდნენ. დანაშაულებრივმა ჯგუფმა, ჩადენილი თაღლითური ქმედებების შედეგად, სადაზღვევო კომპანიებს, დაახლოებით, 33, 000 ლარის ოდენობის ფინანსური ზარალი მიაყენა.
გამოძიება მიმდინარეობს ი.ტ.-ს მიმართ საქართველოს სსკ-ს 19-180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების „ბ“ ქვეპუნქტებით, ასევე, 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების „ბ“ ქვეპუნქტებით, ი.წ.-ს მიმართ - საქართველოს სსკ-ს 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, შ.თ.-ს მიმართ - საქართველოს სსკ-ს 19-180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ხოლო გ.ს.-ს მიმართ - საქართველოს სსკ-ს 19-180-მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
კომენტარები