0 3 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გია და ლევან ყარამანიშვილების პასუხი "რუსთავი 2-ის" გუნდის წინადადებაზე

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის წილის 91% -ის  მფლობელები ლევან და გია ყარამანიშვილები რუსთავი 2-ის თანამშრომელთა შეთავაზებაზე საპასუხო განცხადებას ავრცელებენ და მზადყოფნას გამოთქვამენ რუსთავი 2-ის აქციათა საკონტროლო პაკეტის, 51%-ის მფლობელი შ.პ.ს. ტელეკომპანია საქართველოს აქციების საკონტროლო პაკეტი, 51% რუსთავი 2-ის თანამშრომლებს გადასცენ. 

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„გვსურს გამოვეხმაუროთ ნიკა გვარამიას ბრიფინგს, რომელიც გაიმართა ჩვენი გუშინდელი შეთავაზების საპასუხოდ. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ჩვენი ინიციატივა იყო რუსთავი 2-ის მთელი კოლექტივისთვის ტელეკომპანიაში ჩვენი წილების უსასყიდლოდ გადაცემა. გაკვირვებული ვართ, რომ ამ შეთავაზების პასუხად მივიღეთ ერთგვარი ულტიმატუმი, რომ გადაგვეცა არა შეთავაზებული 40%, არამედ ტელეკომპანიის საკონტროლო პაკეტი, ისიც, როგორც ჩანს, მხოლოდ კოლექტივის ერთი ნაწილისთვის. ჩვენი გუშინდელი ინიციატივა არის არა ფიქცია, როგორც ეს ბრიფინგზე ითქვა, არამედ რეალური გზა იმისკენ, რომ ყველა თანამშრომელმა დამსახურებულად მიიღოს კონკრეტული ფინანსური სარგებელი როგორც კი ტელეკომპანია გავა მოგებაზე, რისი ყველა წინაპირობა არსებობს ივანიშვილის მხრიდან ტელეკომპანიის დევნის შეწყვეტის შემდეგ.

"გაუგებარია, თუ რას გულისხმობდა გენერალური დირექტორი, როცა საუბრობდა იმაზე, რომ ჩვენი შეთავაზება „პრაქტიკულად არ ცვლის საქმის ვითარებას“. რის შეცვლაზეა საუბარი? ჩვენ არასდროს ჩავრეულვართ ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკაში, რომელსაც ყოველთვის თავად მენეჯმენტი და ჟურნალისტები განსაზღვრავდნენ. ეს ასე იქნება მომავალშიც.

"არ გვინდა საზოგადოება და ჩვენი კოლექტივი დავღალოთ იურიდიული ნიუანსებით. თუ საუბარია ჩვენი ინიციატივის სანდოობაზე, უსაფუძვლო ეჭვების გასაქარწყლებად, ვადასტურებთ, რომ მზად ვართ, კოლექტივს გადავცეთ 51% ტელეკომპანია „საქართველოში“, რომელიც თავის მხრივ არის რუსთავი 2-ის 51%-ის მესაკუთრე. ეს ნიშნავს, რომ ტელეკომპანიის მართვა მთლიანად კოლექტივის ხელში გადავა. გთავაზობთ, ამით დასრულდეს ამ თემაზე საჯარო დისკუსია და გადავიდეთ კონსულტაციების საქმიან რეჟიმში, როგორც ჩვენს თავდაპირველ განცხადებაში იყო შემოთავაზებული, რათა წილები გუნდის წარმომადგენლებს გადაუნაწილდეთ ღიად და სამართლიანად.“

კომენტარები

მსგავსი სიახლეები