მსოფლიო
ვანო მერაბიშვილის სახლის გაქურდვის ბრალდებით სამი პირი დააკავეს
2014-12-18 10:55:51
ჩამოტვირთვა
სამართალდამცავებმა ყოფილი შს მინისტრის ვანო მერაბიშვილი სახლის გაქურდვის ბრალდებით სამი პირი დააკავეს.
შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ადიგენის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი სამი პირი: 1993 წელს დაბადებული გიორგი შ, 1987 წელს დაბადებული ზაზა ქ. და 1989 წელს დაბადებული თამაზ ქ. ქურდობის ბრალდებით ახალციხეში დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა 16 დეკემბერს, დაბა აბასთუმანში ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში აბაზანის სარკმლიდან ფარულად შეაღწიეს, საიდანაც პლაზმური ტელევიზორები, ჭურჭელი, სხვადასხვა დასახელების სასმელი, მოვერცხლილი ხატი და საყოფაცხოვრებო ნივთები მოიპარეს.
სამართალდამცველებმა თბილისში, ერთ-ერთი დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას მოპარული ნივთების გარკვეული ნაწილი ამოიღეს. ასევე, მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ბაზრობიდან მოპარული ჭურჭლის ნაწილი, ხოლო თბილისში მდებარე 2 ლომბარდიდან ტელევიზორი და ლეპტოპი ამოიღეს.
გამოძიება ბინაში უკანონოდ შეღწევით ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).
კომენტარები