1 2 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"ქალი, რომელსაც განგებამ ყველაფერი აჩუქა გარდა სიყვარულისა"

ჩამოტვირთვა

იგი უყვარდათ და იგი სძულდათ… მას აკერპებდნენ და მას “ამსხვრევდნენ”… იგი არავისზე ტოვებდა ზომიერ და გაწონასწორებულ შთაბეჭდილებას. მას ან ადიდებდნენ, ან გამანადგურებლად აკრიტიკებდნენ. ოპერის სამეფოში არიან დივები, არიან დედოფლები, მაგრამ ქალღმერთი მხოლოდ ერთია და მას მარია კალასი ჰქვია. ბევრისათვის იგი იდეალია, ბევრისთვის კი _ ცუდი მაგალითი. კალასის თითოეული გამოჩენა სცენაზე იყო ნამდვილი ბრძოლა მასსა და მეტოქეებს შორის. მომღერალს ყოველ ჯერზე უწევდა იმის მტკიცება, რომ იგი საუკეთესო იყო თავისი ეპოქის მომღერლებს შორის. შედეგად, ზოგს შურდა, ზოგსაც მისი ხმა არ მოსწონდა, მაგრამ ერთ ფაქტს ვერავინ გაექცეოდა: ის, რასაც კალასი აკეთებდა, მათთვის შეუძლებელი და მიუწვდომელი იყო. “მუსიკას უნდა ემსახურო. თუკი ასე არ მოიქცევი, ის იმდენად დიდია, რომ მარადიულ ტანჯვად გადაიქცევა შენთვისო” –ამბობდა მარია კალასი. 1923 წლის დეკემბერში, ნიუ-იორკში, ბერძენი ემიგრანტების ოჯახში გაჩნდა გოგონა, რომლის ამქვეყნად მოვლინება საკუთარ დედასაც არ გახარებია. მარიას დაბადებამდე მისმა მშობლებმა ერთადერთი ვაჟი დაკარგეს, გოგონა მათ უკვე ჰყავდათ. დედას, რომელიც ცხრა თვის განმავლობაში ღმერთს ვაჟის შეძენას ევედრებოდა, ახალშობილისთვის არც შეუხედავს. რამდენიმე დღე დასჭირდა იმისთვის, რომ ქალიშვილის დაბადებას შეგუებოდა. ამერიკაში ეკონომიკური კრიზისი მძვინვარებდა, რომელმაც მარიას ოჯახი ჯერ გააკოტრა, ხოლო შემდეგ დაანგრია. 1937 წელს მარია დედასთან ერთად ათენში გადასახლდა. ბავშვს გამორჩეული მუსიკალური ნიჭი აღმოაჩნდა, დედაც აიძულებდა საათობით ემეცადინა. მარიას ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობდა, თუმცა გოგონამ მაინც ჩააბარა ათენის კონსერვატორიაში. 15 წლისა წარმატებით გამოდიოდა სცენაზე, ოჯახსაც ეხმარებოდა და პუბლიკას თავისი ნიჭით აოცებდა. მაშინ ვერავინ იფიქრებდა, რომ ის წლების შემდეგ მთელს მსოფლიოს დაიპყრობდა. 1947 წელს მარია იტალიაში გაემგზავრა, სადაც პირველი პრესტიჟული კონტრაქტი გააფორმა. იმ დღეებში ახალგაზრდა ქალის ცხოვრებაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა: მარიამ მდიდარი მეწარმე ჯოვანი ბატისტა მენეგინი გაიცნო, რომელიც საოპერო მუსიკის დიდი თაყვანისმცემელი გახლდათ. მაშინ მარია კალასს ჯერ კიდევ არავინ იცნობდა. იმის მიუხედვად, რომ ჯოვანი მასზე 30 წლით უფროსი იყო, ისინი მაინც დამეგობრდნენ, ორი წლის შემდეგ კი დაქორწინდნენ. ხშირად ამბობენ, რომ მარია კალასი მენეგინის "სუპერპროექტი" იყო - ის მისთვის მეგობარიც იყო, მენეჯერიც, საქმიანი პარტნიორიც და მხოლოდ ამის შემდეგ - მეუღლე. ჯოვანი სიამოვნებით ხარჯავდა ფულს იმისათვის, რომ მარია პოპულარული გამხდარიყო. რამდენიმე წელიწადში მარია, რომლის სიმაღლეც 1 მეტრი და 70 სმ იყო, ხოლო წონა - 104 კილოგრამი სწორედ იმ მზეთუნახავად იქცა, რომელმაც 1952 წელს მრავლისმნახველი ლა სკალა დაიპყრო. 1957 წლის სექტემბერი იდგა, საბედისწერო დღე, რომელმაც საბედისწერო სიყვარული მოიტანა. მარია კალასმა ბერძენი მილიარდერი არისტოტელე ონასისი გაიცნო. ონასისი გამოუსწორებელი მექალთანის რეპუტაციით სარგებლობდა, ამიტომ არავის გაკვირვებია, როდესაც მარია ქმართან ერთად დასასვენებლად თავის იახტაზე მიიწვია. მომღერლის საქციელმა კი ბევრი გააოცა, ბევრსაც ჭორაობის საბაბი მისცა: ცნობილი მომღერალი არ ერიდებოდა ონასისისთან განმარტოებას და არც ცდილობდა თავისი გრძნობა დაემალა. ბედნიერები დროს ვერ გრძნობენო, უთქვამთ. მარია ვერც დროს გრძნობდა და ვერც ათასობით მტრულად განწყობილი ადამიანის თვალს, რომლებიც მეუღლის ღალატის გამო კიცხავდნენ. მარია ზედიზედ ამბობდა უარს საინტერესო კონტრაქტებზე, საერთოდ აღარ ფიქრობდა თავის კარიერაზე და არც იმაზე, რომ კანონიერი მეუღლე ჰყავდა. საბოლოოდ ქალმა ვერ გაუძლო მუდმივ გაორებას, მეუღლე მიატოვა და პარიზში გადასახლდა, რათა ონასისისთან უფრო ახლოს ყოფილიყო. 7 წლის შემდეგ მარია კალასი დაფეხმძიმდა და ვინ იცის, უკანასკნელად მიეცა შანსი დედა გამხდარიყო, რომ ონასისმა 43 წლის მარია მძიმე არჩევანის წინაშე დააყენა: ან შვილს გააჩენდა, ან მას დაკარგავდა. მარია კალასმა კიდევ ერთხელ დათმო... მათი ურთიერთობა მარიასათვის საბედისწეროდ დასრულდა: 1969 წელს ონასისი ჯონ კენედის ქვრივზე დაქორწინდა. ამ ქორწინებამ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, რის გამოც ონასისი კიდევ ერთხელ მოექცა საყოველთაო ყურადღების ცენტრში. მასაც სწორედ ეს უნდოდა. მარია კალასის ცხოვრებაში უსიამოვნება უსიამოვნებას მოსდევდა - უიღბლო სიყვარულს პროფესიული წარუმატებლობაც დაერთო - მომღერალმა ხმა დაკარგა. უკანასკნელად სცენაზე 1974 წლის 11 ნოემბერს, ქალაქ საპოროში გამოვიდა. ამის შემდეგ მარია კალასი პარიზში დაბრუნდა, სრულ სიმარტოვეში ცხოვრობდა და თავის ბინას თითქმის აღარ ტოვებდა. დეპრესია კიდევ უფრო გაუღრმავა ონასისის გარადაცვალებამ. "უკვე არაფერს აღარა აქვს აზრი, რადგან არასოდეს არაფერი იქნება ისე, როგორც ადრე იყო!" - აღმოხდა დიდ მომღერალს, როცა მისი გარდაცვალების ამბავი შეიტყო. მომღერალი, რომელსაც მილიონობით თაყვანისმცემელი ჰყავდა, 1977 წლის სექტემბერში, სიმარტოვეში გარდაიცვალა. იგი მხოლოდ 53 წლის იყო..მისი სიკვდილი საიდუმლოების ბურუსით იყო მოცული - დღემდე კამათობენ, გულის შეტევით დაიღუპა, მოწამლეს თუ თავი მოიკლა. ბედის ირონიით, მთელი მისი ქონება ორ ადამიანს დარჩა - დედას და ყოფილ ქმარს, რომელსაც უანგარო სიყვარულით არასოდეს ჰყვარებია. "ქალი, რომელსაც განგებამ ყველაფერი აჩუქა გარდა სიყვარულისა" - ამ ერთი სტრიქონით ახასიათებენ ბიოგრაფები მარია კალასის ცხოვრებას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები