2 0 : 1 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით “ხაოს მარანი” გურჯაანში ღვინის ქარხანას აფართოებს

კომპანია “ხაოს მარანი” დაუდიშვილების ოჯახური მეღვინეობაა, რომელიც ქალაქ გურჯაანში 2013 წელს დაარსდა და მას შემდეგ მნიშვნელოვნად გაფართოვდა.  

11 წლის წინ 400 ტონა ყურძნის გადამუშავებაზე გათვლილი საწარმოს წარმადობა დღეს უკვე 6000 ტონას აღწევს. სახელმწიფო პროგრამების და თიბისის პერმანენტული მხარდაჭერით “ხაოს მარანი” გაფართოებას დღესაც განაგრძობს.

 “სახელი “ხაოს მარანი” მამაჩემს უკავშირდება, რომელიც ჩვენს მხარეში განთქმული მეღვინე იყო, მამას ხაო ერქვა და მის ღვინოსაც ყველა ასე იცნობდა - ხაოს მარნის ღვინო. 2013 წელს როცა ოჯახური ტრადიცის გაგრძელება და ღვინის საწარმოს აშენება გადავწყვიტე, სახელზე ბევრი არ მიფიქრია.

დღემდე ასე მოვდივართ, მე და ჩემი შვილები ვუძღვებით ამ საქმეს, რა თქმა უნდა, გვყავს პროფესიონალი ღვინის ტექნოლოგები და ქარხანაში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. ამჟამად მუდმივად დასაქმებულია 70 ადამიანი, მაგრამ ყურძნის მიღების სეზონზე მუშახელს კიდევ ვიმატებთ”, - ამბობს გოჩა დაუდიშვილი, “ხაოს მარნის” დამფუძნებელი.

საწარმოში ყველაზე მეტად აქტიური პერიოდი მაშინ აქვთ, როცა კახეთში რთველია და ქარხანაში ყურძნის მიღებას იწყებენ, ეს პერიოდი აგვისტოში იწყება და დეკემბრის ბოლომდე გრძელება. მიუხედავად იმისა, რომ ჭარბობს კახური ღვინოები, “ხაოს მარანი” იმერულ და რაჭულ ღვინოებსაც აწარმოებს.

“ხაოს მარანში” 30-მდე სახეობის ტრადიციული და ასევე ევროპული წესით დაწული ღვინო იწარმოება და, ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ღვინის დიდი ნაწილი საქართველოში იყიდება. როგორც გოჩა დაუდიშვილი ამბობს, ყველაზე პოპულარული “ხაოს მარნის” რქაწითელია და თვეში დაახლოებით 100-110 ტონა იყიდება.

“ჩვენი მარნის მისიაა ნატურალური, მაღალხარისხიანი ქართული ღვინისა და სხვა ალკოჰოლური პროდუქციის წარმოება. წლიდან წლამდე ვვითარდებით და უფრო და უფრო უკეთესი ხარისხის ღვინოს ვაწარმოებთ. ჩვენი ქარხნის ტერიტორია 3 ჰექტარია, გვაქვს ჩვენივე ღვინის საცავი და სამაცივრე მეურნეობა.  ხარისხით და ტექნოლოგიურად მე ქართული ღვინოს პირველ ადგილზე ვაყენებ,” - გოჩა დაუდიშვილი.

ახლა “ხაოს მარანში” რთველის მოლოდინია, წლევანდელ სეზონზე 7-დან 8 ათას ტონამდე ყურძენს მიიღებენ და გადაამუშავებენ. მცირე რაოდენობით, მაგრამ მაინც გააქვთ ექსპორტზე აზიის ქვეყნებში - ჩინეთში, ყაზახეთში და სხვ. გოჩა დაუდიშვილი ამბობს, რომ ამჟამად ახალი ქვეყნების ბაზრების ათვისებაზე მუშაობენ, სამომავლოდ, კი საექსპორტო ბაზრების გაფართოება და “ხაოს მარნის” ღვინოების ევროპის ქვეყნებში შეტანა სურთ.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები