0 8 : 1 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“მიხარია, რომ ამ ქვეყნიდან მივდივარ – ჩემი შვილი ჩემზე აღარ იდარდებს და უფრო ლაღად გაშლის ფრთებსო” – ნიკა რაჭველის ემოციური წერილი

კომპოზიტორი, ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში, წერს:

“ჩემი მშობლები ხელს რომ აწერდნენ დედას მაგრად უტირია, არ უხაროდა გათხოვება, თავად 40 წელს იყო გადაცილებული, ხოლო მამა 60-ს უახლოვდებოდა, თუმცა ორივესთვის პირველი და უკანასკნელი ქორწინება იყო.

სუფრა რაჭაში გაუშლიათ და მიუხედავად სენტიმენტალური განწყობისა მაგრადაც მოულხენიათ, ბოლოს ვიღაც ამბროლაურელ ყმაწვილს ჩემს დეიდაშვილზე დაუდგავს თვალი, რაც მამაჩემს შეურაცხყოფად მიუღია და სახლიდან თოფი გამოუტანია, შესაშინებელ გასროლას აურზაური მოყოლია და სტუმრებიც ნელნელა დაშლილან. 

დედა თბილისელი იყო, მამა რაჭის მკვიდრი. ქალაქელობა დედამ ვერ დათმო, მამამ კი რაჭა. ამიტომ ქვეყნიერებას მე რომ მოვევლინე თბილისში დედასთან და ბებიასთან ვიზრდებოდი ვაჟა-ფშაველას მე4 კვარტალში, ე.წ. ხრუშჩოვკის ერთ ოთახიან ბინაში, ცხადია არც პიანინო გვქონდა და რომც გვქონოდა ვერსად დავატევდით. 

ზაფხულობით კი მამა რაჭაში გვმასპინძლობდა მამიდასთან ერთად, ყოველი ზაფხული დაუვიწყარი იყო, თუნდაც იმით, რომ მშობლებს ერთად ვხედავდი. ზამთარშიც მახარებდა მათი ერთობა, მამა თბილისში ჩამოდიოდა და რაჭული ლორი ჩამოქონდა მამიდის გამოტანებულ ლობიანებთან ერთად. 

იქიდან დღემდე მართლაც ბევრი რამ მოხდა. ცუდი ის არის, რომ არც ერთი არ მყავს. 

მამა 1993 წელს გარდაიცვალა უცაბედი ინსულტით, მე 13 წლის ვიყავი, მანამდე დეიდა გამოგვაკლდა ასევე მოულოდნელი ინფარქტით და დედაჩემი ამ ორმა ტრაგიკულმა შემთხვევამ საწოლს მიაჯაჭვა, შვილმკვდარი ბებიის ყოველდღიური გოდება კი ჩემი ცხოვრების მთავარი ლეიტმოტივი გახდა. 

13 წლის ასაკიდან დამაწვა ოჯახზე ზრუნვის პასუხისმგებლობა და რამოდენიმე კაფე-ბარში მოვეწყვე საღამოობით ფორტეპიანოზე დასაკრავად. შეძლებული კლასელების მშობლებთან კი ძალიან მერიდებოდა, როცა იმ კაფე-ბარებს ან რესტორნებს სტუმრობდნენ, სადაც მე ვმუშაობდი. 

დღის ბოლოს აღებული მცირედი გასამრჯელოთი პურს და ნავთს ვყიდულობდი “კერასინკისთვის” და ფეხით მივეშურებოდი სახლისაკენ, სადაც მწოლიარე დედა და ბებია მელოდებოდნენ. 

მერე იყო ჩემი პირველი გასტროლი გერმანიაში, მერე მეორე, ამასობაში დედამ თავს ძალა დაატანა და წამოდგა, თუმცა სამსახურს ვეღარ დაუბრუნდა, გეოლოგი იყო, უფროსწორედ ჰიდრო-გეოლოგი, მცირე ჰესებს აპროექტებდა, 90-იან წლებში კი მსგავსი ინდუსტრია სრულებით შეწყდა და ჩვენი ოჯახი ახლობლების დახმარებით და ჩემი მუშაობით მოპოვებული სახსრებით აგრძელებდა არსებობას. 

არსებობა სწორი ტერმინია, თუმცა სასიხარულოც ბევრი ხდებოდა, რაც მუსიკაში ჩემს მიღწევებს დაუკავშირდა, ცხადია თავიდან ბოლომდე მისი ძალისხმევით და თან გადაყოლით. გარდა იმისა, რომ ყველა გაკვეთილზე დამყვებოდა შუალედებში მეჯდა და მეტრონომის ნაცვლად რიტმში მასმევინებდა ტექნიკურად რთულ ადგილებს. სმენით თავად შესანიშნავად უკრავდა, როგორც ჩანს დავემსგავსე, სიმღერით კი მჯობნიდა, ჩემს ოჯახში ორივე მხრიდან ყველანი ძალიან კარგად მღეროდნენ, ალბათ ამიტომ შემიყვარდა ქართული სიმღერა, გემოვნებიანი, ნაღდი… 

როდესაც კონსერვატორიაში ჩავაბარე და დათო საყვარელიძესთან ერთად პირველი ოპერა დავდგი დედა სიამაყისგან დაფრინავდა. ჯანსუღ და ვანდა კახიძეებთან სიყრმიდან მეგობრობდა და მათი შეფასებით და დიდი მაესტროს ჩემდამი განწყობით სიგიჟემდე ხარობდა. თავგამოდებით ზრუნავდა, რომ ყველა ჩემი გამოსვლის ვიდეო ჩანაწერი გაკეთებულიყო და თუ კი უცებ ინსტრუმენტს მივუჯდებოდი მას მუდამ გამზადებული ქონდა მაგნიტოფონი, რისი საშუალებითაც ცარიელ კასეტებზე ჩუმად იწერდა ჩემს იმპროვიზაციებს, მერე მასმენინებდა და კარგი ეპიზოდების სანოტო ფურცელზე გადატანას მაიძულებდა. 

ასე შევინარჩუნე ძალიან ბევრი მელოდია, რაც ახლაც კი გამომდგომია! სკოლაში ყველას ჩემი ბებია ეგონა, ვინაიდან სხვებთან შედარებით ჩვენს შორის საკმაოდ დიდი ასაკობრივი სხვაობა იყო. ამას განიცდიდა. ძალიან მწვავედ განიცდიდა. ალბათ ფიქრობდა, რომ ნაადრევად გამომაკლდებოდა. 

ვენაში რომ მივდიოდი სასწავლებლად რკინის ქალამნები ჩაიცვა, რათა იქ ცხოვრების და ბინის დაქირავების ფული მოეპოვებინა ჩემთვის. იმ დროინდელ ბიზნესმენებთან ეწერებოდა შესახვედრად, მაგრამ სამდივნოების ზღვარი ვერც ერთხელ გადალახა. იმდენად შეჭირვებულად ეცვა, რომ არ კადრულობდნენ მასთან საუბარს. 

ერთი წარუმატებელი შეხვედრიდან გამოსული ატირდებოდა, მერე ცრემლს მოიწმენდდა და მომდევნო ორგანიზაციისკენ მიემართებოდა ახალი იმედით. მაშინ პირველი, ვინც მას დახმარების ხელი გაუწოდა იმ დროინდელი პარლამენტის თავმჯდომარე ზურაბ ჟვანია იყო. 

ასე მიშოვნა პირველადი წყარო ავსტრიაში დაფუძნებისთვის. ერთმანეთს წერილებს ვწერდით. გამიმართლა, რომ იმ დროს ვაიბერი ან ფეისბუქი არ იყო, რადგან დღეს სათუთად ვინახავ მის ხელნაწერებს. წერილებით ურთიერთობას ჩემთან სიცოცხლის ბოლო წუთამდე განაგრძობდა, რადგან მუდამ მოგზაურობაში მყოფს რომ არ დავიწყებოდა სათქმელი ბარათებად აქცევდა და რომ ვბრუნდებოდი საწერ მაგიდაზე მახვედრებდა. ან ისეთ რამეს მომწერდა ხოლმე, რისი თქმაც იცოდა, რომ გამაბრაზებდა და ყურს არ დავუგდებდი. განსაკუთრებით ეს დაოჯახების თემას ეხებოდა ხოლმე… 

როდესაც სიკვდილის წინ ცოტათი მომჯობინდა კლინიკაში მყოფს მედ-დისთვის უთქვავს:

“უსაზღვროდ მიხარია, რომ ამ ქვეყნიდან მივდივარ, რადგან ჩემი შვილი ჩემზე აღარ იდარდებს და უფრო ლაღად გაშლის ფრთებს მუსიკის უკიდეგანო სამყაროშიო…” 

არ ვიცი რამდენად უფრო ლაღად გავშალე ფრთები, მაგრამ მე მჯერა, რომ შემიძლია ფრენა, რადგან მყავდა ასეთი თავგანწირული დედა – ლამარა ისაკაძე, რომლის დაბადების დღე დადგა დღეს 15 ივლისს. 

ყველას გისურვებთ მშობლების დღეგრძელობასა და ჯანმრთელობას, ხოლო ჩემსავით ობლებს მათი სულების სიამაყეს თქვენი მიღწევებით!”

კომენტარები

მსგავსი სიახლეები