0 7 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პატიმრობაში მყოფი მაია რჩეულიშვილი დუმილს არღვევს და განცხადებას ავრცელებს

  ცენტრპოინტის დაზარალებულები საქალაქო სასამართლოსთან საპროტესტო აქციას დილიდან მართავდნენ. ისინი "დიღომი დისთრიქთ დეფართმენთის" და მაგნოლიას ეპიზოდების გადადებას აპროტესტებდნენ

"15 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან გამართულმა აქციამ, ორგანიზატორთა უნებურად, ძალიან ბევრი საცნაური კითხვა გააჩინა. პირველი, რაც გარეშე პირთათვის მხოლოდ უცნაური იქნებოდა, ჩვენთვის თავზარდამცემი უზნეობის სახეს ატარებს; რას ემსახურებოდა 13 აპრილს გარდაცვლილი ვახტანგ რჩეულიშვილის ფოტოების აქციაზე გამოფენა? მოგვიწოდებენ, ჩვენც დავიხოცოთ, თუ მიცვალებულის დაპატიმრებას ითხოვენ? თვით საქართველოს კონსტიტუციაც კი არ ითვალისწინებს ერთ დანაშაულზე ორჯერ დასჯას. თუ ჩვენ უკვე ვისჯებით პატიმრობით, როგორ ითხოვენ ზარალის ანაზღაურებას – ციხიდან დავასრულებთ მშენებლობებს თუ ძლივს ყადაღაახსნილ საკუთრებას გავყიდით? ოჯახის ერთადერთი წევრი, რომელიც დღეს გარეთ არის და ცდილობს, ეს საკითხები მოაგვაროს, გუკა რჩეულიშვილია. მის დაპატიმრებასაც ითხოვენ. და რას მიიღებენ ასეთ შემთხვევაში დაზარალებულები? ცხადია, ვერაფერს, თუმცა, როგორც ჩანს, ეს არც არავის აინტერესებს. მთავარია, "სამართლიანობის აღდგენის" ილუზია შეიქმნას.


წარმოუდგენელი, არაადამიანურია მიცვალებულის სურათის საპროტესტო აქციაზე გამოფენა. კაცის, რომელსაც მთელი ოჯახი დაუპატიმრეს და რომელიც შვილის გირაოთი გათავისუფლებიდან ერთ კვირაში გარდაიცვალა. არის თუ არა შერჩევითი სამართალი, როცა 2008 წლის ომისა და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის შედეგად საქართველოში 268 კომპანია დაზარალდა, მაგრამ პასუხს მხოლოდ “ცენტრ პოინტს“ აგებინებენ? შეგახსენებთ: გურამ რჩეულიშვილმა პროკურატურას საპროცესო შეთანხმების პირობების შესრულების გეგმა უკვე წარუდგინა და პასუხს ელოდება. საუბარია პროექტებზე და ინვესტორთა სიაზე, რომლებიც დაზარალებულებს დააკმაყოფილებენ. წლების განმავლობაში “ცენტრ პოინტზე“ ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა ხორციელდებოდა, კომპანიისა და მისი დამფუძნებლების მთელი ქონება (შორეული ნათესავების ჩათვლით) დაყადაღებული იყო. ახლა, ყადაღის მოხსნის შემდეგ, ჩნდება რეალური შესაძლებლობა, პრობლემები მოგვარდეს, თუმცა სასამართლოსთან მორიგი აქცია გვაფიქრებინებს, რომ მავანისთვის არა დაზარალებულთა დაკმაყოფილებაა მთავარი, არამედ მათი გამოყენება ჩვენს წინააღმდეგ.


სხვათა შორის, დაზარალებულთაგან მშენებლობის სრული ღირებულება მხოლოდ 72 ოჯახს აქვს დაფარული. “ცენტრ პოინტიც“, ამ თვალსაზრისით, დაზარალებული კომპანიაა. ჩვენ ისევე არ გვაძლევს ხელს პროცესების გაჭიანურება, როგორც დაზარალებულებს. შექმნილი ვითარებიდან ორი გამოსავალია: ან ჩვენ უნდა დავაკმაყოფილოთ დაზარალებულები, ან ციხეში უნდა ვისხდეთ და ისინი “სამართლიანობის აღდგენით“ დაკმაყოფილდნენ!

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, აღიაროს საკუთარი წილი პასუხისმგებლობა და ქმედითი ღონისძიებები გაატაროს, თუკი მისთვის მართლაც დაზარალებულთა ინტერესებია უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ორი ქალის პატიმრობა“, - ნათქვამია მაია რჩეულიშვილის განცხადებაში.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები