ბიზნესი
საქართველოს ბანკი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის საგრანტო პროგრამისთვის ფერმერებს თანადაფინანსებას სთავაზობს
2021-08-10 11:43:42
საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკი ფერმერებს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესაძენად სახელმწიფო საგრანტო პროგრამაში მონაწილეობისთვის საჭირო თანადაფინანსების მიღებას სთავაზობს. გრანტზე განაცხადის გაკეთება შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, ვინც დაინტერესებულია სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენით.
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გრანტის სახით 70 000 ლარამდე თანხის მიღებაა შესაძლებელი. დარჩენილი თანამონაწილეობის თანხისთვის კი ფერმერებს აქვთ შესაძლებლობა, საქართველოს ბანკისგან მოითხოვონ შეღავათიანი აგროკრედიტი მათზე მორგებული პირობებით. სუფსიდიის მაქსიმალური ვადა 48 თვემდე პერიოდს მოიცავს. გამოცხადებულ საგრანტო პროექტებზე და თანადაფინანსების შესაძლებლობაზე მეტიინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს: https://bit.ly/2XdipAO
„ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ, ხელი შევუწყოთ აგრომიმართულების განვითარებას, წავახალისოთ სექტორში დასაქმებული მეწარმეები. ამას კი ვახორციელებთ მათ საჭიროებებსა და ინტერესებზე მორგებული პროდუქტებისა თუ სერვისების შეთავაზებით. ამჯერად იმ ფერმერებს, რომლებიც საკუთარი ბიზნესის განვითარებისთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენას საჭიროებენ, თანადაფინანსების სქემას ვთავაზობთ. ეს გულისხმობს მათთვის შესაძლებლობის მიცემას, მიიღონ მონაწილეობა სახელმწიფო საგრანტო პროგრამაში და მოიპოვონ საჭირო დაფინანსება. მიღებული თანხით კი შეიძინონ ნებისმიერი ტექნიკა, იქნება ეს ტრაქტორი, გუთანი, თუ სხვა. ვფიქრობთ, ეს შეთავაზება მათ დაეხმარება, კიდევ უფრო გააძლიერონ არსებული ბიზნესი, შექმნან ახალი სამუშაო ადგილები და საკუთარი წვლილი შეიტანონ როგორც რეგიონის, ასევე ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებაში",- განცხადა მერაბ ახვლედიანმა, საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა.
კომენტარები