2 0 : 1 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„სილქ რიალ ისთეითმა” ადგილობრივ ბაზარზე პირველი 1-წლიანი, 7 მილიონი ევროს საჯარო ობლიგაციები გამოუშვა

„სილქ რიალ ისთეითმა“, საქართველოში უძრავი ქონების  მართვის  და სტუმართმასპინძლობის ბიზნესის ერთ-ერთმა ლიდერმა კომპანიამ, საფონდო ბირჟაზე პირველი, ევროში დენომინირებული, 1-წლიანი ობლიგაციების ემისია თიბისი კაპიტალის, „გალტ & თაგარტისა“ და „სილქ ბანკის“ მხარდაჭერით განახორციელა. ამჯერად, განთავსებული ობლიგაციების საერთო ღირებულება 7 მილიონ ევროს შეადგენს.

 

სილქ რიალ ისთეითმა 2023 წლის აპრილში გამოუშვა და განათავსა 20 მილიონი აშშ დოლარის პირველი ტრანში, წლიური ფიქსირებული 9.00%-იანი კუპონით.  მეორე ტრანში - 20 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციები, 9.25%-იანი კუპონით, წარმატებით განთავსდა 2023 წლის სექტემბერში. შეთავაზებებს მაღალი დაინტერესება მოჰყვა, ადგილობრივ და უცხოელ ინვესტორებს შორის.

 

ევროში დენომინირებული ობლიგაციების წლიური საპროცენტო სარგებელი 7.0%-ს შეადგენს. ობლიგაციების გაყიდვიდან მიღებულ სახსრებს კომპანია არსებული ვალდებულებების დასაფარად გამოიყენებს.

 

ობლიგაციების საქართველოს საფონდო ბირჟაზე მესამე განთავსება კომპანიიის თანმიმდევრული განვითარების, პარტნიორებთან ნაყოფიერი თანამშომლობისა და წარმატების დასტურია.

 

მამუკა შურღაია - „სილქ რიალ ისთეითის“  აღმასრულებელი დირექტორი: „სილქ რიალ ისთეითმა“ საფონდო ბირჟაზე ობლიგაციების მორიგი ემისია განახორციელა. ეს კომპანიის პირველი, ევროში დენომინირებული 1-წლიანი ობლიგაციებია. გასულ წელს გამოშვებული ობლიგაციების ჯამურმა ოდენობამ 40 მილიონი დოლარი შეადგინა. მინდა გაწეული სამუშაოსთვის და მაღალი პროფესიონალიზმისთვის მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ წარმატების მიღწევაში.“

 

ალექსი ხოროშვილი - „სილქ ბანკის“ გენერალური დირექტორი: „მოხარულნი ვართ, რომ „გალტ & თაგარტთან“ და თიბისი კაპიტალთან ერთად კიდევ ერთხელ შევიტანეთ წვლილი „სილქ რიალ ისთეითის“ ობლიგაციების წარმატებით განთავსებაში. „სილქ ბანკი“ და „სილქ რიალ ისთეითი“ ერთი ჯგუფის წევრები არიან, ამიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ბანკის მომხმარებლებს კიდევ ერთხელ მიეცათ შესაძლებლობა, შეეძინათ „სილქ რიალ ისთეითის“, ამჯერად ევროში დენომინირებული ობლიგაციები.“

 

ქეთევან თოიძე - „გალტ & თაგარტის“ დირექტორის მოადგილე: „მოხარულები ვართ, რომ აქტიურად ვაგრძელებთ თანამშრომლობას „სილქ რიალ ისთეითთან“ და ამჯერად რიგით მესამე წარმატებული ემისია განვათავსეთ. აღსანიშნავია, რომ მოცემული გარიგება წარმოადგენს პირველ, ერთ წლიანი ვადიანობის ობლიგაციების ემისიას საქართველის კაპიტალის ბაზარზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ როგორც კომპანიებს, ასევე ინვესტორებს, მუდმივად ვთავაზობდეთ ინოვაციურ და მაქსიმალურად მათ მიზნებსა და საჭიროებებზე მორგებულ პროდუქტებს. ვიმედოვნებთ, რომ „სილქ რიალ ისთეითთან“ ერთად კაპიტალის ბაზარზე კიდევ არაერთ წარმატებულ ემისიას განვახორციელებთ.“

 

მერი ჩაჩანიძე - თიბისი კაპიტალის მართველი დირექტორი: „მოხარული ვარ, რომ „სილქ რიალ ისთეითმა“ პირველი 1-წლიანი ევროს ობლიგაციები წარმატებით განათავსა და მოკლევადიან პროდუქტებში ინვესტირებით დაინტერესებული, ახალი ტიპის ინვესტორები მოიზიდა. 2023 წელს „სილქ რიალ ისთეითის“ სადებიუტო ემისიის მხარდამჭერები ვიყავით და კომპანიას, კაპიტალის ბაზრის დახმარებით, დაფინანსების ალტერნატიული წყაროების მოძიებაში უწყვეტად ვუწყობთ ხელს. მნიშვნელოვანია, რომ ბაზარზე წარმატებით ოპერირებს უძრავი ქონების მართვისა და სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიის ერთ-ერთი წამყვანი და მსხვილი ბრენდი, რომლის წინსვლაც, არა მხოლოდ ჯგუფს, არამედ ქვეყანას ხდის კიდევ უფრო მიმზიდველს ადგილობრივი და საერთაშორისო ინვესტორებისათვის.“

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები