მსოფლიო
„თეგეტა ჰოლდინგმა“, „თიბისი კაპიტალის“ მხარდაჭერით, მორიგი ემისია წარმატებით დახურა
2024-07-05 13:11:43
· გამოცხადებული 10 მილიონი ლარის ემისიის ტრანშის ფარგლებში „თეგეტას“ 24 ინვესტორი ჰყავს.
· საერთო ჯამში, „თეგეტას“ ქართული კაპიტალის ბაზარზე მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში 200 მილიონი ლარის ობლიგაციები აქვს გამოცემული.
„თეგეტა ჰოლდინგმა“, ეროვნულ ვალუტაში განხორციელებული 30 მილიონი ლარის ემისიის ფარგლებში, 10 მილიონი ლარი განათავსა და გასული წლის დეკემბერში გამოცხადებული პროგრამა წარმატებით დაასრულა. ტრანზაქციის განთავსების ექსკლუზიური აგენტი თიბისი კაპიტალია. აღსანიშნავია, რომ ეს საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის ისტორიაში ლარში დენომინირებული, საცალო მომხმარებლებისთვის განკუთვნილი ფასიანი ქაღალდების პირველი ემისიაა.
გადაჭარბებული მოთხოვნიდან გამომდინარე, ახალი პროგრამის ფარგლებში გამოშვებული 10-მილიონიანი ტრანში გაუმჯობესებული, 13.5%-იანი საპროცენტო განაკვეთით განთავსდა. ობლიგაციონერები სარგებელს წელიწადში ორჯერ მიიღებენ. ფასიანი ქაღალდების ვადიანობა კი ორი წლით არის განსაზღვრული.
ამ უკანასკნელი ტრანშის გათვალისწინებით, საქართველოს საფონდო ბირჟაზე „თეგეტას“ მიერ ლარში დენომინირებული ფასიანი ქაღალდების მოცულობა 200 მილიონ ლარს შეადგენს.
ვახტანგ კაჭარავა, „თეგეტა ჰოლდინგის“ აღმასრულებელი ოფიცერი: „მოხარულები ვართ, რომ, ჩვენს პარტნიორ „თიბისი კაპიტალთან“ ერთად, მორიგი ემისია წარმატებით დავასრულეთ. ციფრებიც ნათლად აჩვენებს, რომ „თეგეტას“ ფასიანი ქაღალდების მიმართ ინტერესი სულ უფრო იზრდება.
ფასიანი ქაღალდების გამოშვებით მობილიზებული თანხა საშუალებას გვაძლევს, ეს რესურსი ისევ კომპანიის განვითარებას მოვახმაროთ - გავაფართოოთ ბიზნესსაქმიანობა და, ამასთანავე, შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები. მადლობას ვუხდით ჩვენს პარტნიორს „თიბისი კაპიტალს“, რომლის მხარდაჭერითაც კიდევ ერთი პროგრამა წარმატებით ჩავხურეთ“.
ინვესტორთა ბაზის მაღალ დივერსიფიკაციაზე მიუთითებს ობლიგაციონერთა რაოდენობა. დეკემბერში დაწყებული ემისიის ფარგლებში, თეგეტას ფიქსირებულგანაკვეთიანი ობლიგაციები, ჯამური 30 000 000 ლარის ოდენობით, 110-მა ფიზიკურმა პირმა შეიძინა, მათგან 80% რეზიდენტია, 20% კი - არარეზიდენტი. ჰოლდინგის ინვესტორებს შორის, არიან სადაზღვევო კომპანიებიც.
ყველა დოკუმენტი, რომლებიც პროგრამის ფარგლებში მომზადდა, საჯაროა და ხელმისაწვდომია დაინტერესებული პირებისათვის. ტრანზაქციის განთავსების ექსკლუზიური აგენტი „თიბისი კაპიტალი“ მიმდინარე პროცესს სრულად წარმართავდა.
მერი ჩაჩანიძე, „თიბისი კაპიტალის“ მმართველი დირექტორი: „მოხარული ვარ, რომ „თეგეტა ჰოლდინგმა“ საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის ისტორიაში ლარში დენომინირებული, საცალო მომხმარებლებისათვის განკუთვნილი, პირველი ობლიგაციები სწორედ „თიბისი კაპიტალის“ მხარდაჭერით განათავსა და, ჯამში, 30 მილიონი ლარის ემისია წარმატებით დახურა. აღნიშნული ემისია „თიბისი კაპიტალისა“ და „თეგეტა ჰოლდინგის“ ნაყოფიერი თანამშრომლობის კიდევ ერთი დასტურია. ლარის ობლიგაციებით, „თეგეტა ჰოლდინგთან“ ერთად, დაბანდების ალტერნატიული შესაძლებლობა შევქმენით - ფიზიკურ პირებს საშუალება მივეცით, ხარჯები და დანაზოგი ერთ ვალუტაში ჰქონდეთ და გონივრულად დაზოგონ ფინანსური სახსრები. „თიბისი კაპიტალი“, როგორც წამყვანი საინვესტიციო ბანკი, ხელს უწყობს ბაზარზე ინოვაციური ტრანზაქციების განხორციელებასა და საინვესტიციო პროდუქტების დანერგვას“.
ინფორმაციისთვის, „თეგეტა“ ადგილობრივ ფასიანი ქაღალდების ბაზარზე პირველი კომპანიაა, რომელმაც 2024 წელს დამტკიცებული მულტისავალუტო პროგრამის ფარგლებში ემისია განახორციელა. აღნიშნული პროგრამით დაგეგმილია ჯამურად 30 მილიონი ევროს ეკვივალენტი ობლიგაციების განთავსება, ხოლო პირველი 10 მილიონიანი ევროს ნომინალური მოცულობის ობლიგაციების ტრანშში ინვესტირება ახლაც შესაძლებელია.
ევროში დენომინირებული ობლიგაციების შესყიდვის მინიმალური მოცულობა 1 000 ერთეული ევროა. ინვესტორები სარგებელს 6 თვეში ერთხელ მიიღებენ და ობლიგაციების ძირი თანხა ორი წლის თავზე დაიფარება.
აღნიშნული ფასიანი ქაღალდები განკუთვნილია როგორც იურიდიული, ისე ფიზიკური პირებისათვის და მათი შეძენა, მათ შორის, რეზიდენტებისთვისაც შესაძლებელია და არარეზიდენტებისთვისაც.
დღეისათვის „თეგეტა ჰოლდინგს“ საქართველოს საფონდო ბირჟის A ლისტინგში განთავსებული აქვს 350 მილიონ ლარამდე ეკვივალენტის ღირებულების ფასიანი ქაღალდები. ძირითადი ინვესტორები არიან როგორც საფინანსო ორგანიზაციები, კერძო კომპანიები, საპენსიო სააგენტო, ფიზიკური რეზიდენტი და არარეზიდენეტი პირები, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი ADB. თეგეტა პირველი კომპანიაა რეგიონის საავტომობილო ინდუსტრიაში, რომელმაც მწვანე ობლიგაციები წარმატებით განათავსა. ემისიის ფარგლებში კომპანიამ ეკოლოგიურად სუფთა სატრანსპორტო სეგმენტისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარების ვალდებულება აიღო. პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და დათქმულ ვადაში დასრულდება.
--
თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
--
გადაწყვეტილების მიღებისას, ყველა ინვესტორი უნდა დაეყრდნოს საკუთარ ანალიზს შემოთავაზებულ პირობებთან, სარგებელსა და რისკებთან მიმართებაში და განსაზღვროს შეთავაზების მიღების ან უარყოფის მიზანშეწონილობა საკუთარი ბიზნეს ინტერესების გათვალისწინებით.
ფინანსურ ინსტრუმენტებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინვესტიცია არის რისკის შემცველი. გთხოვთ, დამატებით გაითვალისწინოთ, რომ ნებისმიერი კომპანიის ან/და ფინანსური ინსტრუმენტის წარსული შედეგები, ეფექტურობა ან მიღწევები შესაძლოა მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს სამომავლო შედეგებისგან, ეფექტურობისგან ან მიღწევებისაგან. შესაბამისად, ინვესტიციის განხორციელებამდე ნებისმიერ პოტენციურ ინვესტორს მოეთხოვება ჩაატაროს დამოუკიდებელი კვლევა და დეტალურად შეაფასოს პროსპექტი ან/და მასთან დაკავშირებული მასალები. ნებისმიერი გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნას პოტენციური ინვესტორის პირადი შეხედულებითა და დისკრეციით, მისი საინვესტიციო მიზნებიდან და ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე.
კომენტარები