მსოფლიო
ხატია დეკანოიძე - ძალიან შემაშფოთებელია, რომ უკრაინა-საქართველოს ურთიერთობები ძალიან დაბალ ნიშნულზეა
2023-07-05 13:26:10
იმისათვის, რომ პოლიტიკური ეგზეკუცია დასრულდეს, აუცილებელია ივანიშვილის ხელისუფლების შეცვლა, ამიტომ მე არ ველოდები, რომ საქართველოს ხელისუფლება გამოიჩენს კეთილგონიერებას, - ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის, „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
დეკანოიძე გამოეხმაურა ზელენსკის გადაწყვეტილებას, რომელმაც უკრაინაში საქართველოს ელჩს, მიხეილ სააკაშვილის საკითხზე კიევის დატოვება და თბილისთან კონსულტაციების გამართვა ურჩია. როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, უკრაინის პრეზიდენტი საკუთარ მოქალაქეზე ზრუნავს და უკრაინასთან ურთიერთობების დაზიანებაზე პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ ეკისრება.
„ძალიან მძიმე ვითარებაა, როცა საქართველო- უკრაინის ურთიერთობები ყველაზე დაბალ ნიშნულზეა, რაც ასევე აზიანებს ჩვენი ქვეყნის მომავალს ევროატლანტიკური კუთხით. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პრეზიდენტი ზელენსკი იცავს საკუთარ მოქალაქეს. კარგი იქნებოდა, საქართველოს ხელისუფლებას გადაედგა ჰუმანური ნაბიჯი, რაც გააუმჯობესებდა ასევე, პარტნიორებთან და უკრაინასთან ურთიერთობას. ჩემი პოზიცია იცით - იმისათვის, რომ პოლიტიკური ეგზეკუცია დასრულდეს, აუცილებელია ივანიშვილის ხელისუფლების შეცვლა, ამიტომ მე არ ველოდები, რომ საქართველოს ხელისუფლება გამოიჩენს კეთილგონიერებას და შეეცდება უკრაინასთან ურთიერთობების გაუმჯობესებას.
ჩემთვის, როგორც ადამიანისთვის ძალიან შემაშფოთებელია, რომ უკრაინა- საქართველოს ურთიერთობები არის ძალიან დაბალ ნიშნულზე. თუმცა, არ უნდა დაგავიწყდეს, რომ ძალიან ბევრი ქართველი იბრძვის უკრაინაში და საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი არის პროუკრაინულად განწყობილი“, - განაცხადა დეკანოიძემ.
კომენტარები