პოლიტიკა
ანგარიში: ევროპის მედიაწიგნიერების ინდექსში საქართველო ბოლო ადგილზეა
2022-11-01 13:27:50
2022 წლის მედიაწიგნიერების ინდექსში საქართველო ევროპაში ბოლო ადგილზეა. მედიაწიგნიერების ინდექსი „ევროპული პოლიტიკის ინიციატივისა“ (EuPI) და „ღია საზოგადოების ინსტიტუტი – სოფიას“ მიერაა შედგენილი და ევროპის 41 ქვეყანაში ყალბი ამბების მიმართ მდგრადობის პოტენციალს აფასებს.
ანგარიშში პირველ ადგილზე ფინეთია, მეორეზე ნორვეგია, მესამეზე დანია, მას მოჰყვებიან ესტონეთი, შვედეთი და ირლანდია.
ანგარიშის თანახმად, ჩამოთვლილ ქვეყნებს აქვთ უმაღლესი პოტენციალი, „გაუძლონ ყალბი ამბების და დეზინფორმაციის უარყოფით გავლენას განათლების ხარისხის, თავისუფალი მედიისა და ხალხის მაღალი ნდობის გამო.“
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ბოლო ადგილებზე გასულ ქვეყნებს აქვთ დაბალი პოტენციალი, გაუმკლავდნენ ყალბი ამბებისა და დეზინფორმაციის შედეგებს, ძირითადად მედიის თავისუფლებისა და განათლების სფეროში არასაკმარისი მუშაობის გამო.
41 ქვეყანას შორის საქართველოსთან ერთად ბოლო ხუთეულშია ჩრდილოეთ მაკედონია, კოსოვო, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ალბანეთი. უკრაინა 29-ე ადგილს იკავებს, მოლდოვა – 34-ე ადგილზეა, თურქეთი – 36-ეზე.
მოხსენების ავტორის, მარინ ლესენსკის თქმით, შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ საზოგადოებებს, რომლებიც ყველაზე დაუცველია ყალბი ამბების გავლენის მიმართ, ამავე დროს ყველაზე ნაკლებად წუხს დეზინფორმაციის გავრცელებასა და გავლენაზე.
„ეს ზრდის ასეთ ქვეყნებში დეზინფორმაციასთან დაკავშირებულ რისკებს, განსაკუთრებით უკრაინის ომის კონტექსტში, რადგან საზოგადოების ნაწილი ვერ აცნობიერებს ან უბრალოდ უგულებელყოფს საკუთარ დაუცველობას“, – თქვა მარინ ლესენსკიმ.
როგორც ავტორები ამბობენ, ანგარიში შედგენილია მედიის თავისუფლების, განათლებისა და ხალხში ნდობის ინდიკატორების გამოყენებით. ამ მაჩვენებლებს შორის ყველაზე მეტი მნიშვნელობა ენიჭება მედიის თავისუფლებასა (Freedom House და რეპორტიორები საზღვრებს გარეშე) და განათლებას (PISA).
კომენტარები