2 0 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„ქართულმა ოცნებამ“ ასოცირების შეთანხმების ხელმოწერიდან 8 წლის განმავლობაში სამი ძირითადი შედეგის – თავისუფალი ვაჭრობის, უვიზო რეჟიმისა და ევროპული პერსპექტივის მიღწევა მოახერხა–ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერიდან 8 წლის განმავლობაში სამი ძირითადი შედეგის – თავისუფალი ვაჭრობის, უვიზო რეჟიმისა და ევროპული პერსპექტივის მიღწევა მოახერხა.

როგორც ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სჯერა, რომ ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსსაც მალე მიიღებს.

„დღეს საიუბილეო თარიღია – 8 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ხელი მოვაწერეთ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას. ეს არის მართლაც ისტორიული თარიღი, როდესაც ქვეყანა ევროკავშირის ასოცირებული წევრი გახდა. რეალურად მაშინ დაიწყო ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. 8 წლის წინ მე მქონდა პატივი, ხელი მომეწერა ამ შეთანხმებაზე. მინდა გამოვყო რამდენიმე ხელშესახები შედეგი, რომელიც ქვეყანამ მიიღო: პირველ რიგში, ეს არის თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან. ამის შემდეგ დადებითი დინამიკა გვაქვს – ევროკავშირში ვაჭრობა იზრდება და ჩვენს მეწარმეებს საკუთარი პროდუქცია გააქვთ ევროკავშირში, ყოველგვარი ბარიერის გარეშე.

მეორე მთავარი მიღწევა არის უვიზო რეჟიმი, ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქე ქართული პასპორტით გადაადგილდება უვიზოდ ევროკავშირის ქვეყნებში, რაც ასევე ძალიან ხელშესახები შედეგია.

მესამე – ახლა უკვე ევროპელი ლიდერების მიერ აღიარებული ჩვენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივა ანუ მათი გაცხადებული დაპირება, რომ ქვეყანა გახდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფო.

სამი ძირითადი მონაპოვარი სულ რაღაც 8 წლის განმავლობაში მოახერხა „ქართულმა ოცნებამ“. მინდა, მოსახლეობას შევახსენო, რომ ასოცირების შეთანხმების პროცესი გაჭიანურებული იყო წინა ხელისუფლების დროს. 3 წლის დაგვიანებით დაიწყო ქვეყანამ მოლაპარაკების პროცესი. აღარაფერს ვამბობ უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით, რომელიც თავიდან ბოლომდე ჩვენი ხელისუფლების დამსახურებაა. ჩვენ დავიწყეთ ასოცირების შეთანხმების ხელმოწერით, შემდეგ იყო თავისუფალი ვაჭრობის მოპოვება და უვიზო რეჟიმის მიღება, ახლა უკვე ევროპული პერსპექტივის მოპოვება. მჯერა, ძალიან მალე, მივიღებთ კანდიდატის სტატუსსაც და გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის წინსვლას. ეს არის რეალური, რაც ქვეყანამ ჩვენი მმართველობის ქვეშ შეძლო“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გარდა ამისა, პრემიერმა დაასახელა ის პროგრამები, რომელშიც საქართველო ევროკავშირში ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებშია ჩართული და ასევე, აღნიშნა, რომ ქვეყანამ ევრორეგულაციების დაახლოებით 45% უკვე შეასრულა.

„კონსტიტუციაში ჩვენი ქვეყნის საგარეო კურსის განსაზღვრების ჩაწერა ჩვენი პარტიის ინიციატივა იყო. კონსტიტუციის დონეზე განისაზღვრა, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი არის სწორედ ევროატლანტიკური, ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდის დამსახურებაა.

ძირითადი მიღწევების გარდა, ევრორეგულაციების დაახლოებით 45%-ია შესრულებული, DCFTA-ის [ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება] ნაწილში უკვე 50%-ზე მეტი გვაქვს შესრულებული. ასევე, განხორციელდა უმნიშვნელოვანესი რეფორმები ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ადამიანის უფლებები; პენიტენციური სისტემა; განათლება; მეცნიერება; ინოვაციები; სოფლის მეურნეობა; ტრანსპორტი; საჯარო სამსახურის რეფორმა; ენერგეტიკა; რეგიონული განვითარება. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ მიერ ასოცირების ხელმოწერით დამატებითი იმპულსი მიეცა ქვეყანას ევროკავშირის ჩარჩო პროგრამებში მონაწილეობის. ესენია – ERASMUS +; „ჰორიზონტი 2020“; „შემოქმედებითი ევროპა“; Frontex; Eurojust – ყველაფერი ეს არის ის, რაც ქვეყანამ ამ მოკლე დროში მოახერხა და მიიღო.

ERASMUS-ის პროგრამაში მონაწილეობის მხრივ საქართველო იკავებს მე-6 ადგილს პროგრამაში მონაწილე 141 ქვეყანას შორის. ეს არის რეალური ინტეგრაცია ევროპასთან და ხელშესახები შედეგები“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები