მსოფლიო
სოფლის მეურნეობის სამინისტრო ქვეყანაში ხორბლის ამოწურვის მიზეზზე განცხადებას ავრცელებს
2022-05-13 19:09:50
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროი ინფორმაციით – ქვეყანაში ხორბლის იმპორტი, დიდწილად, ფქვილის იმპორტმა ჩაანაცვლა.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ქვეყანაში ხორბლის ფქვილის დეფიციტის შექმნის საფუძველი არ არსებობს.
“იაფი ფქვილის მარაგების ფონზე, ავტომატურად შემცირებულია ხორბლის იმპორტი და ხორბლის მარაგები. ქვეყანაში ხორბლის ფქვილის დეფიციტის შექმნის საფუძველი არ არსებობს. მარაგი დღეისათვის გვაქვს საკმარისზე მეტი, თუმცა გვაქვს ფქვილის და არა ხორბლის სახით.
დაახლოებით თვენახევარ, ორ თვეში დაიწყება ხორბლის ადგილობრივი მოსავლის აღება. ივლისი-აგვისტო მსოფლიოში მარცვლეული კულტურების ახალი მოსავლის მიღების სეზონია. ახალი მოსავალი ახალი საფასო პოლიტიკის შემუშავებას განაპირობებს. დღეისათვის, ხორბლის ფასები მკვეთრადაა გაზრდილი, პრაქტიკულად გაორმაგებულია.
იმედი გვაქვს, რომ ფასების კლების ტენდენცია დაიწყება. შესაბამისად, უკვე ამ პერიოდისთვის, საქართველოს მთავრობა შექმნილი ვითარების შესაბამისად იმოქმედებს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში შეგახსენებთ, რომ “საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორის, ლევან სილაგავას განცხადებით, ქვეყანაში ხორბლის მარაგი ამოწურულია და უახლოეს დღეებში ყველა წისქვილი გაჩერდება. დღეს ქვეყანაში მხოლოდ ფქვილი შემოდის, ხორბალი კი შეკვეთილიც არაა. აღნიშნულის მიზეზი, სილაგავას განმარტებით ისაა, რომ ფქვილზე საიმპორტო გადასახადი არ არის, ხორბალზე კი მცურავი ბაჟი მოქმედებს.
კომენტარები