პოლიტიკა
"არსებობს სამი ძირითადი შიდა ფრონტი, სადაც ოცნებას დისკომფორტი უნდა შევუქმნათ, რათა მივაღწიოთ პოლიტიკური დევნის შეწყვეტას და რიგგარეშე არჩევნებს: ქუჩა, პარლამენტი, საკრებულოები" - გიორგი კაპანაძე
2022-03-22 21:02:20
“საქართველო დღეს ჰგავს ხალხით სავსე მოძრავ მატარებელს მემანქანის გარეშე... არ ვიცით როდის რა მოხდება. აუცილებელია ცვლილებები რომ მას შესაბამისი უნარების მქონე პროფესიონალი მართავდეს, რათა სწრაფად და უსაფრთხოდ მივიდეთ ევროპულ ოჯახამდე და არ დავბრუნდეთ უკან, რუსეთში - დეპოში”, - ამბობს ინტერნეტ მედია ჯგუფის დამფუძნებელი და მაჟორიტარი დეპუტატობის ყოფილი კანდიდატი მთავარი ოპოზიციური პარტიიდან, გიორგი კაპანაძე.
“აიტივი”: რისი მანიშნებელია ის რომ ზელენსკის, საქართველოს პარლამენტმა მიმართვაზე უარი უთხრა?
გიორგი კაპანაძე: საქართველოს გარდა, ალბათ, სულ რამდენიმე ქვეყნის პარლამენტი იქნება მსოფლიოში, რომელიც ზელენსკის, დღეს, მიმართვაზე უარს ეტყვის.
წარმოიდგინეთ, უკრაინის პრეზიდენტს ტაში დაუკრეს და ფეხზე წამოუდგნენ ევროპარლამენტში, პოლონეთის, იტალიის, ინგლისის, ამერიკის საკანონმდებლო ორგანოში...
ხოლო ჩვენ არც მოვუსმინეთ... ეს იყო უკიდურესად არამეგობრული ნაბიჯი, რომლის გამოსწორებასაც წლები დასჭირდება.
ამავე დროს, ეს იყო ძლიერი სიგნალი პუტინისთვის რომ საქართველოს ხელისუფლება ბოლომდე არ დგას უკრაინის გვერდით.
თუმცა, ლოგიკურია ის რომ პოლიტიკური ძალა, რომლისთვისაც მზე ჩრდილოეთიდან ამოდის, უარს ამბობს მსოფლიო მშვიდობისათვის გმირულად მებრძოლი პრეზიდენტის მოსმენაზე.
- ბოლო დღეებში სოციალურ ქსელში განიხილავენ ე.წ. ნეიტრალიტეტის თემას. რამდენად მიზანშეწონილია ეს?
- ნეიტრალიტეტი ნიშნავს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაკარგვას. პუტინს არ სჭირდება მიზეზები ომის დასაწყებად. ის, ყოველგვარი ლეგალური მიზეზის გარეშე იწყებს ომს და ხოცავს მშვიდობიან მოქალაქეებს უკრაინაში და ყველგან, სადაც გასდის... თუმცა, ამჯერად, პუტინი ბოლომდე მარცხდება.
საქართველოს პირობებში კი, ნეიტრალიტეტი იქნება ჯერ ქვეყნის ტერმინალურ მდგომარეობაში გადაყვანა, შემდეგ პოლიტიკური ევთანაზია და ბოლოს, ახალი “გეორგიევსკის ტრაქტატი”, თავისი შედეგებით. ამიტომ, ამ თემის წამოწევა უკიდურესად სახიფათოა და მას პერსპექტივა არ აქვს.
- რამდენად ძლიერია ოპოზიცია დღეს?
- ვერ ვიტყოდი რომ დღეს საუკეთესო ფორმაში ვართ. პრეზიდენტი ციხეში, ქვეყანა ჭაობში, ხალხი სიღარიბეში, მავნებლები ხელისუფლებაში…
სინამდვილეში, ოცნება ძალიან სუსტია, მაგრამ ჩვენ არ ვართ სათანადოდ ძლიერები და ამას თავისი მიზეზები აქვს...
კერძოდ: ერთერთი ასეთი მიზეზი, რომლის გამოც სათანადოდ ძლიერები არ ვართ და შესაბამისად, არ გვყოფნის ოცნების შეცვლის რესურსი, არის ის რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ტყვეობაშია, რომელიც რეგიონალური მასშტაბის ლიდერია და რომელსაც ნამდვილად შეუძლია პოზიტიური ცვლილებების მოტანა საქართველოსთვის.
სამწუხაროდ, მიშას ტყვეობიდან გამოხსნა, ჯერჯერობით, ვერ შევძელით, რის გამოც, ხალხში იმედგაცრუება იმატებს...
პრობლემის გადასაჭრელად ჯერ მისი დიაგნოსტირებაა მთავარი. თუ არ გვეცოდინება დიაგნოზი, ვერ დავძლევთ პრობლემას. ამიტომაც არის აუცილებელი რეალობისთვის თვალის გასწორება.
- რა არის გამოსავალი?
- საქართველო დღეს ჰგავს ხალხით სავსე მოძრავ მატარებელს მემანქანის გარეშე... არ ვიცით როდის რა მოხდება. აუცილებელია ცვლილებები რომ მას შესაბამისი უნარების მქონე პროფესიონალი მართავდეს, რათა სწრაფად და უსაფრთხოდ მივიდეთ ევროპულ ოჯახამდე და არ დავბრუნდეთ უკან, რუსეთში - დეპოში.
თუმცა, გამოსავალი ყოველთვის მოიძებნება. კრიტიკულ სიტუაციაშიც კი. აგერ, გაზაფხულიც მოვიდა და დროა, გავაქტიურდეთ ყველა მიმართულებით.
ზოგადად, არსებობს სამი ძირითადი შიდა ფრონტი, სადაც ოცნებას დისკომფორტი უნდა შევუქმნათ, რათა მივაღწიოთ დანიშნულების ადგილს, პოლიტიკური დევნის შეწყვეტას, პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლებას და რიგგარეშე არჩევნებს. ესენია: ქუჩა, პარლამენტი და საკრებულოები.
მჯერა რომ თუ მოვინდომებთ, ერთმანეთს მოვუსმენთ და მიზანს დავისახავთ, გამოგვივა.
კომენტარები