მსოფლიო
მოქალაქეებს ვაცნობებთ, რომ უბედური შემთხვევა ვაქცინას არ გამოუწვევია – ტიკარაძე 27 წლის მედდაზე
2021-03-26 12:10:55
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საზოგადოებას დაარწმუნებენ, რომ 27 წლის მედდის გარდაცვალების მიზეზი ვაქცინა არ ყოფილა.
“დარწმუნებული ვარ, საქართველოში მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ გაეცემა ყველა კითხვას პასუხი, რომელიც, რა თქმა უნდა, როგორც რეგულირების სააგენტოს, ასევე ჯანდაცვის სამინისტროსაც გააჩნია. ის ღრმა კვლევა, რომელიც მიმდინარეობს სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან ერთად მოგვცემს იმის საშუალებას, რომ მოქალაქეებს დარწმუნებით ვაცნობოთ იმის შესახებ, რომ ამ უბედური შემთხვევის გამომწვევი არ ყოფილა ვაქცინა და ჩვენ მოქალაქეების ნდობა „ასტრაზენეკას“ მიმართ მნიშვნელოვნად გაიზრდება და ვაქცინაციის პროცესი ჩვეულ რიტმში აღდგება“, – თქვა ტიკარაძემ.
ცნობისთვის, 27 წლის ახალციხელ მედდას, მეგი ბაქრაძეს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა და გარდაიცვალა.
მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
კომენტარები